თურქეთის მმართველმა ძალამ, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ წარუდგინა პარლამენტს კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვნებთან კავშირში ბრალდებულ პირებს დაქორწინების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
კანონპროექტს ოპოზიციისა და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი განცხადებით, კანონპროექტი არასრულწლოვნებთან ქორწინებას, ბავშვებზე ძალადობას და არასრულწლოვანთა სექსუალურ ექსპლუატაციას აკანონებს.
კანონპროექტის თანახმად, კაცი, რომელსაც ბრალი არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ედება, გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ მსხვერპლს ცოლად მოიყვანს. ამასთან ერთად, ქორწინების ნებართვას ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ გოგოზე 10-ზე მეტი წლით უფროსი არაა. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი.