საქართველოში ვიზიტად მყოფი ლიტველი, ლატვიელი და ესტონელი პოლიტიკოსები საქართველოს მოსახლეობას ურჩევენ, სანამ ნატო-სა და ევროკავშირში გავწევრიანდებით, კარგად გავაანალიზოთ ამ ორგანიზაციებში ინტეგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამის შესახებ მათ for.ge-ს სპრეს-კლუბში განაცხადეს. ბალტიისპირელ სტუმრებს შორის, რომლებიც საქართველოს ეწვივნენ, არიან ესტონეთის პარლამენტის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ედუარდ ტინნი, ლიტვის სეიმის წევრი, ასევე ეკონომიკის ყოფილი მინიტრი, იულიუს ვესელკა, ლიტვის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი ალგირდას პალეცკისი და ესტონეთის პარლამენტის წევრი იანა ტომმა. საქართველოში ისინი დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მოწვევით ჩამოვიდნენ და როგორც ამბობენ, მათი ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული სიტუაციის უკეთ გაცნობა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საკუთარი ქვეყნების გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარებაა.
ლიტველი ალგირდას პალეცკისი აცხადებს, რომ ათი წელი ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე გარკვეული პერიოდი ბრიუსელში ლიტვის საელჩოში მუშაობდა. ამიტომ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საუბარი მათი შიდა სამზარეულოს კარგად ცოდნიდან გამომდინარე შეუძლია. პალეცკისი აღნიშნავს, რომ ლიტველ ხალხს ორივე ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით დიდი ილუზიები ჰქონდა, რადგან თვლიდა, რომ ეს ორგანიზაციები ლიტვის ეკონომიკას და თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ამ ორგანიზაციების 8 წლიანმა წევრობამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის.
„ნატოსთან მიმართებაში ყველაფერი ნათელია. ზოგადად ორივე ეს ორგანიზაცია მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ოლიგარქიების ხელში არსებული მძლავრი ინსტრუმენტებია. საუბარია იმ მსხვილ ფინანსურ წრეებზე, რომლებმაც ფინანსური სპეკულაციებით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიეს. იგივე ფინანსური წრეები ევროკავშირსა და ნატოს განაგებენ. ნატო ამერიკის შეერთებული შტატების ხელკეტია სხვადასხვა პოლიციური ფუნქციების შესასრულებლად. ვინაიდან ეს ორგანიზაცია თითქოს საბჭოთა კავშირის საპირწონედ შეიქმნა, წესით მისი დაშლის შემდეგ ნატოც უნდა დაშლილიყო, მაგრამ იგი დღესაც აგრძელებს მოღვაწეობას, როგორც ამერიკის გავლენის ინსტრუმენტი. ნატოში არსებობს წესი შიდა მოხმარებისთვის - „Keep Russia out, Germany – down, America - in“, - აცხადებს ალგირდას პალეცკისი.
მისი განმარტებით, ნატოში ყველა საკვანძო თანამდებობებზე სწორედ ამერიკელები ინიშნებიან, ხოლო ის, რომ ნატოს გენერალური მდივანი ყოველთვის ევროპელია, ეს მხოლოდ საჩვენებელი აბრაა. სინამდვილეში კი ყველა ეს კანდიდატურა ასე ვთქვათ, ამერიკულ ფილტრს გაივლის. აქვე ლიტველი პოლიტიკოსი ეხმაურება საქართველოში არსებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს. პალეცკისის განცხადებით, მართალია სააკაშვილს ლიტვის პოლიტიკური ელიტის ნაწილი მხარს უჭერს, მაგრამ უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი სრულიად არაადექვატურია და საკუთარი ხალხის მიმართ არაკეთილმოსურნეა.
ესტონელი ჟურნალისტი, ესტონეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ედუარდ ტინნი კი ქართველებს ურჩევს უარი თქვან ნატოში გაწევრიანებაზე, რადგან მისი თქმით, ქართველების ამ მისწრაფებამ ერთხელ უკვე გამოიწვია ომი და ახლაც იგივე მოხდება, რადგან რუსეთი ახლა კიდევ უფრო ძლიერია. ასევე იგი გვირჩევს, ფინეთის მაგალითი გამოვიყენოთ და თუ კი ევროკავშირში გავწევრიანდებით, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება მაინც უნდა მოვახდინოთ და მასთან აქტიურად ვითანამშრომლოთ.
ესტონეთის პარლამენტის წევრი იანა ტიმმა მისი და მისი კოლეგების საქართველოში ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, ევროკავშირსა და ნატოში ფუნქციების განაწილებიდან გამომდინარე ესტონეთი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხში სამ ქვეყანას - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას უწევს კურატორობას. იანა ტომმა ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს და აცხადებს, რომ ესტონეთის ოპოზიციას ყოველთვის ჰქონდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე მათი ხელისუფლება არასწორ ინფორმაციას აწვდიდა. ამიტომ როდესაც ციხის ცნობილი კადრები იხილეს, ესტონეთის ოპოზიციამ ესტონეთის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სადეპუტატო მიმართვა გაუგზავნა და ჰკითხა, რატომ ხდება ისე, რომ ქვეყნები, რომლებსაც ესტონეთი კურატორობს, „გზიდან არიან აცდენილები“. იანა ტომმას თქმით, იგივე ეხება უკრაინასაც, სადაც საკუთრების უფლება დაუცველია, ბიზნესმენებს მათ ქონებას და ბიზნესებს ართმევენ და ა.შ. ესტონელი ოპოზიციონერის განცხადებით, ხელისუფლებისგან ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მიუღიათ და ადგილობრივი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში მიიღებენ. ამიტომ იანა ტომმა ამბობს, რომ მისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო საქართველოში ვიზიტი, რადგან სიტუაციის ადგილზე გაცნობის საშუალება მიეცა.
ლიტვის სეიმის დეპუტატი იულიუს ვესელკა აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტამდე ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ქართველები ნატოსა და ევროკავშირში ისე მიისწრაფიან, რომ არც აინტერესებთ, ელიან თუ არა მათ ამ ორგანიზაციებში. ვესელკა ამბობს, რომ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება ქვეყნისათვის გარკვეულ ფინანსურ სარგებელს შეიცავს, თუმცა მაგალითად ლიტვის შემთხვევაში ქვეყნიდან ნახევარი მილიონი შრომისუნარიანი ადამიანი არის გასული და სხვა ქვეყნებში იმდენ შიდა პროდუქტს ქმნიან, რაც მთლიანაც ლიტვაში იქმნება. ამიტომ სეიმის დეპუტატი ასკვნის, რომ ეს ადამიანები ქვეყანაში რომ დარჩენილიყვნენ, ლიტვა ორჯერ იმაზე უკეთესად იცხოვრებდა, ვიდრე დღეს.
„ევროკავშირს რაც შეეხება, მის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობის დარგში გაწეულმა დახმარებამ სოფლის მეურნეობის სფეროში მეტი ადამიანის დასაქმება და ამ სფეროში წარმოებული პროდუქციის რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანება გარკვეულ პოზიტიურ მომენტებს შეიცავს. მართალია, ევროკავშირისგან უანგარო დახმარებას არ უნდა ელოდო, მაგრამ როდესაც პატარა სახელმწიფო ხარ, შენთვის ყველა შემთხვევაში მომგებიანია, ევროკავშირს შენი ბაზარი გაუხსნა და სამაგიეროდ მისი ბაზრის სახით ამხელა შესაძლებლობა მიიღო. ნატო კი უკვე ძალოვანი ორგანიზაციაა და აქ სულ სხვა თემაზეა საუბარი. ამასთანავე, როდესაც ნატო კრედიტებს გაძლევს, შენ ეს გიხარია, მაგრამ ვერ ხვდები, რომ ამით ვალების ორმოში ეფლობი, ხოლო ვინც ასეთ ორმოშია ჩაფლული, მას უკვე პირობებს კარნახობენ“, - აცხადებს იულიუს ვესელკა.
ამიტომ იგი გვირჩევს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებების წარმოებისას, უნდა გვქონდეს ალტერნატივა, რათა ამ მოლაპარაკებებში სრულუფლებიან მხარედ ვიყოთ წარმოდგენილები. ასეთ ალტერნატივად ლიტველი დეპუტატი „დსთ“-ს ქვეყნებთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს მიიჩნევს.