საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ერთი შეხედვით, მიტ რომნის კოშმარულ ვერსიას ჰგავს. თავისი $6,4-მილიარდიანი კაპიტალით, იგი ყველაზე მდიდარი ადამიანია საკუთარ ქვეყანაში, ხოლო Forbes-ის მილიარდერთა სიაში 153-ე ადგილზეა. მისი ადგილმამული, ცხოველთა ეგზოტიკური კოლექცია ზებრების, კენგურუებისა და პინგვინებისგან შედგება. და მისი რვაწუთიანი სარეკლამო საარჩევნო ვიდეორგოლები უფრო სენტიმენტალურია, ვიდრე ფილმები ჟანრიდან Love Story.
მიუხედავად ამისა, ივანიშვილის ახალგაზრდა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მწვავე საარჩევნო კამპანიის შემდეგ, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. თითქოს, ისიც დაუჯერებელია, რომ შეურიგებელმა სააკაშვილმა დამარცხება აღიარა, აუნთო რა მწვანე შუქი ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას პირველად მას შემდეგ, რაც პატარა კავკასიურმა ქვეყანამ საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ივანიშვილის მმართველობა სერიოზული ძვრის აღმნიშვნელი გახდება საქართველოს რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობებში, როგორც დემოკრატიზაციის მაგალითი სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც დესპოტური რეჟიმების ჭაობში არიან ჩაფლულნი. გარდა ამისა, ის იმის დემონსტრირებასაც ახდენს, რომ სიმდიდრის როლი დემოკრატიულ პროცესში არ საჭიროებს შეზღუდვას კამპანიის დაფინანსებაში; სინამდვილეში, ბევრ განვითარებად ქვეყანაში, პოლიტიკური მისწრაფებების მქონე მდიდარი ადამიანები ერთადერთნი არიან, ვისაც შეუძლია ოპოზიციური პარტიის წარმატებით ორგანიზება.
უფროსი ძმა თვალყურს გადევნებს
სააკაშვილის ადმინისტრაციასა და რუსეთს შორის ურთიერთობა, ყველაზე ცოტა, უსიამოვნო იყო. თავისი ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში, პრეზიდენტი დასავლეთისკენ ლტოლვით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ცდილობდა. გარდა ამისა, იგი შეეჯახა სეპარატისტულ მოძრაობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომლებიც რესეთის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. 2008 წელს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია, როდესაც ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთში ამ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის მიზნით შეიჭრა, რასაც საპასუხოდ საქართველოში რუსეთის ინტერვენცია მოჰყვა, რამაც მძაფრი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. პოლიტიკური დაძაბულობის გარდა, საქართველო სერიოზულად არის დამოკიდებული მის ჩრდილოელ მეზობელზე ენერგომომარაგების თვალსაზრისით. მაგრამ რადგან ვითარება შეიცვალა, თბილისმა ბუნებრივი გაზის დიდი ნაწილის იმპორტირება აზერბაიჯანიდან დაიწყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ 2006 წლის შემდეგ აირის ფასი ორჯერ გააძვირა.
არჩევნების დროს სააკაშვილმა ივანიშვილი იმაში დაადანაშაულა, რომ ის ცდილობდა საქართველოს დაბრუნებას რუსეთის კონტროლქვეშ, რასაც მილიარდერი (რომელმაც რუსეთში დააგროვა თავისი ქონება) უარყოფს. ის პოზიტიურადაა განწყობილი ნატოში საქართველოს გაწევრიანებისადმი. ამავე დროს, მას რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილიც გააჩნია. როგორც ჩანს, საქართველო შეეცდება ისეთი პოლიტიკის წარმოებას, რომელიც მარტივად პროდასავლური არ იქნება, როგორც ეს იყო წინა ადმინისტრაციის დროს. რეგიონში, სადაც ისტორიულად დასავლეთს, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის დაძაბულობა იყო, ამგვარი დაბალანსება შეიძლება პრობლემატური აღმოჩნდეს.
ფული ყველაფერს წყვეტს
სააკაშვილიც და ივანიშვილიც ხელისუფლების სათავეში ნაწილობრივ წინამორბედების მიმართ განრისხების ტალღაზე მოვიდნენ. 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს სააკაშვილი სათავეში ედგა დემოკრატიულ აქციებს გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ, რასაც საბოლოოდ, მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა, რომელიც ქვეყანას 30 წელზე მეტხანს მართავდა. მიმდინარე წელს, ეკონომიკურმა სტაგნაციამ და ვიდეომასალამ, რომელშიც ციხის თანამშრომლები პატიმრებზე ძალადობდნენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საყოველთაო იმედგაცრუება გამოიწვია. ამ პოლიტიკური უკმაყოფილების გამოხატულება კოალიცია „ქართული ოცნება“ ექვსი პარტიისაგან შედგება, რომელთაც მხოლოდ ყოფილი ხელისუფლებისადმი მტრობა აერთიანებს. ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ამ მოძრაობის საყრდენი ძალა აღმოჩნდა.
გაურკვეველია, გაჩნდებოდა თუ ივანიშვილის გარეშე ისეთი პოლიტიკური ფენომენი, როგორიც „ქართული ოცნებაა“. მასში ისეთი ფაქტორების შერწყმის წყალობით, როგორიცაა პოლიტიკური მოტივაცია, უზარმაზარი ფინანსური რესურსები და მაღალი ხელმისაწვდომობა, მოძრაობა იმაზე ფართოდ გავრცელდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, და ძლიერი პოლიტიკური საშუალებებით გაუბედურებულ ქართველებს უკმაყოფილების გამოხატვის შესაძლებლობა მისცა. როგორც ჩანს, სხვა ქვეყნებში (კერძოდ, იქ, სადაც ტარდება არჩევნები, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს) პოლიტიკურ ცვლილებებს შეიძლება ხელი შეუწყოს ძლიერმა ფიგურამ ისეთი რესურსებით, რომელიც საკმარისია ფესვგადგმულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან საბრძოლველად.
რა თქმა უნდა, ერთი ფიგურის ირგვლივ ასეთი სახალხო მხარდაჭერის კონცენტრირება გარკვეული საფრთხის შემცველია; ამის შედეგად შეიძლება კიდევ უფრო ავტოკრატიული სახელმწიფოს მიღება, რომელსაც ქარიზმატული პლუტოკრატი განამტკიცებს.
თუმცა, თუკი ორივე ძალა, როგორც ახალი, ასევე ძველი პარტია მოწოდებული იქნება დემოკრატიისკენ, ისეთი ოპოზიციური მოძრაობა, როგორიც ზემოთ დავახასიათე, შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს. არ ვამბობ, რომ ასეთი სცენარის მიღება იოლია; თუმცა საქართველოში ივანიშვილის ოცნება, შესაძლოა, მართლაც ახდეს.
foreignpress.ge