„მემკვიდრეობით მიღებული აქციების გამო ვალერი გრიგალაშვილმა ორჯერ ჩამსვა ციხეში“

„მემკვიდრეობით მიღებული აქციების გამო ვალერი გრიგალაშვილმა ორჯერ ჩამსვა ციხეში“

საქართველოს მთავარ პროკურატურაში განცხადებების ნაკადი არ წყდება. ხალხი წლების განმავლობაში დაგროვილ უკანონობაზე ობიექტურ გამოძიებასა და შემდგომ, სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება. ქონების წართმევა, საკუთრების სახელმწიფოსთვის საკუთარი სურვილით ჩუქება წინა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო რეკეტის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო. წართმეული ქონებები დღეს შესაძლოა, მეორე ან მესამე პირზე გაყიდულიც აღმოჩნდეს, რამაც დამატებით, კეთილსინდისიერი მყიდველებიც შეიძლება დააზარალოს. ხელისუფლებას ისეთი სქემის შემუშავება მოუწევს, რომელიც ქონების თავდაპირველ, კანონიერ მფლობელს იმედგაცრუებულს არ დატოვებს და არც ამ ქონების კეთილსინდიოსიერ მყიდველს დააზარალებს. ასეთი საქმე საქართველოში საკმაოდ ბევრია.

ერთ-ერთი დაზარალებული, სს „თბილლითონნაწარმის“ ყოფილი აქციონერი ირაკლი კენჭოშვილი, თავის დროზე საკმაოდ გახმაურებული საქმის დეტალებს იხსენებს.

სს „თბილლითონნაწარმის“ ოთხი აქციონერი, ირაკლი კენჭოშვილი, ნუგზარ პაიჭაძე, ოთარ მიქელაძე და ნუკრი ალადაშვილი, კომპანიის 56%-ის მფლობელები იყვნენ. მათთან პრეტენზია საწარმოს ყოფილ, ე.წ. წითელ დირექტორს გაუჩნდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ მსხვილი აქციონერები დააპატიმრეს, აქციები წაართვეს და ციხიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც ბიზნესმენებმა ქონება საკუთარი სურვილით სახელმწიფოს აჩუქეს. სს „თბილლითონნაწარმის“ 44 % წვრილი აქციონერების საკუთრება იყო, ისინი 5% -სა და უფრო ნაკლები წილის მფლობელები იყვნენ და ეს ქონება მსხვილი აქციონერების გარდა დაახლოებით 17 პირზე ნაწილდებოდა.

ირაკლი კენჭოშვილი: საუბარია ყოფილ თბილისის მექანიკურ ქარხანაზე. 56%-იანი წილი ოთხ კაცს საბარათო აუქციონებზე ვაუჩერებით გვქონდა შეძენილი 1996 წელს. პირველად ეს ხალხი, წვრილი აქციონერების ნაწილი, ყოფილმა დირექტორმა პატარიძემ წააქეზა, რომ ჩვენთვის ეჩივლათ. 2001 წელს სამოქალაქო წესით ეს საქმე მოგებული გვაქვს.

1997 წელს, როდესაც კონტროლის პალატას რეზო შავიშვილი ხელმძღვანელობდა, შემოწმდა კიდეც კონტროლის პალატის მიერ და დადასტურებულია, რომ ეს ქონება თავის დროზე კანონიერად გვქონდა შეძენილი.

ჩვენ რომ შევედით საწარმოში, გვქონდა მცდელობა, რომ პროდუქცია გამოგვეშვა, გარდა ამისა, არსებობდა საკმაოდ მოზრდილი თავისუფალი ფართი, სადაც სავაჭრო ცენტრი გავაკეთეთ. სწორედ ამ სავაჭრო ცენტრის გახსნას მოჰყვა ადგილობრივი პროკურატურის მხრიდან დაინტერესება.

ტერიტორიულად ეს ადგილი ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და საკმაოდ მომგებიანი იყო სავაჭრო ცენტრის გახსნა. მანამდე საწარმო ანჯამებს ამზადებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მისმა წარმოებამ აზრი დაკარგა. ამიტომ, დავიწყეთ გაზის გამათბობლების წარმოება, რაზედაც ბაზარზე დიდი მოთხოვნა იყო. საცდელი პარტია გამოვუშვით და როდესაც უკვე კრედიტი უნდა აგვეღო და მასობრივი წარმოება დაგვეწყო, მაშინ დაიწყო ჩვენი დევნა.

დევნა ვისი მხრიდან?

- სწორედ ამ პერიოდში გავიგეთ, რომ სავაჭრო ცენტრს ისნის რაიონში მაშინდელმა პროკურორის მოადგილემ, ვალერი გრიგალაშვილმა დაადგა თვალი და პროკურატურაში ჩვენს წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

სარჩელი ვინმეს ხომ უნდა შეეტანა, მომჩივანი მხარე ვინ იყო ან სარჩელში რა ეწერა?

- სისხლის სამართლის საქმეს საფუძვლად დაედო კოლექტივის რამდენიმე წევრის საჩივარი, რის საფუძველზეც დაინიშნა რევიზია, რომელმაც ცილისმწამებლური აქტი შეადგინა. საჩივარი რამდენიმე ადამიანმა დაწერა, მათგან ერთ-ერთი ვალერი გრიგალაშვილის ახლობელი იყო.

რითი დასტურდება, რომ ვალერი გრიგალაშვილის ახლობელი იყო?

- სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ იყო ასეთი შემოთავაზება, რომ გაგვიყავით ქონება და საქმე დაიხურებაო. ამისი ჩანაწერიც არსებობს, რომელიც გადაცემა „60-მა წუთმა“ ჩაწერა თავის დროზე. ფარულ ჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ გვპირდებოდა მოსარჩელე, წილი გაგვიყავით და ვალერი გრიგალაშვილს რასაც ჩვენ ვეტყვით, იმას გააკეთებსო. არც ერთი ინსტანციის სასამართლომ ეს ფაქტები არ გაითვალისწინა. საბოლოოდ დაგვაპატიმრეს.

ბრალი რაში გედებოდათ?

- ბრალი წაგვიყენეს, თითქოს, ჩვენ აქციები გავაყალბეთ, თითქოს საწარმოში მივედით უკანონოდ, ისე, რომ არანაირი აქციები შესყიდული არ გვქონდა და თითქოს, არც აუქციონები ჩატარებულა. მოკლედ, გვედავებოდნენ, რომ სახელმწიფო ქონება მივითვისეთ. მართალია, ჩვენ ფასიანი ქაღალდების გაყალბებას გვაბრალებდნენ, მაგრამ ჩვენი დაპატიმრების შემდეგ ეს აქციები სახელმწიფომ იჩუქა. შემდგომში აუქციონზე გამოიტანა და გაყიდა. თუ ჩვენ გაყალბებული გვქონდა, საინტერესოა, შემდეგ ეს აქციები როგორღა გაყიდა.

ეს ამბები როდის მოხდა?

- ეს ამბები 2000 წელს  დაიწყო, კარგახანს მიმდინარეობდა გამოძიება, მაგრამ შემდეგ, საქმის უსაფუძვლობის გამო შეწყდა...

როგორც გითხარით, ეს ობიექტი ისნის რაიონშია და შესაბამისად, რაიონული პროკურატურა იძიებდა. შემდგომში ვალერი გრიგალაშვილი მთაწმინდის რაიონში გადაიყვანეს. ეს საქმეც რატომღაც მთაწმინდის რაიონს დაუქვემდებარეს და კვლავ განახლდა და ვალერი გრიგალაშვილის ზედამხედველობის ქვეშ აღმოჩნდა.

ორჯერ დამაპატიმრეს ამ საქმის გამო. პირველად 2001 წელს, მაშინ საოლქო სასამართლომ ჩათვალა, რომ გაუსვლელობის ხელწერილით პატიმრობაში არ დავრჩენილიყავი. შემდეგი დაპატიმრება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოხდა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქალაქის პროკურორად ვალერი გრიგალაშვილი დაინიშნა. ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და იმავე საქმის გამო უკვე ოთხივე აქციონერი დაგვაპატიმრეს. მეორედ ბრალი 2005 წელს წაგვიყენეს.

იმ პერიოდში, როდესაც საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა, ობიექტზე შევიდნენ, მომუშავე პერსონალი გამოგვიყარეს და ობიექტი დალუქეს. პროკურატურა და პოლიცია ერთდროულად გვიტევდა. ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი ნუგზარ პაიჭაძე საავადმყოფოში იწვა, მივიდნენ, წვეთოვანი მოხსნეს და ციხეში გადაიყვანეს.

მას შემდეგ რაც სახელმწიფომ ქონება ჩამოგვართვა, 2010 წელს ეს ქონება აუქციონზე გამოიტანა ეკონომიკის სამინისტრომ და გაყიდა.

რა თანხად გაიყიდა თუ გაქვთ ინფორმაცია?

- ჯერ 800 000-ად გაიტანეს, მყიდველის არარსებობის გამო მისი საწყისი ფასი 600 000-მდე შეამცირეს, საბოლოოდ კი 310 000-ლარად გაიყიდა. მყიდველი არის ვინმე დოლიძე, რომელიც არ ვიცით მართლა კეთილსინდისიერი მყიდველია თუ ვალერი გრიგალაშვილის ახლობელია. ერთი ფაქტია, ის ადამიანი, სულიკო ადუაშვილი, ვინც თავდაპირველად სარჩელი დაწერა, დღეს დირექტორად მუშაობს ამ კომპანიაში.

როგორ აჩუქეთ აქციები სახელმწიფოს, რითი გემუქრებოდნენ?

- მე პირადად აუქციონში მონაწილეობა არ მიმიღია, აუქციონში მამაჩემი მონაწილეობდა, რომელიც გარდაიცვალა. მემკვიდრეობით მიღებული აქციების გამო კი ციხეში მომიწია ჩაჯდომა. საწარმოში მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მივედი, სამართალდამცველებმა კი აქციების გაყალბება მე დამაბრალეს.

ციხეში რომ ჩაგვსვეს, მაშინაც არ ვაპირებდით ამ აქციების დათმობას. იმ პერიოდში, როდესაც წინასწარ პატიმრობაში ვიმყოფებოდით, მუდმივად შემოდიოდნენ კამერაში ფინანსური პოლიციის გამომძიებელი რობერტ გრიგალაშვილი და ფინანსური პოლიციის პროკურორი ვალერი ვაჭარაძე. გვეუბნებოდნენ, რომ საპროცესო შეთანხმება გაგვეფორმებინა. გვეუბნებოდნენ იმასაც, რომ თუ აქციებს არ დავთმობდით, ციხიდან ვერ გავიდოდით.  

თითქოს, 10-წლიანი მუხლი გვქონდა წაყენებული, რაც თაღლითობას გულისხმობს. ჩვენ გვინდოდა, რომ საქმე სასამართლომდე მისულიყო და თუ წაგვართმევდნენ, ასეთი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოეტანა.

თანაც, ქონების წართმევები ჯერ ისე მასობრივად არ ჰქონდათ დაწყებული, რომ მივმხვდარიყავით, მაინც ვერაფერს გავაწყობდით და უკეთესი იქნებოდა, მაშინვე გაგვეფორმებინა ჩუქება. ამიტომაც, სასამართლოს იმედი გვქონდა.

წინასწარი დაკავების ვადა რომ იწურებოდა და წილის დათმობაზე ისევ უარი ვთქვი, კარცერში ჩამაგდეს. ზუსტად იმ პერიოდში კარცერში იყო შალვა რამიშვილიც და მასაც ემახსოვრება ეს ამბავი - ლეიბი დაწვეს და ვინც იქ ვიყავით კინაღამ კვამლით გავიგუდეთ. რამდენიმე საათის შემდეგ ძლივს გამოგვიყვანეს იქიდან.

პატიმრები კიდევ უარესს გვეუბნებოდნენ, ეს იმასთან შედარებით, რაც წინ გელოდება, არაფერი არ არის, საქმეს სასამართლომდე მაინც არ მიგაყვანინებენ და მაინც წაგართმევენ, სჯობს თავი გადაირჩინოთო.

სამი თვის განმავლობაში მუდმივად ხორციელდებოდა ზეწოლა. საბოლოო ჯამში, ოთხივე კომპანიონი ადვოკატებისა და ოჯახის წევრების მეშვეობით შევთანხმდით, რომ აზრი აღარ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწეევას. როგორც აღმოჩნდა, მაინც სწორი გადაწყვეტილება მიგვიღია.

წილები რა ფორმით დათმეთ?

- ჩვენს მეუღლეებს მინდობილობები გავუფორმეთ და მათი დახმარებით, ეს თითქოსდა ყალბი აქციები სახელმწიფოს ვაჩუქეთ. ჩუქება „კავკასრეესტრში“ მოხდა, რომელიც სააქციო საზოგადოებების აქციების რეგისტრაციას ახდენდა.ნოტარიუსის გარეშე, პირდაპირ რეესტრში გაკეთდა ჩანაწერი, რომ ეკონომიკის სამინისტროზე მოხდა ჩუქება.

იმედი გაქვთ, რომ სამართლიანობა აღდგება?

- რა თქმა უნდა, ყველა საბუთი და დოკუმენტი ხელთ გვაქვს, რომ თავის დროზე, ეს აქციები სამართლიანად, კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით იყო შეძენილი. სამართლიანი სასამართლოს პირობებში სიმართლის დადასტურება საკმაოდ ადვილია.