ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ქვეყანაში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 1737-ით, დაღუპულთა რაოდენობა კი 38-ით არის გაზრდილი. ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ტიბეტშიც.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.