პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას განცხადებით, უცხოეთში მყოფი ქუთაისელი კანონიერი ქურდები არჩევნებში ხმებს ნაციონალებს „აძლევდნენ“. ამ მიზნით მათ სახელზე ყალბი პირადობის მოწმობები გაიცა. გოგი წულაიამ ამ ადამიანებზე გაცემული ყალბი პირადობის მოწმობების საკითხის შესწავლის მიზნით ძველ პროკრატურას უკვე მიმართა, თუმცა, პასუხი არ მიუღია. ამჯერად მან ახალი ხელისუფლების პირობებში განმეორებით მიმართა პროკურატურას და გაყალბებების გამო გამოძიების დაწყება მოითხოვა.
თქვენ აცხადებთ, რომ ნაციონალები კანონიერი ქურდების სახელს იყენებდნენ და ყალბი მოწმობების საფუძველზე არჩევნებში მათ ნაცვლად ხმებს აძლევდნენ, რა ინფორმაციას ფლობთ?
- ამას მარტო კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით არ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ვიცი, მათ მაგივრად არჩევნებში ვინ მისცა ხმა, ამ ადამიანებს დღესაც ეშინიათ და სიმართლეს არ ამბობენ. საერთოდ, არჩევნებისთვის მრავალი ყალბი პასპორტი დამზადდა. ამის შესახებ არჩევნებამდეც ვამბობდი და პირველ ეტაპზე პროკურატურასაც გადავეცი ხუთი ადამიანის სახელი და გვარი, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ საარჩევნო სიაში. იუსტიციის სახლიდან მომწერეს ამის შესახებ და დამიდასტურეს, რომ მათზე გაცემული იყო მოწმობები. ამიტომაც ეს საქმე პროკურატურას გადავეცი და ვითხოვდი, დაწყებულიყო გამოძიება და აღნიშნული დანაშაულის ფაქტები განზოგადებულიყო. ჩვენი რესურსით მეტი მონაცემების მოძიება ვერ მოვახერხეთ. იმის გამო, რომ გაყალბებული მოწმობების საქმის გამოძიება ძველმა პროკურატურამ არ დაიწყო, ახლა ხელმეორედ მივმართეთ საოლქო პროკურორს და ტელევიზიით მოვუწოდეთ არჩილ კბილაშვილს, ამ ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს. როგორც ვიცი, ათასზე მეტი იყო ასეთი მოწმობა. საინტერესო იქნებოდა, როგორ გამოიყენეს ეს მოწმობები, ვინ დაავალა ყალბი დოკუმენტების დამზადება, რომელმა სამსახურის უფროსებმა გამოიყენეს ეს გაყალბებისთვის, ეს ყველაფერი გასარკვევია. მაგალითად, ორი ფაქტის შესახებ ვიცი, რომ ანდრო ლოსაბერიძე და კაკო სიხარულიძე იყენებდნენ ამ მოწმობებს.
კონკრეტული ეჭვი ვინმეზე თუ გაქვთ, ვინც დაამზადებინა ეს გაყალბებული მოწმობები?
- ალბათ, თბილისიდან იყო ეს მოთხოვნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალი ეშელონებიდან - ან მაჭავარიანი, ან მერაბიშვილი იქნებოდა ამ საქმეში ჩართული.
გაყალბებული პირადობის მოწმობები თქვენ როგორ ჩაგივარდათ ხელში?
- გაყალბებული მოწმობები ხელში არ ჩამვარდნია, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, თვითონვე მეუბნებიან ეს ადამიანები, რომ ასეთნაირად ხდებოდა. კონკრეტულად, ამომრჩევლებს სამარშრუტო ტაქსებში სვამდნენ, აძლევდნენ ამ პირადობის მოწმობებს, მიიყვანდნენ უბანთან, ისინიც შევიდოდნენ, მისცემდნენ ხმას, გამოვიდოდნენ, ჩასხდებოდნენ „მარშრუტკებში“ და მაშინვე ართმევდნენ ყალბ პირადობის მოწმობებს. ასე რომ, ამ ყალბი დოკუმენტების ქსეროასლით გადაღება და რამენაირად ხელში ჩაგდება ძნელი იყო.
ანუ, თავის მომხრეებსაც ბოლომდე არ ენდობოდნენ?
- დიახ, ისინი კონტროლის ქვეშ ჰყავდათ. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს ამ ყალბი მოწმობების რამდენიმე ეგზემპლარი გუბაზ სანიკიძეს ჩაუვარდა. ამიტომ, ეს ფაქტი გაითვალისწინეს და ახლა მეტ სიფრთხილეს მიმართეს. ამიტომაც სვამდნენ ადამიანებს სამარშრუტო ტაქსებში და ართმევდნენ წინასწარ მიცემულ მოწმობებს. წინა არჩევნებში ეს დანაშაული არაორგანიზებულად ჩაიდინეს და იმიტომ გახმიანდა. წელსაც ეს ფაქტები განმეორდა. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინდელ პროკურატურას, კანონის მიხედვით, სამ დღეში უნდა მოეწერა ჩემთვის პასუხი, რომ ამ ფაქტებზე გამოძიებას ვიწყებთ, ან ეს ფაქტები არ არის გამყარებული და ამაზე გამოძიება არ დაიწყება. თუმცა მათ დუმილი არჩიეს. ამჯერად ახალი მთავრობა გვყავს და გამოიძიონ.
აღნიშნული ყალბი მოწმობები ძირითადად იმ ადამიანებზე გაიცემოდა, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებოდნენ?
- რა თქმა უნდა, იმ პირებზე გაიცა, ვინც საქართველოში არ არის.
მათ შორის, ხომ არ ყოფილან ჩინელები ან საქართველოში ახლად დამკვიდრებული სხვა ხალხი? ამის შესახებ ეჭვები იმთავითვე არსებობდა.
- ამის შესახებ არაფერი ვიცი.
კონკრეტულად რომელ კანონიერ ქურდზე გაიცა ყალბი მოწმობა?
- არის ასეთი, ბესო აბზიანიძე, ქუთაისელი კანონიერი ქურდი, რომელიც, თუ არ ვცდები, ამჟამად საბერძნეთში იმყოფება. მისი გრაფის გასწვრივ ხმა არის მიცემული და ხელია მოწერილი. ამ სიტყვებზე სრულად ვარ პასუხისმგებელი. ისიც ვიცი, თუ რომელი ადამიანი შევიდა მისი მოწმობით, აიღო ბიულეტინი, მოაწერა ხელი და ჩააგდო ყუთში. არადა, ბესო აბზიანიძე საბერძნეთიდან არც კი ჩამოსულა. ის კანონიერი ქურდია და აქ რატომ ჩამოვიდოდა, რაში აინტერესებდა ეს არჩევნები?! მე ვიცნობ პიროვნებას, რომელმაც თავად მითხრა ამის შესახებ, ოღონდ, კიდევ ეშინია, რომ ამ ფაქტის შესახებ გაამჟღავნოს.
კიდევ რომელმა კანონიერმა ქურდმა „მისცა ხმა“ არჩევნებში?
- სოფრომაძეა ერთი, სახელი აღარ მახსოვს, „სოპოტიას“ მეტსახელით იცნობენ. ისიც საფიჩხიაზე ცხოვრობდა, მაგრამ ამჟამად წასულია საზღვარგარეთ. მგონი, 20 წელიწადია, საქართველოსკენ არ გამოუხედავს. მასზეც ყალბი მოწმობა გაიცა. ზოგადად, მრავალ ადამიანზეა გაცემული ყალბი მოწმობები, რომლებზეც იცოდნენ, რომ ისინი საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ.