პეკინში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.
50 წლის კაცს, რომელიც ქალაქ უხანში ჩავიდა, დაავადება 22 იანვარს დაუდგინეს. იანვრის ბოლოსთვის ჩინეთის დედაქალაქში დაინფიცირებულთა რიცხვმა დაახლოებით 80-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით უკვე 81 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2800-ს მიაღწია.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.