„ბატონებო, ავტომობილები და ავეჯი სხვას გადაეცით, მაგრამ ნახმარი უნიტაზებით ვაჭრობა „ნაცების“ ბიზნესია?“

„ბატონებო, ავტომობილები და ავეჯი სხვას გადაეცით, მაგრამ ნახმარი უნიტაზებით ვაჭრობა „ნაცების“ ბიზნესია?“

ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის სახსრების მოპოვებისა და მათი მიზნობრივად ხარჯვის საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლაშა თორდიას უწყებას მოუწოდებს არაგეგმიური აუდიტი ჩაატაროს. 360 მლნ ლარიანი შენობის მშენებლობის პროცესთან  დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფმა უკვე დადგენილებაც მოამზადა, რომელსაც ხვალ დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მშენებლობა დაუმთავრებელია და ის შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ საკუთრებას წარმოადგენს. მშენებლობის ნებართვა კი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, ქუთაისის მერიამ გასცა, რაც უკანონოა. მათი ცნობით, პირველ ეტაპზე, ქუთაისის მერიამ სამუშაოებში 65, 5 მლნ ლარი გადაიხადა, ხოლო მოგვიანებით, კერძო სამართლის იურიდიულ პირს -  272 მლნ ლარის დაფარვა მოუწია. საყურადღებოა ის სქემა, რომლითაც ბიურო თავის ანგარიშზე თანხების აკუმულირებას ახდენდა. კერძოდ, მას პრივატიზაციის მიზნით, სახელმწიფო ქონება გადაეცემოდა, რომელიც საწესდებო კაპიტალში შეჰქონდა და მის რეალიზაციას ახდენდა. მოზიდული თანხებით კი, თავისი შეხედულებით თუ დავალებით მშენებლობის დაფინანსებას ახორციელებდა. ცალკე აღნიშვნას მშენებლობის პროცესის დაგეგმვის საკითხიც მოითხოვს. კერძოდ, ქუთაისის მერიასა და სამშენებლო კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ პარლამენტის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 1, 5 მლნ ლარი იქნებოდა, თუმცა, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, ხელშეკრულებაში დამატება შვიდჯერ შევიდა და იგი 250 მლნ ლარამდე გაიზარდა. თუმცა, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი და დღეის მდგომარეობით, მშენებლობაზე 360 მლნ ლარი დაიხარჯა და მშენებლობის დასრულებისთვის დამატებით დაახლოებით 15-17 მლნ ლარია საჭირო. ამ დრომდე კი, მშენებლობის ბედი გაურკვეველია.

აღსანიშნავია, რომ ხარჯთაღირცხვის საკითხის გარდა, პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ შენობაში სეისმომედეგობისა და სამშენებლოო ეკოლოგიური მაჩვენებლების დადგენა ამ დრომდე არ მომხდარა. გამჭირვალე შენობაში დასაქმებული ადამიანები კი, ჯანმრთელობის კუთხით წარმოშობილ პრობლემებზე უკვე საუბრობენ. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი აპარატის თანამშრომელს მტვრის პარაზიტსა და ნესტზე ალერგია დაემართა, რის გამოც, ის იძულებული გახდა საპარლამენტო საქმიანობაზე დროებით უარი ეთქვა, ბიულეტინი აეღო და მკურნალობა თბილისში საკუთარ სახლში გაეგრძელებინა. ეს ქალბატონი, რომლის ვინაობასაც For.ge მისი სურვილის შესაბამისად არ ასახელებს, საკუთარ საქმეს უკვე დაუბრუნდა, თუმცა, აცხადებს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პრობლემები აქამდე არასოდეს ჰქონია. უნდა ითქვას, რომ ამ ქალბატონის გარდა, აპარატის თანამშრომლები ბოლო პერიოდში, სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ. მართალია, შენობის აივნებზე  ხელოვნურად მოწყობილი მწვანე მდელოები ბუნების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ შენობაში ჰაერი მართლაც არ მოძრაობს, განსაკუთრებით მაღალ სართულებზე. ამ მხრივ კი, განსაკუთრებით, დავით უსუფაშვილი იჩაგრება, რადგან მისი კაბინეტი მეექვსე სართულზეა განთავსებული. უჰაერობასთან და დისკომფორტთან დაკავშირებით, სპიკერმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან იხუმრა კიდეც, რომ შენობაში ხანგძლივი ყოფნის შემდეგ „ჰალუცინაციები“ მეწყებაო.

დეპუტატები პარლამენტის თბილისში გადატანაზე აქტიურად საუბრობენ, მაგრამ უკვე ირკვევა, რომ საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, ანუ ივნისამდე დედაქალაქში ვერ დაბრუნდება. მიზეზი მარტივია - რუსთაველის გამზირზე განთავსებული შენობის სამართლებლივი მხარე ასე თუ ისე გვარდება (შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება), მაგრამ შენობაში დანგრეული სხდომათა დარბაზისა და საკომიტეტო დარბაზების მშენებლობა თებერვლამდე ვერ ესწრება. პარლამენტის აპარატის თანამშრომლები კი ამბობენ, რომ თუ ორგანო ქუთაისში ზაფხულამდე დარჩება, უწყებიდან კადრების გადინება თებერვლიდან დაიწყება.

For.ge-სთან საუბარში თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი ქუთაისში  ივნისამდე დარჩენას ვერ შეძლებენ, რადგან მათ ოჯახები ჰყავთ.

„ნელ-ნელა კადრების გადინება დაიწყება და თანამშრომლებს გაფიცვაც კი აღარ დასჭირდებათ. პარლამენტში ძალიან კარგი კადრებია და ყველა უწყება მიგვიღებს“, - დასძინა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

რაც შეეხება თბილისის პარლამენტიდან გატანილი ინვენტარის საკითხს, for.ge-ს ინფორმაციით, ამ საქმის შესწავლას მთავარი პროკურატურა დაიწყებს.

პარლამენტის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, for.ge საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, გია ცაგარეიშვილს ესაუბრა:

პარლამენტი აუდიტის სამსახურს მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობის ფინანსური საკითხი შეისწავლოს. თუმცა, რამდენად ობიექტურად მოხდება საკითხის გამორკვევა, რადგან ამ უწყებას, „ნაციონალური მოძრაობისკადრი - ლაშა თორდია ხელმძღვანელობს?

- მართლაც, საკმაოდ საჩოთირო საქმეა, რადგან აუდიტის სამსახურს თორდია მოგელაძესთან ერთად ხელმძღვნელობს და მათ ვინ ენდობა? თან, ზესტაფონის არშემდგარი დეპუტატი - ბეჟან ბუცხრიკიძეც მაგათთან მიბრძანდა. თუ ამ მასალებს მათ არ გადავუგზავნით, აბა, ვის მივმართოთ? არ გამოვრიცხავ, რომ ეს მასალები პროკურატურაში გადაიგზავნოს, მაგრამ ჩვენ ხომ აუდიტის სამსახური გვყავს? პარლამენტის მარჯვენა ხელი - აუდიტის სამსახური უნდა იყოს, მარცხენა კი - სახალხო დამცველი, მაგრამ ერთი ხელი მოჭრილი გვაქვს, რადგან ძველი კონტროლის პალატა „ნაციონალური მოძრაობის“ არშემდგარი ლიდერების ბუდეა. სწორედ, იქ მუშაობს ქალბატონი მოგელაძე, რომელმაც მთელი საქართველო დააყადაღა და ადამიანები ქუჩაში გაყარა. ამ ქალბატონის და ბევრი პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ადრე თუ გვიან დადგება. ფაქტია, რომ ეს მასალები, აუდიტის სამსახურისთვის პირველი ტესტი იქნება. კერძოდ, თუ როგორი ობიექტური და მიუკერძოებული იქნება ლაშა თორდიას უწყება. ახლა გამოჩნდება, ძაღლი ძაღლის ტყავს დახევს?

როგორ ფიქრობთ, დახევს?

- ვფიქრობ, რომ არა. თუმცა,  ვალდებული ვართ, რომ ეს მასალები აუდიტის სამსახურს  გადავუზაგვნოთ.

თბილისის პარლამენტის შენობიდან გატანილია ინვენტარი და დანგრეულია სამი დარბაზი. პროკურატურა თუ დაინტერესდება ინვენტარის საკითხით და  თუ დადგება მაღალი თანანმდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი?

- მარადიორობის კლასიკური შემთხვევაა. თუმცა, არაკლასიკური როგორია ეს დავით ბაქრაძესა და დავით ჯანიაშვილს უნდა ჰკითხოთ, რომლებმაც  ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ინვენტარი უკვალოდ გამქრალიყო. ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ იმ თანანმდებობის პირთა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ნამდვილად უნდა ვისაუბროთ, რომლებიც შენობის ძარცვასთან დაკავშირებულები არიან. რაც შეეხება ძალოვანი უწყებების მხრიდან ამ საკითხით დაინტერესებას, ვფიქრობ, რომ უნდა შეისწავლონ, რადგან ის, რაც მოხდა წარმოუდგენელია. დეპუტატებს სკამები ააცალეს.  ჩვენი ფრაქცია - „სამართლიანი საქართველოსთვის“ ერთადერთი იყო, საიდანაც კალამიც კი ვერ გაიტანეს.

თქვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე აკეთებთ აქცენტს.  პარლამენტს დავით ბაქრაძე და დავით ჯანიაშვილი ხელმძღვანელობდნენ, თუმცა, საუბარია იმაზე, რომ უწყების დემონტაჟი და ინვენტარის გატანა ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით მოხდა. კონკრეტულად ვინ გასცა ბრძანება?

- შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა გადაცემული და საპრეზიდენტო ფლიგელში, დღესაც საპარტნიორო ფონდია განთავსებული, მაგრამ მათთვის ცოდვების აკიდება, ეს მეისრის მოძებნის მცდელობაა. შენობასა და ინვენტარზე კონტროლი ბაქრაძისა და ჯანიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი იყო და თუ ისინი იტყვიან, რომ არაფერი იციან, ამ შემთხვევაში, არ ცოდნა არ ცოდვა არ არის. აპარატის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ელიავას ბაზრობიდან მუშები მოიყვანეს და დარბაზები დაანგრიესო. არჩევნების შემდეგ კი, თურმე მიღება-ჩაბარების აქტები ძველი რიცხვით შეადგინეს. სწორედ ის უნდა იქნას გარკვეული - ამ მუშებს ვინ მისცა ფული, ვის გადაეცა ინვენტარი და ვინ გასცა ბრძანება.

თქვენი ვარაუდით, ვინ გასცა ბრძანება?

- უპირობოდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა. ადამიანი, რომელიც თავის კაბინეტში ფარულ ჩანაწერებს ახარისხებს, ის ბრძანებას არ გასცემდა? გვეუბნებიან, რომ მოითმინეთო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს რომ ოვალური დარბაზი დაენგრია, რას იზამდნენ? ყველამ თავის ხუშტურებზე უნდა იაროს? ეს ზარალი მან უნდა დაფაროს, ვინც ეს ზარალი უწყებას მიაყენა, მაგრამ ვერა ქობალიას რა უნდა მოვკითხოთ, მან ის ვერ გაარკვია სად იყო და თავი თონეში ეგონა. ყველაზე მეტად გული იმ ტრიბუნაზე დამწყდა, საიდანაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ის მაგიდა თუ შეინარჩუნეს, სადაც ედუარდ შევარდნაძემ 1995 წლის კონსტიტუციის მიღებას ხელი მოაწერა, ამ ხელნაკეთმა ტრიბუნამ რა დააშავა, რომელიც დალეწეს? ესენი არიან ბარბაროსები.

პარლამენტიდან ინვენტარი სატვირთო ავტომანქანებით გაჰქონდათ და ოფიციალური ინფორმაცია არ კეთდებოდა - თუ სად მიჰქონდათ ნივთები. სანამ პროკურატურა ამ საკითხის შესწავლას დაიწყებს და ყველაფერს ნათელი მოეფინება, თუ გაქვთ ინფორმაცია ვის გადაეცა ინვენტარი?

- ამბობენ, რომ ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურსა და თვითმართველობებს გადაეცათ.

ნაციონალური მოძრაობისპარტიულ ოფისებს?

- არ არის გამორიცხული, რომ ასეც იყოს. არჩევნების შემდეგ, უამრავი ავტომანქანა და უახლესი ტექნიკა თბილისის მერიასა და რამდენიმე გამგეობას გადაეცა. ეტყობა, ამ ავტომობილებით გიგი უგულავა ლას-ვეგასში პოკერის სათამაშოდ წასვლას აპირებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ საკითხს, ნათელი მოეფინოს. პარლამენტის გაძარცვის მსგავსი რამ, მგონი „მხედრიონსაც“ არ გაუკეთებია. კომიტეტის თავმჯდომარეების საპირფარეშოებიდან მოპარულია თუ გატაცებული ნახმარი უნიტაზები და დუშ-კაბინები. ბატონებო, ავტომობილები და ავეჯი სხვას გადაეცით, მაგრამ ეს ნახმარი ნივთები, რად გინდათ? ნახმარი უნიტაზებით ვაჭრობა „ნაცების“ ბიზნესია? ქვეყანა ნატოსთან და ევროკავშირთან დგას და პარლამენტს  იურიდიული მისამართი არ აქვს, ეს სირცხვილი არ არის?

რაც შეეხება პარლამენტის დედაქალაქში გადატანას. საუბარია, რომ რუსთაველის გამზირზე არსებული შენობის გარემონტება საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ვერ მოესწრება. ანუ, პარლამენტი ქუთაისში ზაფხულამდე დარჩება?

- რემონტი უნდა დაიწყოს და პრეზიდენტის ფლიგელში არსებული დარბაზიც უნდა გარემონტდეს, რომელიც მინუს მეორე სართულზეა. ასევე უნდა მოხდეს  - ცენტრალური დარბაზისა და ილია ჭავჭავაძისა და პირველი რესპუბლიკური დარბაზების გარემონტება, რაც დროსა და სახსრებს მოითხოვს.  მშენებლობისთვის დაახლოებით 4-5 მლნ ლარია საჭირო. ეს კი, შეიძლება საგაზაფხლო სესიის დასრულებამდე ვერ მოესწროს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უნდა რსცხვენოდეთ, რომ 700 ადამიანი, დღეს ქუთაისში ქირით ცხოვრობს და ოჯახებს მოწყვეტილნი არიან. საქართველოს ბედი ერთი ადამიანის თარგზე ირებოდა. როგორც გამოჩნდა, უმაღლესი თანანმდებობის პირები ორგიებში მონაწილეობენ და ლას-ვეგასიდან დაწყებული თბილისით დამთავრებული საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავდნენ. პრეზიდენტი კი, მარტო ელექტოენერგიაზე 800 ათას ხარჯავდა და მაინტერესებს, ნაგვის ფულს რამდენს იხდიდა? ფაქტიურად, ტრაგიკომიკური ვითარებაა. გაძვალტყავებულ ქვეყანას, რომელსაც 2 მლრდ ლარი სოციალურად შეჭირვებულებისთვის სჭირდება, იმის ფუფუნება აქვს, რომ ასეთი პარლამენტი იყოს? ეს არის ამორალური საქციელი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ამ ალპინისტებმა, რა დააშავეს?  - ქუთაისში რამდენი ჩამოვალ, იმდენი სახურავზე არიან. მსოფლიოში მთები აღარ არის, ამ ხალხმა პარლამენტის სახურავზე რომ  არ იაროს? ამ სახურავზე, მიხეილ სააკაშვილს ავიყვანდი და მისთვის მიუღწეველ ოცნებას - ლაზიკას იქედან დავანახებდი.