თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ყოველი მორიგი ინტერვიუს შემდეგ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, ვიდრე პასუხი. ასე არ ფიქრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელმაც თემირლანის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა, აცხადებს, რომ მისთვის მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია და ის გენპროკურატურის დასკვნას ეთანხმება.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ აჰმედ ჩატაევმა პირველი, რაც გააკეთა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ეს თემირლანთან განხორციელებული ზარი იყო, რის შემდეგაც თემირლანმა მამამისს დაურეკა.
თემირლანის მამა - მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სუს-მა ძალიან კარგად იცის, თემირლანის ნომრით ვინ სარგებლობდა, ის მათი მოკავშირეა და დღეს ციხეში იხდის სასჯელს. „თუ ზარი განხორციელდა, რატომ არ არის ხმოვანი ჩანაწერი?“ - აინტერესებს დაღუპული ახალგაზრდის მამას.
ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილი ირწმუნება, რომ ჩატაევს ჰყავდა სუს-ში მოკავშირეები, თანამდებობის პირები მისი მოკავშირეები იყვნენ და, როცა ასეთი საძმო ჰყავდა ჩატაევს თბილისში, მაშინ თემირლანს, ანუ ბავშვს რატომ დაურეკავდა? მალხაზ მაჩალიკაშვილს კითხვები უჩნდება იმის შესახებაც, თუ თემირლანი მამას, ანუ მას დაუკავშირდა, მაშინ მალხაზ მაჩალიკაშვილი თავად უნდა ყოფილიყო „პარადის“ წამყვანი, სალოსის ქუჩაზეც ბინა მას უნდა დაექირავებინა, იარაღთან კავშირიც ჰქონოდა და ერთი წამით მაინც უნდა აღმოჩენილიყო სალოსის მიმდებარე ტერიტორიაზე.
არასამთავრობოები ამბობენ, რომ საქმის მასალებში არ ჩანს, აღნიშნული ტელეფონით სარგებლობდა თუ არა თემირლანი. მართალია, ტელეფონის ნომერი თემირლანის სახელზე იყო გაფორმებული, მაგრამ, სავარაუდოდ, ტელეფონს სხვა იყენებდა.
არასამთავრობოებს კითხვები უჩნდებათ იმასთან დაკავშირებითაც, რატომ არ არსებობდა სპეცოპერაციის გეგმა და სხვაგან რატომ არ განხორციელდა ეჭვმიტანილთა აყვანა, რაც ყოველგვარ მსხვერპლს გამორიცხავდა?!
რატომ ჩნდება საზოგადოებაში უამრავი კითხვა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ საქმეს ნათელი მოჰფინოს?
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. საზოგადოებრივი აზრის გავლენით, საქმეში ჩაუხედავი ადამიანების, დაჯგუფებისა და პოლიტიკური სიტუაციის არევის შიშით საქართველოში მოიშალა სამართალაღსრულების სისტემა. თუ ამ ტრენდს ვერ მოვერევით, მაშინ საქართველოში არასდროს არ იქნება წესრიგი.
„ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დანაშაულზე იძახის, რომ იგი არ არის დამნაშავე და ამ „უდანაშაულობაში“ მას მხარს უჭერს რამდენიმე ადვოკატი, ხუთი ჟურნალისტი. ჩვენ ვხედავთ სრულიად უსინდისო მანიპულაციას ადვოკატების მხრიდან, რაც ყოველგვარ ზღვარს გადადის. საკითხი დგას ასე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი იყო ჩატაევის დაჯგუფების მხარდამჭერი?! თუ ეს შეესაბამება სიმართლეს, საკითხი დიდი ხნის წინ დახურული უნდა იყოს, ან ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ, რომ არ ვიზიარებთ ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და ჩვენთან სხვა წესებია. რას ნიშნავს, სხვა ადგილას აეყვანათ თემირლანი? ვინ იცის, იქ რა სპეციფიკა იყო და რა ხდებოდა? რატომ ავიწყდებათ, რომ თურმე ყოფილა ხელმოწერა ხელყუმბარის დაბრუნებაზე, რომელზეც მალხაზ მაჩალიკაშვილს ჰქონია ხელი მოწერილი? თუ ეს ფაქტი ასე იყო და ხელყუმბარის თაობაზე მოაწერა ხელი მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ეს მარტივი საქმე არ ყოფილა.
თუკი თემირლანს მართლაც ხელყუმბარა ჰქონდა და ღამით სპეცრაზმის შევარდნისას მოასწრო ლოგინში ხელყუმბარის აღება, მაშინ სხვაგან როგორ უნდა აეყვანათ? მაშინ ითქვას, რომ ხელმოწერაც ტყუილია, გავაუქმოთ მტკიცებულებათა ტვირთიც, ნივთმტკიცებებიც და მივანიჭოთ ეს ტვირთი სახალხო დამცველს, „რუსთავი 2“-ს, „მთავარს“, ნიკა გვარამიას და ელისო კილაძეს“,-აცხადებს სოსო მანჯავიძე.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე იხსენებს, რა პერიოდში მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის ტრაგედია, როდესაც ტერორიზმთან ბრძოლა აქტუალური გახლდათ და ისლამური სახელმწიფოც ზენიტში იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც პანკისიდან რამდენიმე ათეული ახალგაზრდა იყო გაქცეული ისლამისტებთან შესაერთებლად და პანკისიდან კი არა, გურიიდან ერთი ახალგაზრდაც გაიქცა. თუმცა გურულს რა ესაქმებოდა იქ, რა მეტიჩრობა იყო მისი მხრიდან, ეს სოსო ცინცაძისთვის გაუგებარია.
„ჯერ კიდევ არ ვიცით თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალები. მოვისმინეთ ვერსია, ორი საათი იმიტომ დააყოვნეს დაჭრილი, რომ ყუმბარა უნდა ჩამოეტანათ ყვარლიდანო. ამ დროს რამდენ ფოტოზე მინახავს, სპეცრაზმელებს ყუმბარები თვითონვე აქვთ ჩამოკიდებული. სხვა ადგილას რომ აეყვანათ ეჭვმიტანილები, შეიძლება, ეშინოდათ, შიშს დიდი თვალები აქვს და ფრთხილობდნენ, სხვა ადგილას დღისით წინააღმდეგობა არ გაეწიათ ეჭვმიტანილებს, ვიღაცებს სროლა არ დაეწყოთ, სროლისას კიდევ მშვიდობიანი გამვლელი არ დაზარალებულიყო. მაშინ გენახათ, რა ამბავი ატყდებოდა. არ ვიცი ამ საქმის დეტალები, ამიტომაც საუბრისგან თავს შევიკავებ, ვერც ემოციას ავყვები, თუმცა ვფიქრობ, საპარლამენტო კომისია რომ შექმნილიყო, მაშინ სპეცსამსახურები იძულებულნი იქნებოდნენ, თუ კიდევ დარჩა გასაიდუმლოებული ინფორმაცია, სრულად წარმოედგინათ. ამით მეტი ნათელი მოეფინებოდა ამ ამბავს, მაგრამ ასეთ კომისიებს „ქართული ოცნება“ როგორც ეშმაკი საკურთხეველს, ისე გაურბის. ამის გამო გამუდმებით იქნება ეჭვები და არ შეწყდება სატელევიზიო დებატები. მესმის, სპეცსამსახურების საქმიანობას აფიშირება არ უყვარს, მაგრამ, როცა ამდენი კითხვებია, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს“,-აცხადებს სოსო ცინცაძე.