„ჩემს პოზიციას გეტყვით, თუ რატომ წავიდოდა სურკოვი - მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ხელისუფლებაში მოვიდა, რუსები მის პოზიციებზე უფრო იოლად მუშაობენ და არ გამოვრიცხავ, რომ სურკოვი რუსეთის ხელისუფლების ზელენსკის პოზიციებთან დაახლოებას ხელს უშლიდა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის მიერ თანამდებობის დატოვებას.
სურკოვის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა პოლიტოლოგმა ალექსეი ჩეზნაკოვმა საკუთარ „ტელეგრამ" არხზე გაავრცელა. მისი ცნობით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება სურკოვმა „უკრაინის მიმართულებით კურსის შეცვლის გამო" მიიღო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სურკოვი უკრაინის კონფლიქტების საკითხებთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსაც კურირებდა. მეტიც, აფხაზეთში ახლახანს შექმნილი უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი საბოლოოდ სწორედ სოხუმში სურკოვის ჩასვლის შემდეგ განიმუხტა.
ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინასა და საქართველოზე სხვადასხვაგვარად მუშაობს, საქართველოს მიმართულებით მათთვის მთავარია ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იყოს, რათა ნატოში შესვლა შეფერხდეს, ხოლო უკრაინა კი, მისივე თქმით, რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მათი კულტურის ნაწილია.
„რუსეთისთვის უკრაინა და საქართველო სხვადასხვა თემებია, უკრაინა მისთვის უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ვიდრე ჩვენი ქვეყანა. მათთვის მთავარია საქართველოში აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი" აკონტროლონ და ამით სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ბაზები ჰქოდეთ. მათი ძირითადი ამოცანა ისაა,რომ საქართველო ნატოსათვის მიუღებელი და უინტერესო იყოს.
„ხოლო უკრაინის მიმართ საკმაოდ ემოციური დამოკიდებულება აქვთ. სლავები არიან, მათი კულტურის ნაწილია, რუსული კულტურის აკვანი უკრაინაშია, ამიტომ უკრაინის დაკარგვა მათ არ უღირთ. საქართველოსთან მიმართებაში რაც შეიძლება დათმონ, ესაა, მაგალითად, საბოლოო ჯამში ნატოში გაწევრიანება. ამას არ დათმობენ უკრაინის მიმართულებით, ანუ უკრაინა მათთვის უფრო ემოციურად სერიოზული სახელმწიფოა.
„რუსეთისთვის უკრაინა და საქართველო ცალკ-ცალკე პაკეტებია, სხვადასხვაგვარად მუშაობს, ხოლო ევროკავშირისთვის და ნატოსთვის ეს ორი ქვეყანა ერთი პაკეტია", - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, სურკოვის გადადგომას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
„ჩემს პოზიციას გეტყვით, თუ რატომ წავიდოდა სურკოვი. მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ხელისუფლებაში მოვიდა, რუსები მის პოზიციებზე უფრო იოლად მუშაობენ და არ გამოვრიცხავ , რომ სურკოვი რუსეთის ხელისუფლებას ზელენსკის პოზიციებთან დაახლოვებას ხელს უშლიდა.
„აშკარაა, რომ პუტინი ზელენსკის პარიზში შეხვდა, როდესაც დონბასში ჯარების დაშორიშორება იყო. მან თქვა, რომ ზელენსკიმ კარგად იმუშავაო, ანუ პუტინს, ასე ვთქვათ, მისი პოლიტიკა მოსწონს, ვიდრე წინა პრეზიდენტის. ამ მიმართულებით აშკარაა, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართ პოლიტიკა შეცვალა.
„საქართველოსთვის სურკოვის გადადგომას პირდაპირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ჩვენი პოლიტიკა ჩვენვე უნდა შევქმნათ და ნუ ვუყურებთ რუსებს -ზუსტად ესაა ჩვენი პრობლემაც. თუ ვთვლით, რომ აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს" რუსეთი დაგვიბრუნებს, ეს ზღაპარია და ასეც რომ გააკეთოს, ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ, აფხაზეთთან და „სამხერთ ოსეთთან" მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა არ გაგვაჩნია.
„ამიტომ ბედნირები ნუ ვიქნებით ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთმა რომ პოზიციები შეარბილოს კიდეც. ნუ გგვგონია, რომ მხოლოდ რუსებს არ უნდათ ტერიტორიების დაბრუნება, ეს აფხაზებს და ოსებსაც არ უნდათ. ჩვენ გვირჩევნია, რომ ამ მიმართულებით ვიმუშავოთ და არა ტახტზე წამოწოლილებმა ვიოცნებოთ თუ რუსეთი როდის დაგვიბრუნებს ტერიტორიებს.
„რუსეთი პოზიციებს არ შეიცვლის, მე იმედი მაქვს და ველოდები, რომ ამ ტერიტორიების მიმართულებით ოდესმე ქართული პოლიტიკა შეიცვლება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.