ახალი მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა

ახალი მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა

სააკაშვილის გუნდი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოსახლეობას საშემოსავლო გადასახადის ორი პროცენტით შემცირებას ჰპირდებოდა. ამ ინიციატივის თანახმად, ეს გადასახადი 20-ის ნაცვლად 18% გახდებოდა. ახალ ხელისუფლებას კი ამ საკითხის მიმართ სულ სხვაგვარი მიდგომა აქვს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დავით ებრალიძე აცხადებს, რომ საშემოსავლო გადასახადის ორი პროცენტით შემცირება დიდი შემოსავლის მქონე ადამიანებს უფრო მეტ თანხას დაუზოგავს, ვიდრე მცირე ანაზღაურებაზე მომუშავე პირებს. ახალი ხელისუფლების მიზანი კი არის, რომ სწორედ მცირეშემოსავლიან ადამიანებს უფრო მეტი შეღავათი ჰქონდეთ. ამიტომ, ახალი მთავრობა გამოდის ინიციატივით 2013 წლიდან „დაუბეგრავი მინიმუმის“ ცნება შემოვიდეს.  

დაუბეგრავი მინიმუმის განაკვეთი შეეხებათ იმ პირებს, ვისი ხელფასიც თვეში 500 ლარზე ნაკლებია. ასეთ კატეგორიაში, სავარაუდოდ, მოხვდებიან სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, განათლების სექტორში დასაქმებულები, ძირითადად პედაგოგები, დამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმრობისა და რესტორნების, ჯანდაცვის, ვაჭრობის სფეროში მომუშავე პერსონალი.

როგორ მოხდება ტექნიკურად ამ შეღავათის ადმინისტრირება და კიდევ რა ცვლილებებს გეგმავს ახალი ხელისუფლება საგადასახადო კუთხით, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბარათაშვილი ესაუბრება.

მამუკა ბარათაშვილი: „ეს შეღავათი შეეხებათ იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს, იგულისხმება დაუბეგრავი შემოსავალი. შესაბამისად, დაბეგრილი შემოსავალი 4800 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამდენად, თუკი ადამიანს თვეში ხელზე ასაღები ხელფასი აქვს 400 ლარი (ანუ დასარიცხი 500 ლარი), ამ შემთხვევაში მას დაუბეგრავი მინიმუმი შეეხება. ეს იმას გულისხმობს, რომ წლის დასრულების შემდეგ ამ ადამიანს უფლება ექნება მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა დაიბრუნოს. მაგალითად, თუ ადამიანს ხელფასი აქვს 400 ლარი, მას უფლება ექნება დაიბრუნოს ყოველი თვის საშემოსავლო გადასახადი 30 ლარის ოდენობით. 30 ლარს თუ 12 თვეზე გადავამრავლებთ, გამოდის, რომ წლის ბოლოს ამ ადამიანს შეეძლება საგადასახადოს მიმართოს და მის მიერ გადახდილი საშემოსავლო, 360 ლარი უკან დაიბრუნოს. ეს ყველაფერი ძალიან გამარტივებული ფორმით, მოკლე ვადებში მოხდება.

ეს შეღავათი საჯარო პირებსაც ეხებათ, თუ მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს?

- ეს შეღავათი შეეხება აბსოლუტურად ყველა პირს, რომელსაც დაბალი შემოსავალი აქვს. ეს ინიციატივა სოციალურად ორიენტირებულია. მაგალითად, პირს, რომელსაც 100 ლარი აქვს ხელფასი, თუ ჩვენ საშემოსავლო გადასახადს ორი პროცენტით შევამცირებთ, გამოვა, რომ ასეთ ადამიანს მხოლოდ ორი ლარი დაეზოგება. ხოლო თუ ადამიანს 10 000 ლარი აქვს ხელფასი, მას 200 ლარი დაეზოგება. ამდენად, მაღალანაზღაურებადი პირი უფრო მეტ შეღავათს ღებულობს. ჩვენი ინიციატივა კი დაბალანაზღაურებად პირებზეა ორიენტირებული, რადგან ისინი, ვისაც მაღალი ხელფასი აქვთ, ისედაც არ საჭიროებენ ამგვარ შეღავათებს. პირიქით, ზოგ ქვეყანაში გადასახადები დიფერენცირებულია და რაც მეტი აქვს ადამიანს შემოსავალი, მით მეტია მისი საგადასახადო განაკვეთი.

კიდევ რომელიმე გადასახადის გადახედვას გეგმავთ?

- ჩვენთან გადასახადების რაოდენობა შემცირებულია, მინიმუმამდეა დაყვანილი, სხვა ქვეყნებთან შედარებით განაკვეთებიც დიდი არ არის. ჩვენი პრობლემა არის ადმინისტრირების გამარტივება. თავად საგადასახადოში დღესდღეობით გამარტივებული პროცედურები გვაქვს, დეკლარირების ძალიან მარტივი ფორმა გვაქვს, ანუ ელექტრონული დეკლარირება, რაც სხვა ქვეყნებში არ არის. ასევე არის ბევრი სხვა სერვისი, რომელიც მოწესრიგდა, მაგრამ არის საგადასახადო კოდექსში მუხლები, რომლებიც ჩვენი აზრით უსამართლოა. მაგალითად, არის რამდენიმე ხარვეზიანი მუხლი, რომელიც ორაზროვნებას და ბუდნოვანებას წარმოშობს. ეს ეხება ადმინისტრირების საკითხსაც, რადგან აუდიტორებსა და საგადასახადო ორგანოებს ეს მუხლები ერთნაირად არ ესმით, რაც გაუგებრობებს იწვევს. აქ, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, რათა ყველა მხარე ერთმანეთთან შეჯერდეს. გარდა ამისა, არის მუხლები, რომლებიც ჩვენი აზრით, საფუძველშივე ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს.

რომელ ნორმებს გულისხმობთ?

- ჯერჯერობით ამ მუხლებზე მხოლოდ მსჯელობა მიმდინარეობს, გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. საგადასახადო კოდექსში არსებობს ჩანაწერი, რომ საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილებამდე (პირველი ინსტანციის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ) საგადასახადო და სააღსრულებო სამსახურებს უფლება აქვთ, იძულებით გადახდევინება დაიწყოს, ანუ გადამხდელის ქონებით უზრუნველჰყოს დავალიანება, ანუ დავა გრძელდება, გადასახადი არ არის აღიარებული, არსებობს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მიუხედავად ამისა, შეიძლება პირის მიმართ გადასახადის იძულებით გადახდევინება განხორციელდეს. ეს კი ნიშნავს, რომ გადასახადის გადახდევინება შეჩერებული არ არის და პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით საქმეც კი აღიძრას. საზოგადოებაში ეს უსამართლობის განცდას იწვევს, რადგან პირის მიმართ დავა დასრულებული თუ არ არის, შესაძლოა საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილებით ის გამართლდეს კიდეც და მიუხედავად ამისა, მის მიმართ გადახდევინების იძულება წინასწარ ხორციელდება. ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითია, მაგრამ საგადასახადო კანონმდებლობაში კიდევ ბევრი ამგვარი შეუსაბამობაა. შესაძლოა ამასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო აზრიც არსებობდეს, რომ ასეთი ნორმების არ არსებობის შემთხვევაში ადმინისტრირება შეყოვნდება, საგადასახადოს გადასახადების ამოღების პროცესი გაეწელება, ქვეყნის ფინანსური ინტერესი დაზარალდება და ა.შ.

რამდენიმე ძირითადი პრობლემა იდენტიფიცირებულია და მათზე მსჯელობა მიდინარეობს, მაგრამ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით აზრს საზოგადოებას შევეკითხებით, რომ რომელიმე ისეთი მუხლი არ გავაუქმოთ, ან შემოვიღოთ, რომელიც ახალ პრობლემებს შექმნის.

დღეს საკმაოდ პრობლემურია საქართველოში ბიზნესის გაკოტრებულად გამოცხადება და მისი ლიკვიდაცია, რადგან ეს რთული პროცედურაა. ამ მიმართულებით თუ მიმდინარეობს მუშაობა?

- თავად გაკოტრების კანონმა რამდენჯერმე იცვალა სახე და დღეს ისეთი ფორმა აქვს, რომელსაც აღსრულების კანონმდებლობასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე გაკოტრების სამართალთან, მაგრამ ამ ეტაპზე გაკოტრების თემებს რაც შეეხება, ამ კანონმდებლობაზე მუშაობაში ჩვენ არ ვართ ჩართულები. ჩვენ უშუალოდ საგადასახადო კანონმდებლობაზე ვმუშაობთ.

კიდევ რა პრობლემებია ადმინისტრირების კუთხით, რაც შეიძლება შეიცვალოს?

- როგორც მოგახსენეთ, გარკვეული პრობლემები გვაქვს იდენტიფიცირებული, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ ღირს, რადგან ამ თემებზე ჯერ მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ აუცილებლად ვკითხავთ აზრს ბიზნეს-სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და შეჯერების შემდეგ შესაბამის ცვლილებებს გავატარებთ. ეს პროცესი მალე დასრულდება.