აშშ-ში, ილინოისის შტატში კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ABC იტყობინება.
ეს ქვეყანაში ვირუსით დაავადებული მეექვსე შემთხვევაა. დაავადებულ კაცს ვირუსი ცოლისგან გადაედო, რომელიც გასულ კვირას ქალაქ უხანიდან დაბრუნდა. მედიკოსები აცხადებენ, რომ შტატში ვირუსის მასობრივი გავრცელების ალბათობა კვლავ დაბალია.
ამასთან, ცნობილია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსის გლობალური საფრთხის გამოცხადების საკითხზე კვლავ მსჯელობს. ორგანიზაცია ამ თემას გასულ კვირასაც განიხილავდა, თუმცა მაშინ დაასკვნა, რომ ვირუსი საფრთხეს მხოლოდ ჩინეთისთვის წარმოადგენს.
ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ქვეყანაში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 1737-ით, დაღუპულთა რაოდენობა კი 38-ით არის გაზრდილი. ვირუსი მთელ ჩინეთში გავრცელდა.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 105 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ლეტალური შემთხვევები მხოლოდ ჩინეთში დაფიქსირდა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, ტიბეტში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში, ფილიპინებზე, ვიეტნამსა და კანადაში.