ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის ხელისუფლებამ ტყის ხანძრების გამო ქვეყნის დედაქალაქ კანბერაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კანბერის რეგიონში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძრები მძვინვარებს. კერძოდ, რეგიონის სამხრეთ ნაწილში 18 500 ჰექტარი იწვის. ხელისუფლება ადგილობრივებს შესაძლო ევაკუაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს.
ავსტრალიის ფედერალურ ტერიტორიაზე 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ტერიტორიას ეკუთვნის ქალაქი კანბერა, მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ზონა და ეროვნული პარკი ნამაჯი.
ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა.