სხვადასხვა ქვეყანა ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს მას შემდეგ, რაც ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე ინფიცირებულთა რიცხვი კი 6000-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
იაპონია და აშშ ერთ-ერთი პირველი ქვეყნები იყვნენ, რომლებმაც უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, ოთხშაბათს დილით ტოკიოს ჰანედას აეროპორტში 200-მდე მგზავრით თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რომელთაგან ოთხი მგზავრიც ვირუსის ნიშნებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩარტერული რეისით გაფრინდნენ ამერიკის მოქალაქეთა ნაწილიც. ისინი ალასკაზე, ქალაქ ანკორიჯში იმყოფებიან, სადაც კალიფორნიაში გამგზავრებამდე ვირუსზე შემოწმებას გაივლიან.
ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მთავრობებმა კი განაცხადეს, რომ ერთად განახორციელებენ ჰუბეის პროვინციიდან თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციას. ევაკუირებული ხალხი კი შობის კუნძულზე 14 დღის განმავლობაში დარჩება, რათა ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში მისი გავრცელების არეალი შეზღუდული იყოს.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ევროკავშირის მოქალაქეები საფრანგეთის ავიახაზების ორი რეისით დაბრუნდებიან სამშობლოში. სამხრეთ კორეასა და მონღოლეთსაც ევაკუაციის მსგავსი გეგმები აქვთ.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.