„იმ საბედისწერო დღეს ზურაბ ჟვანიას ცხედრის თვითმხილველს მანქანა ძალით დააჯახეს“

„იმ საბედისწერო დღეს ზურაბ ჟვანიას ცხედრის თვითმხილველს მანქანა ძალით დააჯახეს“

სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი, მამა ელიზბარ დიაკონიძე ასახელებს ერთ-ერთ ქალბატონს, ნათელა მოდებაძეს, რომელმაც 2005 წლის 3 თებერვლის გამთენიისას მეუღლესთან ერთად შემთხვევით დაინახა, თუ როგორ შეასვენეს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუფოვის ცხედრები კონსპირაციულ ბინაში. დიაკონის განცხადებით, დღეს ეს ქალბატონი  მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ამ სკანდალურ საქმეს თავისი დახმარებითაც ფარდა ახადოს. როგორც ელიზბარ დიაკონიძე ამბობს, იმ ტრაგიკულ ღამეს მოულოდნელად გამოჩენილი თვითმხილველი ცოლ-ქმრის დანახვისას დანაშაულში გარეული ადამიანები დაბნეულან, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია გაუაზრებიათ და მათი ძებნა დაუწყიათ. ამის გამო, იმ დილასვე ნათელა მოდებაძე მეუღლითურთ უცხოეთში გადახვეწილა.

For.ge-ს მამა ელიზბარ დიაკონიძე ესაუბრა.

როგორ შეესწრო ნათელა მოდებაძე ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუფოვის დაღუპვას?

- ამ ქალბატონის ვაჟმა იქორწინა და ნათელა მოდებაძეს, თავის მეუღლესთან ერთად, სურდა, ახალი ოჯახი ცალკე გაეყვანა და აღნიშნული ბინა დაექირავებინა. ამ მიზნით  სახლის მეპატრონეს ეკა კიკიანს დაურეკეს ბინის სანახავად. კი ბატონო, მობრძანდითო, - უთქვამს კიკიანს. როგორც ხდება ხოლმე, იმ დღეს ვერ მივიდნენ, თუმცა, ხელმეორედ როცა დაურეკეს და ჰკითხეს, კიდევ გაქვთ ეს ბინა გასაქირავებელიო, ეკა კიკიანს უთქვამს, ვაიმე, დაგასწრეს, ახლახანს გავაქირავე პარლამენტარ ვასილ მაღლაფერიძეზეო. ათი დღე არ იყო გასული და იქ ზურაბ ჟვანიას გვამი აღმოაჩინეს. სხვათა შორის, ამავე სადარბაზოში მათი ახლობელი ქალბატონი ცხოვრობს და იმ საღამოს იგივე ცოლ-ქმარი სტუმრად მასთან ყოფილა. ნაქეიფრები გვიან გამოვიდნენ და გამთენიისას დაინახეს ეს შემზარავი ფაქტი. თანაც გამოელაპარაკნენ, ქალბატონებს უყვართ ცნობილ პიროვნებებთან გამოლაპარაკება, აი, ბატონო ვასიკო, ჩვენ გვინდოდა ეს ბინა და დაგვასწარითო. სულ არ მოელოდნენ, რომ აღნიშნულ ბინაში უცებ ზურაბ ჟვანიას შეასვენებდნენ.

საიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ საბედისწერო ღამეს სწორედ ვასილ მაღლაფერიძის ზარის შემდეგ გავიდა ზურაბ ჟვანია სახლიდან?

- ამის შესახებ ნინო ქადაგიძემ აღნიშნა და ეს არც არავის დაუმალავს. არ მითქვამს, რომ ვასილ მაღლაფერიძე არ ითანამშრომლებს პროკურატურასთან, შეიძლება, ითანამშრომლოს კიდეც, ჯერ არ დაუძახიათ მისთვის. ამდენად, ვერც ცუდს ვიტყვი მასზე და ვერც კარგს. თუმცა, თუ ეს ფაქტები არსებობს, წესით, მას უნდა დაუძახონ  და მოწმის სტატუსით დაკითხონ. იმას კი არ ვგულისხმობ, რომ მან ჩაიდინა დანაშული და თანამზრახველი იყო, უბრალოდ, მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს. მართლა გამოიყვანა თუ არა სახლიდან ზურაბ ჟვანია, ხომ არ განხორციელდა  მასზე ზეწოლა - არ გამოიყვან და შენი აჯობებსო. მოგეხსენებათ, მაშინ ასეთი ცხოვრება იყო და ჯერაც იმ შიშის ქვეშ არიან. ის ქალბატონი ამბობს, რომ ვასილ მაღლაფერიძეც უნდა დაიკითხოს, რადგან მან მეტი დეტალები იცის. კიდევ კარგი, ამ ცოლ-ქმარმა გაასწრო აქედან, თორემ დღეს მკვდრები იქნებოდნენ.

მათზე დევნა დაიწყეს?

- იმავე დღესვე წავიდნენ, როგორც კი ეს უბედურება მოხდა. საბედნიეროდ, დაასწრეს საქართველოდან წასვლა. ძველი ხელისუფლება კარგად სარგებლობდა იმით, რომ ეს ქალბატონი ჩუმად იყო, რადგან საქართველოში შვილები დატოვა. შეიძლება, პირდაპირ არ დამუქრებიან, მაგრამ, როდესაც მოგვიანებით გარკვეული ფრაზები გაისმა, ამ ქალბატონს უცხოეთში მანქანამ გადაუარა და, კიდევ კარგი, ცოცხალი გადარჩა. დღეს იგი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. თანაც, იცით, რა საეჭვო გარემოებაში გადაუარა მანქანამ? ჯერ დაეჯახა და მერე კიდევ გადაუარა, რათა მოეკლა. შემდეგ ქმარი მოუწამლეს და ახლა ორივე ცოლ-ქმარი ინვალიდის ეტლს არიან მიჯაჭვულნი.

მაინც საქართველოში აპირებენ ჩამოსვლას და პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას?

- დიახ, მათ ორი შვილი ჰყავთ, ერთი მათგანი სამხედრო მოსამსახურეა, იგი ჩემი ნათლულია. ქალბატონი ამბობს, ჩემს თავს არ დავეძებ, ერთადერთი, შვილები და შვილიშვილები სახელმწიფო დაცვის პროგრამაში ჩამისვითო, რადგან ჩვენებას რომ მისცემს, სასამართლომდე მაინც ხომ უნდა გაიტანოს თავი და მისი სიცოცხლე დაცული იყოს?! ამიტომ, სახელმწიფო დაცვის პროგრამა მათ ნამდვილად ესაჭიროებათ. თანაც, ამ ქალბატონს ასეთი რამ აქვს ნათქვამი, ხმას არაფრით ამოვიღებ, თუ მამა ელიზბარი იქ არ იქნებაო. ამით ჩემს უპირატესობას არ ვამტკიცებ, მაგრამ ეს გასაგებია, მე მისი შვილის ნათლია ვარ და სასულიერო პირი გახლავართ. თანაც, ჩვენ კარგა ხანია ოჯახებით ვიცნობთ ერთმანეთს და ოჯახებით ვმეგობრობთ. მოგეხსენებათ, ასე ხელაღებით არ ხდება ბავშვის ნათლობა. შეიძლება, ვცდები, მაგრამ სპეციალურად ვახსენე მისი სახელი და გვარი - ნათელა მოდებაძე, ასევე, მისი შვილის ვინაობაც, რომელიც დღეს სამხედრო სამსახურშია, იქნებ, ამ გზით მათი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ.

ამ ქალბატონმა მხოლოდ ზურაბ ჟვანიას გვამი დაინახა, თუ რაიულ უსუფოვისაც?

- მან დაინახა, როგორ შეასვენეს ორი გვამი და ერთ-ერთს შემთხვევით გადაძვრა, რაც ეფარა და სწორედ ის აღმოჩნდა ზურაბ ჟვანია. გასაგებია, მეორე უსუფოვი იქნებოდა. კიდეც რომ არ დაენახა ზურაბ ჟვანიას გვამი სახეზე, ესეც საკმარისი იყო მომხდარის გასარკვევად. მთავარია, რომ გვამები ბინაში შეასვენეს. ამ დროს კი დილის ექვს საათზე გამოცხადდა, რომ წუხელ ამა და ამ ბინაში გაგუდული იპოვეს ზურაბ ჟვანია.

თქვენ აცხადებთ, რომ სახლის მეპატრონე ეკა კიკიანიც დაშინებული ჰყავდათ.

- კიკიანი დაშინებული იყო კი არა, მე მგონი, ახლაც დაშინებული ჰყავთ და ის ზეწოლის ქვეშაა. ვერ იღებს ხმას, წესით - უნდა ამოიღოს. აქ არის სახელმწიფოს დაცვის მექანიზმსა და ჩემი სამშობლოს პრესტიჟზე საუბარი. იქნებ, მე ბატონი ზურაბ ჟვანიას მიმართ ანტიპათიურადაც ვიყავი განწყობილი, ზვიად გამსახურდიასა და სხვა საკითხების გამო, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩემს ქვეყანას პრემიერ-მინისტრი მოუკლეს და მკვლელები დღესაც ქუჩაში დადიან. ზურაბ ჟვანიას მისმა მეგობრებმა უღალატეს, ნაცმოძრაობაში არ არიან მაჭავიარიანები, ბარამიძეები, გოგორიშვილები? ქრისტიანული მოსაზრებით თუ ვიტყვით, მე უამრავი რამ ვიცი და, ამავდროულად, არაფერი არ ვიცი, მაგრამ, რა ვქნა, ჩემდა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, თავს ვერ მოვიტყუებ. არის რაღაც ნიუანსები, რომლებიც ბატონმა კბილაშვილმა აუცილებლად უნდა იცოდეს.    

For.ge ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელსა და მეგობარს ხათუნა ხოფერიას დაუკავშირდა. მისი თქმით, უკვე შვიდი წელიწადია, ვასილ მაღლაფერიძის ამ საკითხთან დაკავშირების თემა აქტიურდება ხოლმე. მეტიც, თავიდანვე აქტუალური იყო ეს შეკითხვები და რამდენადაც მისთვის ცნობილია, მაშინ ვასილ მაღლაფერიძეს პროკურატურისთვის ჩვენებაც მიუცია. თუმცა ხათუნა ხოფერია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის აპრობირებული და კარგად დამუშავებული იყო ყურადღების გადატანა ერთი თემიდან მეორეზე და ამის კარგად დადგმა.

კონკრეტულად, ხათუნა ხოფერიას გირგვლიანის თემა და სხვა ტრაგედიები ახსენდება, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია იძაბებოდა, მომენტალურად ააქტიურებდნენ სულ სხვა თემებს, მათ შორის, ვიღაცას იჭერდნენ, ან რომელიმე პიროვნების შესახებ სატელევიზიო ინფორმაციას ავრცელებდნენ.

„ვასიკოს ძალიან კარგად ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ ვასილ მაღლაფერიძის თემის გააქტიურება სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოდიოდა. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ ის სწორი აქცენტები, რომლებიც იმ პერიოდში იყო ზურას მკვლელობასთან დაკავშირებით, სხვა პიროვნებაზე გადაეტანათ და არა იმ კონკრეტულ პიროვნებებზე, ვისი გვარებიც მაშინ ისმოდა. ესენი იყვნენ მაღალჩინოსნები. გახსოვთ, ალბათ, მაშინ იყო ვანო მერაბიშვილის, ადეიშვილის განცხადება, თავად სააკაშვილის იმ ღამეს ავარიაში მოხვედრის ფაქტი. მაშინაც კი ხალხი აქტიურად ლაპარაკობდა ამ თემებზე და უცბად შემოვარდა ვასილ მაღლაფერიძის თემა, რომლითაც მცდელობა იყო, გადაეფარათ დანარჩენი გვარები“, - მიიჩნევს ხათუნა ხოფერია.

მისივე თქმით, დღესაც, როგორც კი გააქტიურდა ჟვანიას თემა, კვლავაც ვასილ მაღლაფერიძის სახელია წინა პლანზე.

„მამაოს წინაშე ქედს ვიხრი და ბოდიშს ვიხდი. მე არ ვიცი, მას რა ინფორმაცია მიაწოდეს ვასილ მაღლაფერიძის შესახებ, მაგრამ დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მცდელობა, გადაიფაროს კონკრეტული დამნაშავეების სახელები, ვინც ჟვანიას საქმეში ფიგურირებს“.

ხათუნა ხოფერიას განმარტებით, თავის დროზე აღნიშნული ინფორმაცია თემურ შაშიაშვილის მხრიდან გავრცელდა. შაშიშვილი შეხვდა კიდეც ამ ცოლ-ქმარს, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ დაინახეს, როგორ შეჰქონდათ სახლში გვამი და ამის გამო მოექცნენ ზეწოლის ქვეშ.

ამასთან, ხათუნა ხოფერია დარწმუნებულია, რომ ყველა ამ თემაზე პროკურატურა მუშაობს, საკმაოდ სანდო გენერალური პროკურორი გვყავს და, თუ ვინმე ჩვენების მიცემას ისურვებს, უკეთესი იქნება, ეს პროკურატურას აცნობოს ან საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიას.

რაც შეეხება ვასილ მაღლაფერიძის მიერ თითქოს განხორციელებულ ზარს, ან ბინიდან ზურაბ ჟვანიას გამოყვანას, ხათუნა ხოფერიას აზრით, სწორედ იმ მომენტში ვრცელდება ასეთი არასწორი ინფორმაცია, როცა დარტყმის ქვეშ არის რომელიმე კონკრეტული ყოფილი ხელისუფალი.

For.ge ვასილ მაღლაფერიძესაც ესაუბრა. მისი თქმით, მას წარმოდგენაც არ აქვს, სად არის ის ბინა და არც არაფერი იცის ამის შესახებ. მისი აზრით, გამოძიება დამთავრდება და ყველაფერს ნათელი მოეფინება და ეს უსაფუძვლო განცხადებებიც დასრულდება.

- რასაკვირველია, ზურაბ ჟვანიასთან არ დამირეკავს, არც ბინა მიქირავებია. ასე რომ ყოფილიყო, ცხადია, ეს დაფარული არ დარჩებოდა.

მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაინცდამაინც თქვენი სახელი რატომ გახმიანდა?

- პერიოდულად ასე არის, ალბათ, ყურადღების გადატანა უნდათ რაღაც სხვა ხედვასთან დაკავშირებით. ცოტა ხანია დარჩენილი, გაიხსნება ეს საქმე და ნათელი იქნება.

რადგან თქვენს მიმართ ასეთი ბრალდება წამოვიდა, მზად ხართ, რომ მიხვიდეთ პროკურატურაში და განაცხადოთ, რომ ტყუილად გადებენ ხელს?

- თუ საჭირო გახდება, მათ თვითონ იციან, ვის დაუძახონ და ვის არა, ნებისმიერი ადამიანი უნდა მივიდეს. პროკურატურაში მშვენივრად იციან ყველაფერი. ამას არ ჰქვია ჩემზე ხელის დადება, უბრალოდ, ცდილობენ, საქმიდან ყურადღება ასეთი განცხადებებით გადაიტანონ. გაირკვევა ეს ყველაფერი და იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ სინდისისა და სირცხვილის გრძნობა, უბრალოდ, შერცხვებათ და ეს იქნება.

ანუ ეს ისევ ნაციონალებისგან მოდის?

- მართალი გითხარათ, ვერ გეტყვით, ვისგან მოდის. შესაძლოა, უპასუხისმგებლობისგან მოდის. ადამიანებს ასე ჩვევიათ, რომ ასეთი რამ თქვან.

ის ცოლ-ქმარი რატომ ამბობს, რომ თურმე დაგინახათ?

- გამორიცხულია, ყველა ხვდება, რომ ეს ასე არ არის. გამოგონილი სიტუაციაა. ის ადამიანი ამბობს, მზად ვარ პროკურატურაში მივიდეო. მივა ალბათ, დაკითხავენ და გაირკვევა ყველაფერი.