„არ მესმის, რაში შეიძლება სჭირდებოს მმართველ გუნდს საარჩევნოდ ცვლილებები?“

„არ მესმის, რაში შეიძლება სჭირდებოს მმართველ გუნდს საარჩევნოდ ცვლილებები?“

საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ საკადრო კარუსელი დატრიალდება. არაოფიციალური განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე ბრუნდება. მინისტრთა კაბინეტს ტოვებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელსაც სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი შეცვლის. რაც შეეხება წულუკიანს, ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ათეულში იქნება და პოლიტიკურ მოღვაწოებას უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს.

იუსტიციის მოქმედი მინისტრი, თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ რამდენიმე თვე დარჩა იუსტიციის სამინისტროში ყოფნის.

„ჩემი მთავარი მიზანია, რომ მან, ვინც იქნება მინისტრი, და ის იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, შეძლოს, ამას დააშენოს უკეთესი რამ. სულ რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და ჩემი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“, მე ასე მჯერა, გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და ის ჰუმანური პოლიტიკა, რაც ჩვენ შევძელით მოგვეტანა პენიტენციურ სისტემაში, გაგრძელდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საკადრო ცვლილებაზე კომენტარს არ აკეთებს მმართველი გუნდი. განსხვავებულია ანალიტიკოსების შეფასებები. ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი საეჭვოდ მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებაზე დათანხმდეს. რადგან მისი თქმით, კულუარული მართვის მოდელი იმდენად კომფორტულია, რომ, როგორც ამბობენ, პუტინიც ფიქრობს ამ მოდელის გადაღებას.

„თუ ასეა, რუსები ჩამორჩენილან პროცესებს და ვერ ხედავენ, თუ როგორი დამოკიდებულებაა ჩვენში მართვის ამგვარი მოდელის მიმართ. თუმცა რა?! რუსეთში მკვეთრად განსხვავებული საზოგადოებრივი განწყობებია. ამ ქვეყანაში ტრადიციულად, მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ ხელისუფლებისადმი ლოიალობა ერთგვარ სიქველედ, უფრო მეტიც, რელიგიურ მოვალეობად აღიქმება. არსებულ სიტუაციაში არავის ვუსურვებდი ფასადზე გამოჩენას“, – აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

მისი თქმით, როდესაც მმართველი ძალა ასეთი სისწრაფით ჰკარგავს საშინაო და საგარეო საყრდენებს, ბევრი ადამიანი შეიძლება თან წაიყოლოს. რისი გამოცდილება ფილოსოფოსის შეფასებით, უკვე საკმაოდ დიდი გვაქვს.

„იკვეთება ადამიანების წრე, რომელთაც ბრალი ედებათ. რაღა შორს წავიდეთ და დღესაც ვხედავთ, თუ როგორ გადაუჭრელ ამოცანად იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისათვის ხელისუფლებაში დაბრუნება. მათ მიერ დატოვებული კვალი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ დაიფარა ის, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნისას გააკეთეს.

„ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე ადამიანმა შეძლო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის პატივისცემის შენარჩუნება, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში ეს პატივისცემა შეიძლება საპნის ბუშტად იქცეს, როგორც კი მის კონვერტაციას შეეცდებიან“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ამდაგვარი კარუსელი მომგებიანი არ უნდა იყოს მმართველი გუნდისთვის. მისი თქმით, რადგან პრემიერის შეცვლა იქნება არსებითი ცვლილება, ადამიანებს გაუჩნდებათ იმის განცდა, რომ ხელისუფლება რაღაცას ვერ აკეთებს.

„ანუ საკადრო პოლიტიკა არ უვარგოდა „ქართულ ოცნებას“. სავარაუდოა, რომ ამის შესახებ ხმამაღლა ისაუბრებს ოპოზიცია. არ მესმის რაში შეიძლება სჭირდებოს მმართველ გუნდს საარჩევნოდ ასეთი ცვლილება. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ არაფორმალური მმართველობა უნდა დასრულდეს, კი ბატონო, ჩაატარონ არჩვენები და მერე რაც უნდათ ის ქნან.

ახლა, ამ ეტაპზე საკადრო ცვლილება არ იქნება სწორი. ერთი შოთაძის დაბრუნებაზე ვხედავთ რას იძახის ოპოზიცია - კადრები არ ჰყავთ და ამიტომ დააბრუნესო. ანუ, პოლიტიკური ოპონენტი ამით სარგებლობს. მით უფრო, თუ პრემიერ-მინისტრად ივანიშვილი დაბრუნდა, იქნება სულ მაგის აფიშირება, რომ კადრები არ ჰყავთ და ამიტომ დააბრუნეს ივანიშვილი. რაში სჭირდებათ ეს, მე მგონია, რომ ეს მათთვის ეს აუცილებელი და სასურველი ვარიანტი არ უნდა იყოს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის განცხადებით, საარჩევნო წელი დაიწყო. მმართველმა პარტიამ და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გაიაზრონ რა მოლოდინები აქვს ამომრჩეველს და აქედან გამომდინარე იფიქრონ ცვლილებებზეც და საარჩევნო პროგრამებზეც.

„არ მიყვარს ასეთ საკითხებზე მკითხაობა. ზოგიერთი აკეთებს ასეთ პროგნოზებს, რაღაც წყაროებზე, პირად კონტაქტებზე დაყრდნობით. მე „ქართულ ოცნებასთან“ ასეთ საკითხებზე კონსულტაციები არ მაქვს. შესაბამისად, არც პროგნოზს გავაკეთებ. შემიძლია შეფასებები გავაკეთო. ამ შეფასებების თანახმად, მოსახლეობაშია ცვლილებების მოლოდინები.

საარჩევნო წელი დაიწყო. მმართველმა პარტიამ და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გაიაზრონ რა მოლოდინები აქვს ამომრჩეველს და აქედან გამომდინარე იფიქრონ ცვლილებებზეც, საარჩევნო პროგრამებზეც. ჯერჯერობით პოლიტიკური პარტიები პატივს არ გვცემენ და ჯანსაღი პოლიტიკური დებატების, სამოქმედო პროგრამების განხილვების ნაცვლად, პოლიტიკური სანახაობებით გვართობენ და ნეგატიური დღის წესრიგით გვაცხოვრებენ, რაც სასოგადოებისთვისაა წამგებიანი“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას ამირან სალუვაძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც წლებია ბიძინა ივანიშვილს პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნებას სთავაზობს, აცხადებს, რომ ივანიშვილის დაბრუნება და პასუხისმგებლობის აღება, ეს არის ის უნიკალური გზა, რომელიც როგორც სახელმწიფოს, ასევე პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია, რადგან ხუხაშვილის განცხადებით, ივანიშვილს გრძელვადიანი სერიოზული პრობლემა აქვს.

„გადაწყვეტილების მიღების და ინსტიტუციური ცენტრი უნდა მოვიდეს თანხვედრაში. ამის ერთადერთი ფორმულა არის ივანიშვილის გაპრემიერება. ამით, პირად იმუნიტეტსაც შეიძენს და ხელისიუფლებაც უფრო ეფექტური გახდება. გაუგებარია, დღეს როგორია მმართველობითი ალგორითმი. იმიტომ, რომ არის პრემიერი, რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს და შესაბამისად, ქვეყანა ვერ ვითარდება.

ივანიშვილს თუ უნდა, რომ პრემიერის სტატუსით მოიგოს შემდეგი არჩევნები, შეუძლია სწრაფი და ეფექტური ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარება, რაც მოსწრებადია არჩევნებამდე. ერთი-ორი ბობოლას დაჭერა, რომელიც მოიაზრება მთავარ კორუმპირებულად დღევანდელ კორუმპირებულ ელიტაში. ასევე, მნიშვნელოვანია, გახდეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტი, უკვე პრემიერის სტატუსით და ჩაატაროს კონკურენტული და ღირსეული არჩვენები ისე, რომ კითხვის ნიშნები იყოს ცოტა. თუ ამ ნაბიჯებს არ გადადგამს, რჩება მაღალი რისკის ზონაში, ძალიან ბუნდოვანი პრესპექტივით, რასაც ნამდვილად არ ვუსურვებ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებაში კახი კახიშვილის დაბრუნებას, ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში კახიშვილის საქმიანობა ნამდვილად დადებითად შეიძლება შეფასდეს. მისი თქმით, სანამ კახიშვილი იყო პენიტენციურ სისტემაში, მედიას და არასამთავრობო სივრციდან არ ისმოდა და მოიხსნა პრეტენზია ისეთ თემაზე, რასაც ჰქვია პატიმართა უფლებები.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო უწყება, რომელიც მუდმივად იყო განხილვის და კონტრილის ქვეშ, არა მარტო ამ ხელისუფლების, არამედ ყველა ხელისუფლების დროს, კახიშვილის მინისტრობის პერიოდში პატიმართა მდგომარეობაზე ფაქრიურად მოიხსნა კითხვები. ამიტომ თუ კახიშვილს დააბრუნებენ, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება წულუკიანს, მარტივია, ის აღმოჩნდა ერთადერთი მინისტრი, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ინარჩუნებს პოსტს. შესაბამისად, მას „ქართულ ოცნებაში“ აქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გავლენა. ამიტომ, გასაკვირი არ იქნება, თუ მოხვდება „ქართული ოცნების“ ათეულის სიაში. მით უმეტეს მან დაადასტურა, რომ მიდის უწყებიდან და ინაცვლებს პოლიტიკაში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.