მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) რვა წევრს, რომლებიც ტელეკომპანია „კავკასიაში“ ორი წლის მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიენიჭა. მათ ეს სტატუსი პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დადგენილებით მიანიჭეს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მათ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის რვავე წევრისთვის სტატუსის მისანიჭებლად სამუშაო ჯგუფს უკვე მიმართეს.
როგორც ნაზი ჯანეზაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, ამ საქმეში ძალიან ბევრი უზუსტობაა. სწორედ ამიტომ თავის დროზე მანანა კობახიძემ, როგორც ამავე ორგანიზაციის ადვოკატმა, ეს საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარადგინა. საქმე ეხება ადამაინის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევას (რაც თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას გულისხმობს) და მე-6 მუხლის დარღვევას (რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას ნიშნავს).
თავის მხრივ, ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ვერაფერს ამბობს ამ ახალგაზრდების პოლიტპატიმრებად ცნობასთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრთა სასჯელი არაადეკვატურად დიდია და იმ ახალგაზრდების უმეტესობა არ არის დამნაშავე იმაში, რაშიც მათ ბრალი ედებათ. კერძოდ, ოთხწლიანი მუხლი აქვს მისჯილი ადამიანს, რომელიც გაუნძრევლად იჯდა სტუდიაში.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ამ ახალგაზრდების სარეაბილიტაციო საკითხებზე პარლამენტი უკვე მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას.
„ზოგადად, საქმე აბსურდულ საკითხებზეა აგებული და სამართლებივი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. რა იყო იმის მიზეზი, რომ ხელისუფლება ამ ბიჭების მოცილებით იყო დაინტერესებული, ვერ გეტყვით, რადგან საქმის მასალებიდან ეს არ იკვეთება. თუმცა ფაქტია, რომ გარკვეული მოტივაცია არსებობდა, რადგან საქმის ასეთი ხარისხით წარდგენა სასამართლოში და ასეთი განაჩენის დადგენა ეჭვს ბადებს. სამართლებრივად საქმე სრულ აბსურდზე იყო აგებული და ეს ბიჭები ტყუილ-უბრალოდ არიან დაჭერილები“, - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა და განმარტა, რომ არასამთავრობოთა ნაწილს ტყუილად აბრალებენ, თითქოს მათ დაბლოკეს რომელიმე ეს საკითხი.
უბრალოდ, მათი მიზანი იყო, კონკრეტული საკითხების განხილვისას ჯგუფის წევრებს უფრო მეტი არგუმენტი დაედოთ. გასაგებია, რომ ეს დროში იწელებოდა, მაგრამ შეიძლებოდა სამუშაოს ისე გადანაწილება, რომ მეტი პასუხისმგებლობა აეღოთ და დღე და ღამე ემუშავათ ამ საკითხებზე.
„კონკრეტული საქმეების დაბლოკვაზე საუბარი მცდარი ინფორმაციაა. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ამ საქმეს არც დავაყენებდით. პოლიტიკური პატიმრის სტატუსი ამ ადამიანებისთვის მხოლოდ სარეაბილიტაციო საშუალება ვერ იქნება. ამით სახელმწიფო ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას. პირადად მე დავაყენე საკითხი, რომ მათთვის სარეაბილიტაციო საკითხზეც იმსჯელოს პარლამენტმა, რადგან არიან პატიმრები, რომლებმაც სასჯელი უკვე მოიხადეს, რასაც, სინამდვილეში, არ იმსახურებდნენ“.
ნაზი ჯანეზაშვილი თქმით, გასაგებია, რომ ახლა უფრო საჩქაროა ციხეში მყოფი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ უკვე გათავისუფლებულებისა და სახელმწიფოს მიერ ტყუილად ან გარკვეული მოტივაციით დასჯილ ადამიანებზეც გარკვეული ღონისძიება უნდა გატარდეს. ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, ეს, პირველ რიგში, ფინანსურ კომპენსაციას გულისხმობს, ან დასაქმებაში ხელშეწყობას. მართალია, საქართველოს კანონმდებლობა პოლიტპატიმრის დეფინიციას არ იცნობს, მაგრამ პოლიტპატიმრის სტატუსი უფრო საერთაშორისო დოკუმენტებშია მიღებული.
მართლმადიდებელი ბიჭების ინტერესების დამცველი ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე პოლიტპატიმრის სტატუსთან დაკავშირებით For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რვავე ახალგაზრდის საქმე უკვე შესწავლილი იყო არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, დეტალურად იყო საქმის მასალები წარდგენილი და სრულიად ნათელი იყო, რამდენად უმართებულოდ ჩატარდა სასამართლო პროცესი.
როგორც ბესარიონ ქარცივაძე აღნიშნავს, უმართებულო გახლდათ წარდგენილი ბრალი, რაც 4 წლითა და 6 თვით სასჯელს იმ ქმედებისთვის ითვალისწინებდა, რომელიც არცერთ მათგანს არ ჩაუდენია. ადვოკატის თქმით, სამართლიანი სასამართლო რომ ყოფილიყო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა. თუმცა თავის დროზე სასამართლო ვერ გაექცა ბრალდების მხარის, პროკურორების მოწადინებას, რაც არარსებულ დანაშაულზე ახალგაზრდობის დასჯას გულისხმობდა.
„ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაში ეს ბიჭები არაფერს შუაში არ ყოფილან. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის კლასიკური მაგალითები აშკარა იყო. ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა რაიონში ამომრჩევლებთან შეხვდრისას „ქართული ოცნების“ კანდიდატებს როგორ დასდევდნენ გარკვეული ორგანიზაციები, ვითომ ჟურნალისტებად წარმოდგენილი პირები, და როგორ უშლიდნენ ხელს ჟურნალისტთა კორპუსს, რომლებსაც ოფიციალური აკრედიტაცია ჰქონდათ. მართლმადიდებელი ახალგაზრდები კი მათი მრწამსის, მორალის, ზნეობისა და სახელმწიფოებრივი მიდგომის გათვალისწინებით გაიმეტეს“, - აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, მისთვის მძიმე დღე იყო, როდესაც ამ ბიჭებისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო და, როცა საბოლოო ვარიაციები თანხმდებოდა. ამისთვის მან, როგორც ადვოკატმა, კიდევ ერთხელ წარადგინა კომისიაში ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი რეალობის ამსახველი მასალები, რათა მათი საქმეები ობიექტურად შეესწავლათ. ყველაფერ ამის ფონზე კი ადვოკატისთვის გაუგებარი იყო ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის აზრი, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე ეს იყო შინაურული სიები, სადაც თავმოყრილი ყოფილან კრიმინალები, რომლებმაც თურმე შეჭრა განახორციელეს.
ბესარიონ ქარცივაძის აზრით, თავის დროზე ბატონ საყვარელიძეს აღნიშნული საქმე სიღრმისეულად რომ შეესწავლა, აქამდე არ მივიდოდა და თუნდაც ამ რვა ახალგაზრდის სახით პოლიტპატიმრის სამარცხვინო ლაქა არ ექნებოდათ.
ამასთან, იგი ეკა ბესელიასა და ყველა იმ პირის მოწადინებაზე საუბრობს, რომლებმაც სამართლიანი ხედვით შეისწავლეს ამ საქმის ტომები.
„მივესალმები საიას ადვოკატებს, მინახავს პროცესებზე მათი ადვოკატობა და მათი უმწიკვლო რეპუტაცია, თუმცა ჩემთვის მაინც გაუგებარი და ცოტა წარმოუდგენელიც იყო, გარკვეული არასამთავრობოებისგან რატომ იბლოკებოდა ამ ბიჭების პოლიტპატიმრებად აღიარების სტატუსი. ვფიქრობ, ასე არ მოხდებოდა, თუ ადამიანი საკუთარ ისტორიულ ფესვებს დაუბრუნდებოდა და საკუთარი ქვეყნის ისტორიას ცოტა გააზრებულად შეხედავდა. ამ ფაქტს არა მარტო თანამედროვეობიდან უნდა შევხედოთ, არამედ მომავალი თაობის გადმოსახედიდანაც. რა გააკეთე იმისთვის, როცა ზნეობის, მორალის, სიწმინდის და ამაღლებული სულისთვის სხვების გვემა დაინახე, როგორც პროტესტის ნიშანი ან საპროტესტო რეალობა?! ამ არასამთავრობოებს ეს ბიჭები ხომ არ უნახავთ, არ დაუნახავთ მათი შემართება და ლაღი ბუნება, მათ ხომ არ უნახავთ მათი სევდიანი თვალები, როდესაც მათ სჯიდნენ იმისთვის, რაც ყველა ჩვენგანისთვის საამაყო და საფიცარია. იქნებ, ამ ბიჭებმა ყველაზე დიდი ტვირთი, ყველა ჩვენგანის ტვირთი იტვირთეს?!“ - აცხადებს ბესარიონ ქარცივაძე.
მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს რელიგიურ პატიმრებად იმ ნონსენსის გამო ვერ მოვიხსენიებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში რელიგიური სტატუსით პირის დაკავება არ არსებობს. ამიტომაც, იგი, როგორც მათი ადვოკატი, ამ ახალგაზრდებს თავიდანვე სინდისის, ზნეობის, მორალის პატიმრებად მოიხსენიებდა.
მისი თქმით, ჩვენდა სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, ეს დეფინიცია საქართველოში არ არსებობს, რაც 21-ე საუკუნემდე მოღწეული ქრისტიანული საქართველოსთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა.
„საქართველოში, ტრადიციული რელიგიის ქვეყანაში, რელიგიის პატიმრები უნდა გაჩნდეს?! ჩვენ ხომ გუშინდელი დღიდან არ მოვდივართ. დრომ აჩვენა, რომ ეს ბიჭები შეუვალნი არიან. ზუსტად ვიცი, რომ ამ რამდენიმე დღის წინ რვავე მათგანს ციხის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის შეწყალების თაობაზე შეთავაზება წარუდგინა. თუმცა რვავემ უარი თქვა. ეს პრეზიდენტისადმი უპატივცემულობა კი არ არის, არამედ იმ სიმტკიცის დაფიქსირებაა, რაც ერის ზნეობას სჭირდება. ამ ახალგაზრდებისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება შერიგების ნაბიჯია იმ გაუგებრობას შორის, რასაც არასამთავრობოებსა თუ სამთავრობოებს შორის აზრთა ჭიდილი ერქვა. ვფიქრობ, შინაგანად ყველას გაუხარდება ამ ბიჭების გარეთ ყოფნა. მე ვიცი, რომ ისინი ახალ წელს სახლში იქნებიან, თუმცა ძალიან გამიხარდება, თუ 23-ში, გიორგობას ერთად ვიზეიმოთ. არა მგონია, ამას რამემ ხელი შეუშალოს. სანამ მე ამ ბიჭებს ციხის ზღურბლს აქეთ არ ვნახავ და თითოეულ მათგანს მხარზე ქართული ტრადიციული წესით არ ვეამბორები, ვერაფერს ვიტყვი“, - აღნიშნა ბესარიონ ქარცივაძემ.