მართალია, კორონავირუსი ბავშვებისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვანკუვერის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მშობლებს ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვისკენ მოუწოდა. მათი თქმით, ვირუსის თავიდან აცილების მიზნით ჰიგიენის გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია. ბავშვებმა ხელები რეგულარულად უნდა დაიბანონ, გაციების ან გრიპის შემთხვევაში პატარები სახლში უნდა დარჩნენ, დაცემინების ან დახველების შემთხვევაში ადამიანებმა სახეზე ხელები უნდა აიფარონ, რათა ნებისმიერი სახის ვირუსული დაავადების გავრცელების თავიდან აცილება შეძლონ.
ვანკუვერის რეგიონალური ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გავრცელება ხველებით და ცემინებით ხდება, სწორედ ამიტომ, ნებისმიერი შეუძლოდ მყოფი ადამიანი, გრიპის ან გაციების მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი აუცილებლად სახლში უნდა დარჩეს.
კანადის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების დაბალი ალბათობისა, ისინი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზად არიან.