რუსეთს აღარ აქვს არგუმენტი, რომ „საქართველოში გიჟია“ და მას არ დაელაპარაკება

რუსეთს აღარ აქვს არგუმენტი, რომ „საქართველოში გიჟია“ და მას არ დაელაპარაკება

რუსი ჟურნალისტისა და ანალიტიკოსის მატვეი განაპოლსკის აზრით, საქართველო რუსეთისთვის სრულიად უინტერესო გახდა. ამის შესახებ მან რადიო „ეხო მოსკვის“ ეთერში საქართველოს ახალი ხელისუფლების პირველ ნაბიჯებზე საუბრისას განაცხადა.

განაპოლსკის თქმით, საქართველო რუსეთისთვის საინტერესოა მხოლოდ იმ კუთხით, თუ ის ნატო-ში გაწევრიანდება და აქ ალიანსის ბაზა განთავსება, ეს კი არ მოხდება. მთავარი უკვე გაკეთებულია: აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.

სწორედ ამით ხსნის მატვეი განაპოლსკი იმ ფაქტს, რომ საქართველოს მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, მოსკოვი ამ წინადადებებზე არ რეაგირებს. ამიტომ უნდა გაირკვას, რატომ ხდება ასე?! მით უფრო, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველომ ყველა შეტყობინება გასცა, რომლის გაცემაც შეეძლო და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.

„შესაძლოა, რუსეთს საქართველო აღარ აინტერესებს, ან შესაძლოა, სურს, გაერკვას, რა და როგორ იქნება. ორად-ორი რამ, რაც საქართველომ საპასუხოდ მიიღო, ისაა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა, რვა ქართული კომპანია რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს, მეორე კი ის, რომ დუმის დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, საქართველოსა და რუსეთს შორის საპარლამენტთაშორისო გაცვლა დაიწყოს, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები პარტიულ დონეზე აღდგეს“, - აღნიშნა განაპოლსკიმ.

რეალურად, აინტერესებს თუ არა რუსეთს საქართველო და დადგება თუ არა ოდესმე ის დრო, როცა რუსეთისთვის საქართველო უინტერესო გახდება და თავს დაგვანებებს?! რადგან რუსეთის სწორედ ამ გადამეტებულმა ყურადღებამ საქართველოს არაერთი პრობლემა შეუქმნა. ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს გაჰკვირვებია მატვეი განაპოლსკის, რომელიც ამ აზრს, თითქოს, რუსეთს საქართველო აღარ აინტერესებს, საკუთარი კომენტარის გარეშე აჟღერებს. სოსო ცისკარიშვილის აზრით, რუსეთის ეს ახალი მიდგომა საკმაოდ  არადამაჯერებელია. კერძოდ ის, რომ რუსეთმა საქართველოსგან მიიღო ყველაფერი, რაც საჭირო იყო, და თურმე დაკარგა ინტერესი ამ ქვეყნის მიმართ. სინამდვილეში, რეალობა სხვაგვარია. პრაქტიკულად, რუსეთი დაბნეულია საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. უფრო მეტიც, რუსეთი რატომღაც არ არის კმაყოფილი, რომ სააკაშვილი აღარ არის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი. ამიტომაც, რუსები სამომავლოდ ცდილობენ, თავი დააღწიონ უმაღლეს დონეზე საქართველოსთან ურთიერთობის ვალდებულებას, რადგან მათ სათქმელი არც ქართველი ხალხისთვის აქვთ რაიმე, არც მისი ხელისუფლებისთვის.

ამდენად, ექსპერტის თვალსაზრისით, სადაო პოსტულატია, რომ, თუ ნატოს ბაზა იქნება, მაშინ აინტერესებს რუსეთს საქართველო, ხოლო, თუ არ იქნება ნატოს ბაზა, თურმე არ აინტერესებს.

„ჩავთვალოთ, რომ ბატონი განაპოლსკი უფრო ჩახედულია ამ საკითხში, ვიდრე სხვა ვინმე, მაგრამ ლოგიკას ვერ ვხედავ. სწორედ ნატოს თემას თვლის თავად მედვედევი საკუთარი განცხადებების ძირითად მიზეზად, რატომაც დაიწყო საომარი მოქმედებები, თუმცა ისიც ცრუობს. სინამდვილეში, ნატოს ხსენება არ იყო საქართველოში, როცა მოსკოვმა თბილისს დააკარგინა სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობის ყველა ბერკეტი. ამიტომ, ესეც ყურით მოთრეული თემა გახლდათ,“ - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, ის ხელოვნური ბადე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას სურს, ჩამოაფაროს საქართველოსთან არსებულ საზღვარს, არცთუ ხანგრძლივი და მდგრადი პოზიციაა რუსეთისთვის, რადგან ადრე თუ გვიან მას მაინც მოუწევს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობათა სრულიად მკაფიო სუბიექტია და თავად რეგიონში მიმდინარე საკითხები მხოლოდ რუსეთის ნება-სურვილით არ იქნება განპირობებული.

სოსო ცისკარიშვილი იმაშიც დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფალთ ბიძინა ივანიშვილთან გამოხმაურება მოუწევთ, თუნდაც დიდი პრანჭვისა და პოზების ფასად, მაგრამ გარკვეული ტიპის ურთიერთობები დამყარდება და ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით კიდევ უფრო გულის გამხეთქია პუტინისთვის, რომელსაც საქართველოს ველური სცენარით განვითარების იმედი ჰქონდა.

„როდესაც კაცს ნებისმიერი მოვლენის მიმართ სათქმელი არ აქვს, ის ეძებს თავშესაფარს და ლაპარაკობს იმაზე, რომ არ აინტერესებს ცალკეული პრობლემა. რუსებსაც სათქმელი არაფერი აქვთ. ამდენი ხნის განმავლობაში საუბარი იმაზე, რომ ისინი სააკაშვილს არ დაელაპარაკებიან, იმ კოვზივით ჩაუვარდათ ნაცარში, რომელიც ნაკლებად სასურველია, რომ ამოიღონ იმავე ნაცრიდან და ისევ გამოიყენონ. ამიტომ რუსები დაბნეულები არიან“.

სწორედ ამით ხსნის სოსო ცისკარიშვილი იმ ფაქტს, რომ რუსებს ჯერაც სიტყვა არ წამოსცდენიათ არჩევნების შედეგების შესაფასებლად საქართველოში და რუსეთიდან არც ვინმეს მიულოცავს  გამარჯვება ივანიშვილისთვის.

„არა უშავს, გავუძლებთ ელდანაცემ რუსებსაც ჩვენს მეზობლად, მაგრამ იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან ისინი ხმას ამოიღებენ. იმის მოლოდინი კი ნუ გვექნება, რომ ჩვენი მეზობელი უფრო გაკეთილშობილებული იქნება საქართველოს მიმართ. ამას სჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს უფრო მკაფიო წარმატება“ - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.   

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს ქრისტიანულ - დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე ვაჟა ლორთქიფანიძე გრიგოლ იავლინსკისთან შეხვედრას იხსენებს,  როცა მას უთხრა, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს აინტერესებს რუსეთი და მასთან ურთიერთობა, მაგრამ არანაკლებ რუსეთსაც სჭირდება საქართველო. ამის საპასუხოდ კი იავლინსკის უთქვამს, გეთანხმები, უფრო მეტსაც გეტყვი, უკრაინისა და საქართველოს გარეშე რუსეთს არსებობა არ შეუძლიაო. ამდენად, ვაჟა ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ იავლინსკის გაცილებით მეტი პოლიტიკური გამოცდილება და გამჭრიახობა აქვს.

მისი აზრით, რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების განვითარებისთვის კავკასია მნიშვნელოვნად მიაჩნია და ძალიან კარგად იცის, რომ კავკასიის გასაღები მისთვის ოდითგანვე საქართველოში იყო. ამიტომ, მისთვის საქართველოს როლს ვერაფერი შეცვლის და ეს საუკუნეების განმავლობაში ასე იყო.

„რუსეთს საქართველო აინტერესებს, მას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს კავკასიაში - პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მის ტერიტორიულ მთლიანობასთან, ეროვნულ, დემოგრაფიულ უსაფრთხოებასთან, დასავლეთთან თუ აღმოსავლეთთან მის ურთიერთობებასთან. ეკონომიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით, ამას განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება, რუსეთში ზოგიერთი ამას აცნობიერებდეს, ზოგიერთი_ვერც აცნობიერებდეს“.

ამის მიუხედავად, ვაჟა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტა ყველა ეტაპზე საქართველოს ამ მნიშვნელობას აცნობიერებდა. სხვა საქმეა, როგორ მოქმედებდნენ ისინი და რა ტაქტიკას ირჩევდნენ, როგორ ცდილობდნენ, რაც შეიძლება, მაქსიმალური მიეღოთ საქართველოსგან.

რაც შეეხება ივანიშვილთან დაკავშირებულ მათ რეაქციას, თუ რატომ არ გამოეხმაურნენ რუსები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, ვაჟა ლოთქიფანიძის აზრით, ესეც რუსეთის ტაქტიკის შემადგენელი ნაწილია. ცხადია, დღეს რუსეთ-საქართველოს მდგომარეობა უაღრესად გართულებულია, რუსეთმა მისთვის საზიანო რამ დაუშვა და საქართველოს ისტორიული მხარეების, მიწების ტერიტორიული დამოუკიდებლობა ცნო, რითაც ყველა საერთაშორისო ნორმა დაარღვია. თუნდაც ერთა თვითგამორკვევისთვის აუცილებელი სამი ძირითადი ისტორიულ-სამართლებრივი პრინციპი. ამით დაირღვა თავად რუსეთის კონსტიტუცია და უხეშად ხელყოფილ იქნა ყველაფერი. ეს კი იმდენად საზიანოა, რომ მას ბუმერანგივით დაუბრუნდება. ასეთია ვაჟა ლორთქიფანიძის შეფასება.

„ვითარება უფრო დაიძაბა. რატომ გააკეთა ეს რუსეთმა, ეს ცალკე განხილვის თემაა, მაგრამ რუსეთს უჭირს ამ ვითარებიდან გამოსვლა. ამიტომ იძულებული იქნება, უნდა თუ არა, ივანიშვილის წინანადებას გამოეხმაუროს. თუ როგორ და რა ფორმით, ეს გამოჩნდება. რუსეთს აღარ აქვს ის არგუმენტი, რომ „საქართველოში გიჟია“ პირველი პირი და მას არ დაელაპარაკება. დღეს ეს არგუმენტი მსოფლიო თანამეგობრობისთვის, თავად რუსეთისა და საქართველოსთვის დამაჯერებელი არ არის. ამიტომ ეჭვიც არ მეპარება, ეს დიალოგი ადრე თუ გვიან დაიწყება. კონკრეტული ტაქტიკური ნაბიჯები აბსოლუტურად არ აყენებს ჩრდილს საქართველოს დიდ მნიშვნელობას რუსეთისთვის და რუსეთის დიდ ინტერესს საქართველოსადმი. თუ არა რუსეთის დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ, მაშინ რუსეთის ასეთი ქცევაც არ იქნებოდა“, - აცხადებს ვაჟა ლორთქიფანიძე.