ახალი მთავრობა ხუდონზე გიგნატური ჰესის აშენების საკითხს ალმაცერად უყურებს. ამ დრომდე ხუდონჰესის ბედი ისევ გაურკვეველია და როგორც ჩანს მისი მშენებლობის სასიკეთოდ არც არაფერი გაირკვევა.
როგორც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე განმარტავს, ამ დროისათვის სამინისტროში ოფიციალური გადაწყვეტილება,. ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს. მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ახალი, დიდი ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ყველაფერი გარემო პირობებს არ უნდა აზიანებდეს.
კახა კალაძის განმარტებით, წლეულს შარშანდელთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარებამ 9%-ით მოიმატა და ეკონომიკური ზრდის ფონზე ახალი ჰესების მშენებლობა მით უფრო აქტუალური ხდება. მინისტრი ფიქრობს, არსებული გაურკვევლობა ინვესტორის ბიზნესინტერესებს არ დააზარალებს და იგი «არ გაიქცევა», რადგანაც ასეთი დიდი ჰესების მშენებლობა ინვესტორებისათვის საკმაოდ მომგებიანია.
მოკლედ, მინისტრმა ისეთევე გაურკვეველი კომენტარი გააკეთა როგორი მდგომარეობაცაა ზოგადად ხუდონის მიმართ. თუმცა უფრო მკაფიო და კონკრეტული პოზიცია აქვს გიგანტურ ჰესებთან მიმართებაში ქვეყნის პრემიერს. ივანიშვილი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მიანიშნებს, რომ არ მოსწონს უზარმაზარი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ამ საკითხის გადახედვას ითხოვს.
«გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხი საფუძვლიანად იქნება განხილული.
ყველა დეტალი კარგად უნდა შეთანხმდეს მოსახლეობასთან და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი მშენებლობა შეჩერდეს, თუმც ეს მოხდება დეტალური ანალიზისა და მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ», - ხაზი გაუსვა პარლამენტში მისულმა ბიძინა ივანიშვილმა თავის პოზიციას.
გიგანტურ ჰესებში კი უპირველესად ხუდონჰესი მოიაზრება. შემდეგ კი ნამახვანჰესი. ამათგან ორივეს მშენებლობა ისედაც შეჩერებულია. უკვე რამდენიმე წელია მდინარე ენგურზე 650 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის ამოქმედებას კომპანია Trans Electrica Ltd გეგმავს. საქართველოს მთავრობამ მასთან ხელშეკრულება «ხუდონჰესის» მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შესახებ 2007 წელს გააფორმა.
2011 წლის 21 აპრილის მთავრობის სხდომაზე კი, პრაქტიკულად, გამოცხადდა «ხუდონჰესის» მშენებლობის დაწყება, საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ კვლევა სასურველი შედეგით დასრულდა: წინა მთავრობასთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ჰესის მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 6 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ინვესტორი 1 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა. აქედან 600 მილიონი დოლარი კაშხლის მშენებლობისთვისაა განკუთვნილი, 400 მილიონი კი მოსახლეობის განსახლებასა და სოციალურ მოთხოვნილებებს მოხმარდება.
ხუდონზე კაშხალის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გარემოსდამცველები. მათი განმარტებით, მდინარეზე დაახლოებით 200 მეტრის კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობა სოფელ ხაიშის დატბორვას გამოიწვევს, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების სოფლიდან გასახლება გახდება საჭირო. საუბარია 528 ჰექტარი მიწის ფართობის და 250-მდე საცხოვრებელი სახლის, ეკლესიის, სასოფლო სავარგულების, ტყის და სასაფლაოს დატბორვაზე.
ესეც რომ არ იყოს ამ დროისთვის ხუდონჰესის პროექტის მშენებლობა ეყრდნობა 80-იან წლებში ჩატარებულ კვლევას, ანუ ყველა დასკვნა ძველი და ზოგიერთი კი საერთოდ გამოუსადეგარია. ასევე არ არის შესწავლილი მშენებლობის გეოლოგიური და სეისმოლოგიური რისკები.
«ყოველივე მხოლოდ ზედაპირულად და ძველ მონაცემებზე დაყრდნობით არის განხილული. არადა, ბოლო 20 წელიწადში გახშირებულ მიწისძვრებს თუ გავითვალისწინებთ, კაშხლის ავარიამაც კი შეიძლება სამეგრელოს რეგიონს რეალური საფრთხე შეუქმნას“, - აცხადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისიის საექსპერტო ჯგუფის თავმჯდომარე ოთარ თურმანიძემ..
მთელი რიგი შენიშვნებია სხვა საკითხებთან მიმართებაშიც: საინჟინრო გეოლოგია, სეისმურობა, მოდელირება, ჰიდროლოგია, კლიმატზე გავლენის საპროგნოზო შეფასება, იქტიოფაუნა, ნიადაგები და მოსახლეობის გასახლების გეგმა.
ენერგეტიკის ექსპერტის გენო მესხიას განცხადებით, ხუდონის მშენებლობის შედეგად შეიძლება უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მივიღოთ, ვიდრე დადებითი. ხუდონის წყალსაცავის მშენებლობა გამოიწვევს ღრუბლიანობისა და ნალექების კლებას, კლიმატის უარყოფითი გავლენა გავრცელდება არა მარტო 5 კმ-ს რადიუსში, არამედ ზეგავლენა ექნება მთლიანად სვანეთზე.