ნახევარ მილიონზე მეტი თბილისელი კვლავ სოციალური შეღავათების გარეშეა დარჩენილი. პროგრამების აღდგენასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი ისმის. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ სოცშეღავათებთან მიმართებაში კვირის ბოლომდე რაღაცები გაირკვევა. ამასვე ადასტურებენ ფინანსთა სამინისტროშიც.
საქართველოს მთავრობა, რომლსაც კონკრეტულად არაფერი ესაქმება მერიის პროგრამებთან, მაინც მოწადინებულია, რომ რაიმე გზა იპოვნოს ჩიხიდან გამოსასვლელად. ფინანსთა მინისტირ ნოდარ ხადური ირწმუნება, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა თბილისის მოსახლეობამ სოციალური შეღავათები კვლავინდებური წესით მიიღოს.
„ამაზე 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ვიმსჯელებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თბილისის მოსახლეობამ აღნიშნული სოციალური შეღავათები იმავე წესით მიიღოს, რომლითაც აქამდე იღებდა. რაც შეეხება მომავალ საქმიანობას, ხალხზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და უბრალო ადამიანები რომ არ დაიჩაგრონ, ყველაფერს მოვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
უბრალო ადამიანები კი თავს დაჩაგრულად უკვე ნამდვილად გრძნობენ. «გუშინდლამდე მუნიციპალურ ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი) ვსარგებლობდი შეღავათით. გუშინ მეტროში ჩვეულებრივად ვისარგებლე აღნიშნული შეღავათით, რასაც ვერ ვიტყვი ავტობუსზე: ავტომატმა დამიწერა, რომ ბარათი ვადაგასული იყო, არადა ანგარიშზე დაახლოებით 10 ლარამდე თანხა მერიცხებოდა.
ვერც ვადაგასული იქნება, რადგან ბარათ რამდენიმე თვეა რაც ავიღე და როგორც ვიცი, ის 9–წლიანია. იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჩემს გვერდით მყოფი პენსიონერები. იქნებ გამარკვიოთ, რა ხდება, პენსიონერებს მოგვიხსნეს შეღავათები? და თუ ეს ასეა, ეს მხოლოდ ავტობუსებზე რატომ ვრცელდება?» - ასეთი კითხვებით ხშირად მიმართავენ როგორც მთავრობის წევრებს, ასევე მედიის წარმომადგენლებსაც.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე შედარებით კონკრეტულ ინფორმაციას აჟღერებს. იგი მიიჩნევს, რომ თბილისელების სოციალურ შეღავათებთან დაკავშირებული პრობლემები უახლოეს დღეებში მოგვარდება.
მისი თქმით, მერიამ აღნიშნული პრობლემა ხელოვნურად შექმნა, ვინაიდან მას შეეძლო საკითხი წლის ბოლომდე მიეყვანა, 2013 წელს კი ახალ ხელისუფლებასთან ერთად გადაეწყვიტა. «მერიამ უკანონობა ჩაიდინა, როდესაც სოციალური შეღავათებისთვის გამიზნული თანხები სხვა მიმართულებით გადაამისამართა და გახარჯა. მას უნდა თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, რომელიც აქამდე ჰქონდა. დედაქალაქის მთავრობამ ამ პრობლემის ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადაბარება უცებ განიზრახა», - აღნიშნა ებრალიძემ.
სოციალური შეღავათები რამდენიმე ასპექტს - სატრანსპორტო შეღავათებს, დაზღვევას და სოციალურ დახმარებას მოიცავს. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ამ ეტაპზე სატრანსპორტო შეღავათები კვლავ მოქმედებს, თუმცა პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური იმ შემთხვევაში გახდება, თუ მერია პროცესის ადმინისტრირებას დაიწყებს და თბილისელებს სატრანსპორტო შეღავათებს შეუჩერებს (როგორც ზემოთ გამოჩნდა, ეს პროცესი გარკვეულწილად დაწყებულა კიდეც).
მიუხედავად ყველაფრისა, მერია კვლავაც ცდილობს, ვალდებულება ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს, თუმცა ამ მიზნით განკუთნილ თანხებს კვლავ ითხოვს. ებრალიძე მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ, შესაძლოა, თბილისელების სოციალური შეღავათების გარკვეული ნაწილის გადაბარებაზე იფიქროს, თუმცა ამ შემთხვევაში მერიისთვის ბიუჯეტიდან ნაკლები თანხა გამოიყოფა.