For.ge აგრძელებს ამერიკელი პროფესორის, ჯინ შარპის (ინგლ. Gene Sharp, 21 იანვარი 1928 ბალტიმორი - 2018 წლის 28 იანვარი, ოჰაიო) ნაშრომის „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ნაშრომის გამოქვეყნებას. ნაშრომი ქართულად ითარგმნა ნინო წოწორიასა და ნოდარ ლაბარტყავას მიერ.
როგორ მოვიპოვოთ ძალა
თავისუფალი და მშვიდობიანი საზოგადოების აშენება იოლი არ არის. აქ საჭიროა სტრატეგიული ნიჭიც, ორგანიზაციაც და გეგმაც და, რაც ყველაზე მთავარია - საჭიროა ძალა. დემოკრატები ვერ შეძლებენ დიქტატორის დამხობას და პოლიტიკური თავისუფლების მიღწევას, თუ მათ არ შესწევთ უნარი ქმედითად გამოიყენონ საკუთარი ძალა.
როგორ უნდა მოხერხდეს ეს? რა ძალის მობილიზება უნდა მოახდინოს დემოკრატიულმა ოპოზიციამ, რომ ის საკმარისი აღმოჩნდეს დიქტატურის, სამხედრო და პოლიციური სისტემის დასარღვევად? გაგვიჭირდება პასუხის მოძებნა სანამ სწორად არ შევიცნობთ, თუ რა არის პოლიტიკური ძალა. მისი არსის შესწავლა არც ისე რთულია. ძირითადი ცნებები საკმაოდ მარტივია.
იგავი მაიმუნების მბრძანებელზე
მეთხუთმეტე საუკუნის ჩინელი ავტორის ლიუ ცზის იგავი მაიმუნების მბრძანებელზე მოგვითხრობს პოლიტიკური ძალაუფლების დავიწყებულ წარმოდგენაზე:
ჩუ-ს ფეოდალურ სახელმწიფოში ერთ მოხუც კაცს მაიმუნების წყალობით გაჰქონდა თავი. ჩუ-ს ხალხი მას მაიმუნების მბრძანებელს ეძახდა. ყოველ დილით მოხუცი შეკრებდა მაიმუნებს თავის ეზოში და უბრძანებდა წასულიყვნენ მთებში ხილის მოსაკრეფად. თითო მაიმუნს მისთვის მოკრეფილის მეათედი უნდა მიეცა. რომელიც ამას არ გააკეთებდა, უმოწყალოდ იროზგებოდა. მაიმუნები იტანჯებოდნენ, მაგრამ ხმამაღლა დაჩივლებას ვერავინ ბედავდა. ერთხელ პატარა მაიმუნმა ჰკითხა დანარჩენებს: „ეს ხეები და ბუჩქები მოხუცმა დარგო?“ მას უპასუხეს - „არა. ისინი თავად ამოვიდნენ“. მაშინ მაიმუნმა კვლავ იკითხა: „ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლია ხილის უნებართვოდ მოკრეფა?“ „შეგვიძლია“, - მიუგეს სხვებმა. პატარა მაიმუნი არ ისვენებდა: „მაშინ რატომ უნდა ვემსახუროთ მოხუცს?“ მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული სიტყვა, რომ მაიმუნები ყველაფერს მიხვდნენ და გამოფხიზლდნენ. იმავე ღამეს, როგორც კი დაინახეს, რომ მოხუცმა დაიძინა, მაიმუნებმა გაარღვიეს ღობე, აიღეს ხილი, რომელსაც მოხუცი საცავში ინახავდა, წაიღეს ის ტყეში და უკან აღარ დაბრუნებულან. მალე მოხუცი შიმშილით გარდაიცვალა.
ლიუ ცზი ამბობდა: ზოგიერთი დიქტატორი ხალხს სამართლიანობით კი არა, სიცრუის მეშვეობით მართავს. ნუთუ ისინი არ ჰგვანან მაიმუნების მბრძანებელს? მათ საკუთარ სისულელეში ეჭვი არ ეპარებათ, მაგრამ როგორც კი ხალხი გონს მოეგება, სიცრუე ძალას კარგავს“.
ამ ისტორიას ჰქვია „მართვა სიცრუის მეშვეობით“, აღებულია ლიუ ცზის (1311-1375) წიგნიდან.
პოლიტიკური ძალაუფლების აუცილებელი წყაროები
პრინციპი უბრალოა. დიქტატორს თავის მიერ მართული ხალხის დახმარების გარეშე არსებობა არ შეუძლია; მათ გარეშე ის უბრალოდ პოლიტიკურ ძალაუფლებას ვერც უზრუნველყოფს და ვერც შეინარჩუნებს. ეს წყაროებია: ავტორიტეტი, ანუ ხალხის რწმენა, რომ ხელისუფლება კანონიერია და ისინი ვალდებულნი არიან რეჟიმს დაემორჩილონ; ადამიანური რესურსები, ანუ იმ პირებისა და ჯგუფების რაოდენობა და მნიშვნელობა, რომლებიც ემორჩილებიან მმართველებს, თანამშრომლობენ მათთან ან ეხმარებიან მათ; რეჟიმის მიერ კონკრეტული მოქმედებების შესასრულებლად საჭირო ცოდნა და უნარები, რომლის უზრუნველყოფასაც მასთან თანამშრომლობაში მყოფი ცალკეული პირები და ჯგუფები ახდენენ; არამატერიალური ფაქტორები, ანუ ხელისუფლებისადმი ხალხის მორჩილების და დახმარების მაიძულებელ-მაცდუნებელი ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ფაქტორები; მატერიალური რესურსები, ანუ მმართველების მიერ ქონების, ბუნებრივი რესურსების, ფინანსების, ეკონომიკური სისტემის, აგრეთვე კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ტრანსპორტის კონტროლის ხარისხი (დონე); სანქციები, ანუ რეჟიმის არსებობისთვის და მისი პოლიტიკის გატარებისათვის აუცილებელი სასჯელი, რომელიც ურჩებს ან თანამშრომლობაზე უარის მთქმელებს ემუქრება.
თუმცა, ყველა ეს წყარო არსებული რეჟიმის მიმართ ნდობაზე, მისადმი ხალხის მორჩილებაზე, მასთან საზოგადოებრივი ინსტიტუტების უმრავლესობის თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი კი გარანტირებული არ არის.
სრული თანამშრომლობა, მორჩილება და მხარდაჭერა აუცილებელი ძალის წყაროების ხელმისაწვდომობას ზრდის და შესაბამისად ნებისმიერი მმართველის ძალაუფლებას აფართოებს.
თუ ხალხი და საზოგადოებრივი ინსტიტუტები აგრესორებთან და დიქტატორებთან ნაკლებად ითანამშრომლებენ, ეს ხელისუფლებას ძალაუფლების რესურსებს მოუსპობს. ასეთი რესურსების გარეშე, კი ძალაუფლება სუსტდება და ბოლოს და ბოლოს ჩამოიშლება.
ბუნებრივია, დიქტატორები მკვეთრად რეაგირებენ იმ ქცევასა და იდეებზე, რომლებსაც სულ მცირე დოზითაც კი შეუძლიათ შეუზღუდონ მათი ნება-სურვილის გატარების შესაძლებლობა. ამიტომაც დიქტატორები აშინებენ და სჯიან მათ, ვინც რეჟიმს არ ემორჩილება, მონაწილეობას იღებს გაფიცვებში ან უარს ამბობს თანამშრომლობაზე. თუმცა ეს გამოუვალი მდგომარეობა არ არის. რეპრესიებს, უკიდურეს სისასტიკესაც კი ყოველთვის არ შეუძლიათ მორჩილებისა და თანამშრომლობის იმ ხარისხით დაბრუნება, რომელიც რეჟიმს მართვის შესაძლებლობას მისცემს.
თუ რეპრესიების მიუხედავად ძალაუფლების წყაროები შესუსტდება ან გარკვეული დროით გადაიკეტება, დიქტატურა, უპირველეს ყოვლისა, დაიბნევა. შემდეგ, როგორც წესი, დაიწყებს დასუსტებას. დროთა განმავლობაში ძალაუფლების წყაროების გაქრობამ შეიძლება გამოიწვიოს რეჟიმის პარალიზება და უსუსურობა, ხოლო სერიოზულ შემთხვევებში - მისი ნგრევა. ხელისუფლება, თანდათანობით ან ძალიან სწრაფად, პოლიტიკურად დაუძლურდება.
აქედან გამომდინარეობს ის, რომ ნებისმიერი მმართველის თავისუფლებისმოყვარეობა ან ტირანია მნიშვნელოვანი ხარისხით ასახავს ხალხის გამბედაობასა და სურვილს დარჩეს თავისუფალი და წინ აღუდგეს ჩაგვრას.
ტოტალიტარული დიქტატურაც კი მის მიერ მართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. პოლიტილოგი კარლ დოიჩი 1953 წელს წერდა: ტოტალური ძალაუფლება მხოლოდ მაშინაა ძლიერი, როდესაც მისი ხშირად გამოყენება საჭირო არ არის. თუ მისი გამოყენების საჭიროება მოსახლეობის წინააღმდეგ ხშირია, ის თავის ძალებს დიდხანს ვერ შეინაჩუნებს. რადგანაც ტოტალიტარული რეჟიმი მეტ ძალას საჭიროებს ხელქვეითთა სამართავად, ვიდრე სხვა ნებისმიერი მმართველობის ფორმა, ის გამოიმუშავებს ქვეშევრდომთა დამორჩილების მტკიცე ჩვევას. უფრო მეტიც, ხანდახან რეჟიმი იძულებულია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აქტიურ მხარდაჭერას დაეყრდნოს.
ჯონ ოსტინმა, მეცხრამეტე საუკუნის ინგლისელმა იურისტ-თეორეტიკოსმა, აღწერა დიქტატურის სიტუაცია იმ პირობებში, როდესაც ხალხი უკმაყოფილოა. მისი სიტყვების მიხედვით, თუ ქვეშევრდომთა დიდი ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგია და არ სურს დევნის ატანა, მაშინ ხელისუფლების და მისი მომხრეთა სიძლიერე ვერ იხსნის რეჟიმს უცხოეთიდან მისი მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი. რადგან მებრძოლი ხალხის დაქვემდებარებასა და მორჩილებაში დააბრუნება შეუძლებელია.
ნიკოლო მაკიაველი კიდევ უფრო ადრე ამბობდა, რომ „მთავარი, რომელსაც მთელი ხალხი ემტერება, ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, რაც მეტ სისასტიკეს ჩაიდენს იგი, მით უფრო დასუსტდება მისი თვითმპყრობელური წყობა“.
თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი პრაქტიკაში ნათლად აჩვენეს გმირმა ნორვეგიელმა მებრძოლებმა ნაცისტური ოკუპაციის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ჩვენს მიერ პირველ თავში ნახსენებმა ვაჟკაცმა ბერძნებმა, გერმანელებმა, ჩეხებმა, სლოვაკებმა და სხვა ხალხებმა, რომელნიც ეწინააღმდეგებოდნენ კომუნისტურ აგრესიასა და დიქტატურას და ბოლოს და ბოლოს, ხელი შეუწყვეს ევროპაში კომუნისტური მმართველობის დამხობას. ეს, რა თქმა უნდა, ახალი ფენომენი არ არის.
არაძალადობრივი წინააღმდეგობა ცნობილია ქრისტესშობამდე 494 წლიდან, როდესაც პლებეებმა უარი თქვეს მხარი დაეჭირათ თავიანთი პატრონი პატრიციებისათვის. არაძალადობრივ ბრძოლას იყენებდნენ სხვადასხვა ეპოქაში არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აზიაში, აფრიკაში, ორივე ამერიკაში, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე.
ამგვარად, არსებობს ხელისუფლების ძალაუფლების კონტროლის დონის განმსაზღვრელი სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი:
მოსახლეობის შეფარდებითი სურვილი ხელისუფლების ძალაუფლების საზღვრების დადგენისა: ძალის წყაროს შეწყვეტის მოსურნე დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ფარდობითი ძალა; მოსახლეობის ფარდობითი უნარი უარი უთხრას ხელისუფლებას მხარდაჭერაზე.
დემოკრატიული ხელისუფლების ცენტრები
დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი არასამთავრობო ჯგუფებისა და ინსტიტუტების სიმრავლე. ეს მოიცავს ოჯახებს, რელიგიურ ორგანიზაციებს, კულტურულ ასოციაციებს, სპორტულ კლუბებს, ეკონომიკურ ინსტიტუტებს, პროფკავშირებს, სტუდენტურ გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ თემებს, მებაღეთა წრეებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მუსიკალურ ჯგუფებს, ლიტერატურულ საზოგადოებებს და სხვა. ყველა ისინი მნიშვნელოვანნი არიან იმით, რომ გააჩნიათ საკუთარი მიზნები, და ასევე მონაწილეობას საზოგადოებრივი მიზნების მიღწევაშიც იღებენ.
გარდა ამისა, მათ აქვთ უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგანაც შეუძლიათ უზრუნველყონ ჯგუფური და ინსტიტუციონალური საფუძვლები, რომელთა მეშვეობით ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენაა შესაძლებელი. ასევე შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ სხვა ჯგუფებს ან ხელისუფლებას, როდესაც ეს უკანასკნელნი უსამართლოდ ლახავენ მათ ინტერესებს. ცალკეული ადამიანებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ ჯგუფებს, ჩვეულებისამებრ არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა საზოგადოებაზე, მით უმეტეს ხელისუფლებაზე, რომ არაფერი ვთქვათ დიქტატურაზე.
შესაბამისად, თუ დიქტატურა ამგვარ გაერთიანებებს ავტონომიასა და თავისუფლებას მოუსპობს, ხალხი უძლური ხდება. თუ ამ ინსტიტუციებს ამყოფებს კონტროლის ქვეშ, ან ჩაანაცვლებს სუროგატით, მათი გამოყენება შესაძლებელი გახდება როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე საზოგადოების მრავალ ფენაზე კონტროლის განსახორციელებლად. თუმცა, თუ მოხერხდება ამ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ინსტიტუციების ავტონომიისა და თავისუფლების შენარჩუნება ან აღდგენა, მათი მნიშვნელობა პოლიტიკური დაუმორჩილებლობისათვის უკიდურესად წონადი იქნება. ყველგან, სადაც ირღვეოდა ან სუსტდებოდა დიქტატურა, ხალხი და საზოგადოების არასამთავრობო ორგანიზაციები რეჟიმს მასობრივ დაუმორჩილებლობას უწევდნენ.
როგორც ადრე ვთქვით, ამგვარი ცენტრები უზრუნველყოფენ ინსტიტუციონალურ საფუძველს, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა წინ აღუდგება დიქტატორის მხრიდან კონტროლს. სწორედ მათ მოუწევთ გახდნენ თავისუფალი საზოგადოების მთავარი სტრუქტურული საფუძველის ნაწილი. მათი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განვითარების გარეშე დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
თუ დიქტატურამ დაშალა ან კონტროლს დაუქვემდებარა საზოგადოების ეს დამოუკიდებელი ნაწილი, მებრძოლებმა თავიდან უნდა შექმნან დამოუკიდებელი სოციალური ჯგუფები ან დაუბრუნონ დემოკრატიული მმართველობა ნაწილობრივ კონტროლს დაქვემდებარებულ დარჩენილ ორგანიზაციებს. 1956 წელს უნგრეთის რევოლუციის დროს პორდაპირი დემოკრატიის განხორციელებისათვის უამრავი საბჭო წარმოიშვა: ისინი გაერთიანდნენ და რამოდენიმე კვირაში შექმნეს ინსტიტუტებისა და მართვის ორგანოების ერთიანი ფედერაციული სისტემა. პოლონეთში 1980-იანი წლების ბოლოს მშრომელებმა შექმნეს იატაკქვეშა პროფკავშირები, „სოლიდარობა“; ზოგ შემთხვევაში კომუნისტურ მმართველობასთან მჭიდრო კავშირში მყოფ ოფიციალური პროფკავშირების გაკონტროლებასაც კი ახერხებდნენ. ამგვარ ინსტიტუციონალურ განვითარებას ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგების მოტანა შეუძლია.
ბუნებრივია, ყოველივე ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიქტატურის შესუსტება და დამხობა იოლია და, რომ ყოველი ამგვარი მცდელობა წარმატებით მთავრდება. ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ ბრძოლა მსხვერპლის გარეშე ჩაივლის - დიქტატურის მსახურნი წანააღმდეგობას გასწევენ, რათა ქვეშევრდომებმა კვლავ დაიწყონ მათთან თანამშრომლობა და მორჩილება. მაგრამ, ეს, ამავდროულად, ნიშნავს იმას, რომ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელია. დიქტატურას გააჩნია დამახასიათებელი თავისებურებები, რომელთა გონივრული გამოყენება რეჟიმს პოლიტიკური დაუმორჩილებლობისადმი მეტად მგრძნობიარეს გახდის. მოდით, ეს თავისებურებანი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.