„შესაძლოა რაღაც აქციები დაიწყოს, მაგრამ ეს მასშტაბური არ იქნება. ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს არ იქნება ისეთი სიმძლავრის, რაც გავრილოვის ვიზიტისას მოხდა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ოკუპაციის შესახებ" კანონის გვერდის ავლით, მაისში თბილისში დაგეგმილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეკრების ფარგლებში რუსული დელეგაციის ვიზიტს.
ამ გადაწყვეტილების შესახებ სამშაბათს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო ვალდებულებებისა და ევროპის საბჭოს პრინციპების პატივისცემის გამო, საქართველოს ხელისუფლება მზადაა რუსეთის დელეგაციას უმასპინძლოს და „გადააბიჯოს საკუთარ საკანონმდებლო აქტს" („კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"), რომელიც შესაძლოა რუსეთის დელეგაციის ზოგიერთ წევრს შეეხოს.
ოპოზიცია და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს.
ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ ზომიერი პროტესტი მაშინ უნდა გამოხატოს, როდესაც საქმე გადაწყდება და სერგეი ლავროვის საქართველოში ვიზიტი დღის წესრიგში დადგება.
„ახლა ოპოზიციის მიერ მასშტაბური აქციების აგორება ფაქტიურად გამორიცხულია. შესაძლოა რაღაც აქციები დაიწყოს, მაგრამ ეს მასშტაბური არ იქნება, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს არ იქნება ისეთი სიმძლავრის, რაც გავრილოვის ვიზიტისას მოხდა, თუნდაც იმის გამო, რომ საზოგადოება ახლა ამისთვის მზად არ არის და სხვა პრობლემები აქვს.
„უფრო მივემხრობოდი იმას, რომ თუ პროტესტია გამოსახატი, იყოს საზოგადოებრივი პროტესტი, მაგრამ ეს მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც საქმე გადაწყდება, ან როდესაც გადაწყვეტის მომენტში იქნება.
„სულაც არ ვარ წინააღმდეგი, რომ „ოკუპაციის კანონის" გარკვეული მუხლები შეჩერდეს და საქართველოში ეს ვიზიტი განხორციელდეს, რადგან არ ვთვლი, რომ ეს დიდი უბედურების მომტანია.
„კარგი იქნება ხელისუფლებამ შეაჩეროს „ოკუპაციის კანონი" და ეს ვიზიტი განხორციელდეს, მაგრამ უფრო კარგი იქნება თუ ვიზიტისას საზოგადოების ზომიერი პროტესტი იქნება. ეს უფრო უკეთესი მგონია, ვიდრე ხისტი დამოკიდებულება გამოვავლინოთ.
„30 წელია ამ ხისტი დამოკიდებულებით მუდმივად ვსაუბრობთ აფხაზეთთანაც, სამაჩაბლოსთანაც და შედეგიც აგერაა, მგონია, რომ რაღაცეების გადაფასების დროა, არა პოზიციების შეცვლით, არამედ ურთიერთობებში სხვა ნორმების და აზრების შემოტანით. ოპოზიცია ალბათ შეეცდება, რომ ეს გამოიყენოს, მაგრამ არ მგონია ამას დიდი მასშტაბის აქციები მოჰყვეს", - განაცხადა ძაბირაძემ.