თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, რის შემდეგაც იგი სამართლამდამცველებმა დააკავეს. ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისთვის ოქრუაშვილის საქართველოსკენ წამოსვლის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
„ვიცი, რომ ოქრუაშვილი ბიძასთან, იოსებ გიგუაშვილთან ერთად გუშინ ღამე გადმოვიდა საქართველოს საზღვარზე. ის, როგორც ძებნილი დაკავებულია გიგუაშვილთან ერთად და შესახლებულია გლდანის მე-8 დაწესებულებაში. ჩემი ვარაუდით მისი დაბრუნება იმას ემსახურებოდა, რომ მან ქვეყნის შიგნით დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და იპოვოს სიმართლე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა პირობებში გააძევეს ის ქვეყნიდან და რაც არ უნდა დამნაშავედ ყოფილიყო მიჩნეული, არავის აქვს უფლება ძალით ჩასვას თავისი მოქალაქე თვითმფრინავში“, - აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ოქრუაშვილის მისამართით არაერთი პროცედურა მიმდინარეობს. მათ შორის, როგორც მინისტრმა აღნიშნა, პარლამენტი მას პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ყველა სავარაუდო ბრალდებასთან დაკავშირებით ავტომატურად უდანაშაულოა და ამას გამოძიება დაადგენს.
თავად ოქრუაშვილის კომენტარი ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ გაავრცელა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ შესაძლოა სწორედ იმ ციხეში მოითხოვოს მისი ჩასმა, სადაც ბაჩო ახალაია ზის.
„ბოლო წლების განმავლობაში ორი მიზანი მქონდა: ერთი - მიშა მოგვეშორებინა და მეორე - სახლში დავბრუნებულიყავი. მიშას მოშორება უკვე ნაწილობრივ ბოლომდეა მიყვანილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვების მიერ არის გაკეთებული, ცოტა წვლილი მაინც მაქვს შეტანილი. შეიძლება მოვითხოვო, რომ ზუსტად იქ ვიყო, სადაც ნაძირალა ახალაია ჰყავთ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ ახალ მთავრობას საკმარისი დრო აქვს, "ნაციონალური" მთავრობის წევრებს ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი მოსთხოვოს.
ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ახალი ხელისუფლებისგან იმის გარანტია აქვს მიღებული, რომ მას მალე გაათავისუფლებენ, სხვა შემთხვევაში ის არ ჩამოვიდოდა. ამის მადასტურებლად მათ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომისიის მიერ პოლიტპატიმრების სიის დამტკიცება მოჰყავთ, სადაც ირაკლი ოქრუაშვილიც არის მოხსენებული. ექსპერტები კი თვლიან, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ახალი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი მოწმე იქნება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
საქართველოში უკვე იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას საქმესაც მოჰფენს ნათელს, რადგან მან სავარაუდოდ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ტელეეთერით ისაუბრა. რა თქმა უნდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი წინა ხელისუფლების კიდევ ბევრი შავ-ბნელი საქმეების შესახებ ფლობს ინფორმაციას. ამიტომ ცხადია, ოქრუაშვილი სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ „ოქროს“ მოწმე იქნება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგად იციან ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც და სავარაუდოდ, ოქრუაშვილს ცივ ნიავს არ მიაკარებენ, ისევე, როგორც ახალაიას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეა.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი უკვე რამდენიმე წელია საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ოქრუაშვილი მას შემდეგ გახდა მიუღებელი, რაც იგი თავდაცვის მინისტრობიდან გადაყენების შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა. 2007 წელს მან ინგა გრიგოლიას „ღია ეთერში“ სკანდალური განცხადებები გააკეთა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება კორუმპირებულობასა და ჟვანიას მკვლელობაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ ოქრუაშვილი დაიჭირეს, მან საკუთარი განცხადებები უარყო და გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა. მოგვიანებით მას ქვეყანა დაატოვებინეს და 2007 წლიდან იგი საფრანგეთში ცხოვრობს. 2008 წლის მარტში კი ქართულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად 11 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ამჟამად ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით არის აღძრული. ესენია უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა, ქრთამის აღება, სამსახურებრივი გულგრილობა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია. მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობა“ ოქრუაშვილს 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას და ამ გზით ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობაში ადანაშაულებდა. სამსახურებრივი გულგრილობა ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდს ეხება და ბრალდების ამ ნაწილში საუბარია იმაზე, რომ მან სამინისტროსთვის შეიძინა იარაღი, რომელიც გამოსაყენებლად უვარგისი იყო. ქრთამის აღების ეპიზოდი „თელასის“ აქციებს უკავშირდება. გამოძიების ვერსიით, დიმიტრი ქიტოშვილმა, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის რანგში, ”ჯეოსელის” აქციონერი ჯემალ სვანიძე აიძულა მინიმალურ ფასად 250 ათას დოლარად დაეთმო კომპანია ”არტის” წარმომადგენელ გურამ გოგუასთვის 2,6%-იანი წილი, რომლის რეალური ღირებულება 10 მლნ აშშ დოლარს აღწევდა. ოქრუაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ერთ-ერთი ბრალდება ამ გამოძალვის ფაქტს უკავშირდება. სწორედ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით 2008 წლის 28 მარტის განაჩენით აქვს ოქრუაშვილს 11 წლიანი პატიმრობა შეფარდებული. დაბოლოს, ოქრუაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდების მეოთხე ეპიზოდს, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ეხება და რომელსაც ფინანსური პოლიცია იძიებს, ადვოკატები ჯერ არ გასცნობიან, რადგან უბრალოდ ამის საშუალება არ მიეცათ.
ოქრუაშვილის ინტერესების დამცველი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასამართლოში მისი საქმის განხილვაზე დასასწრებად ჩამოვიდა (რომელიც დღეს არის ჩანიშნული). ამასთანავე ადვოკატი აღნიშნავს, რომ დღევანდელი სასამართლო სხდომის შედეგის მიუხედავად, ოქრუაშვილი პატიმრობაში დარჩება, რადგან მას სხვა ბრალდებით 11 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და ამ ნაბიჯზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი სრულიად გაცნობიერებულად წავიდა.
„ირაკლი ოქრუაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლის მიზეზი არის ის, რომ მიუხედავად მის მიმართ აღძრული საქმეებისა, ის არ აპირებს მუდმივად სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. მეორეც, საქართველოში მომხდარმა ცვლილებებმა სამართლიანი სასამართლოს იმედი გააჩინა და ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს თავისი სიმართლე საპატიმროდან დაამტკიცოს. ჩვენ, როგორც მისი ადვოკატები, ვაცხადებთ, რომ ოქრუაშვილის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება უსაფუძვლოა და ამის მადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებებიც გაგვაჩნია. ამიტომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შევეცდებით ამის დამტკიცებას მიუხედავად იმისა, რა დრო დასჭირდება ამას“, - აცხადებს ადვოკატი კორძაძე.
მისი თქმით, ოქრუაშვილს შეეძლო იმ ცვლილებებისთვის მოეცადა, რომელთა გატარებაც ქართულ კანონმდებლობაში იგეგმება. ამასთანავე, იგი პოლიტპატიმრების იმ სიაშიც არის, რომელსაც პარლამენტი იხილავს, მაგრამ ოქრუაშვილმა მაინც ამჯობინა, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და თავისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა. დღეს სასამართლოში უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდების განხილვა ხდება და ადვოკატები ეცდებიან, ოქრუაშვილის უდანაშაულობა ამ ეპიზოდში ამტკიცონ. აქვე ზვიად კორძაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საფრანგეთის სასამართლო ოქრუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს გაეცნო, ისინი დასაბუთებულად არ მიიჩნია და ჩათვალა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ მის ქვეყანაში პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა, რაც ადვოკატის თქმით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოქრუაშვილის მიმართ წარმოებული დევნა პოლიტიკური იყო და არა სამართლებრივი.
ზვიად კორძაძე გამოეხმაურა ქართულ საზოგადოებაში არსებულ ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილი ქვეყანაში იმიტომ დაბრუნდა, რომ იგი პოლიტპატიმრების სიაში იმყოფება და ამიტომ იმედი აქვს, რომ ძალიან მალე თავისუფალი იქნება. ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ეს სია საბოლოოდ სწორედ ამ სახით დამტკიცდება თუ არა და ამასთანავე, უნცობია, სამართლებრივად რა ბედი ეწევა იმ ადამიანებს, რომლების პოლიტპატიმრებად იქნებიან ცნობილნი.
ზვიად კორძაძემ არ იცის, მისცემს თუ არა ჩვენებებს ოქრუაშვილი წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებზე, მაგრამ განმარტავს, რომ თუ რომელიმე საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრი მოწმის სახით იქნება წარმოდგენილი, მას ალბათ მოუწევს ჩვენებების მიცემა. აქვე ადვოკატი კატეგორიულად გამორიცხავს ახალი ხელისუფლების მიერ ოქრუაშვილისთვის რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას. თავად ოქრუაშვილის წინააღმდეგ საქმეში არსებულ ჩვენებებთან დაკავშირებით კი (მაგალითად „თელასის“ აქციების ეპიზოდში) ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ როდესაც ამ საქმის განხილვა დაიწყება, საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა პირობებში ხდებოდა დიმიტრი ქიტოშვილის, გოგუასა და სხვა მოწმეებისგან ჩვენებების გამოძალვა.
ადვოკატი კატეგორიულად გამორიცხავს ოქრუაშვილთან საპროცესო გარიგების გაფორმების შესაძლებლობას, რადგან მისი თქმით, ოქრუაშვილს ეს რომ სდომებოდა, საერთოდ არ ჩამოვიდოდა საქართველოში. ადვოკატის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი იმიტომ დაბრუნდა, რომ ეს მას განაჩენის გასაჩივრების და საქმის ობიექტური სასამართლოს მიერ განხილვის საშუალებას აძლევს. აქვე კორძაძე განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლო თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაც აუცილებლად გამართლდება და არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ ოქრუაშვილი არ გაამართლონ, მაგრამ დაცვის მხარე მაინც ეცდება მის გამართლებას.