მელორ ვაჩნაძე:

მელორ ვაჩნაძე: "დავით საყვარელიძეს ბევრი ქრთამი აქვს აღებული როცა მერიაში მუშაობდა"

"პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ინციდენტი მოხდა - უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯაბა ჯიშკარიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - კომიტეტთან არსებულმა ჯგუფმა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საქმეებს სწავლობდა, პირველი დასკვნა წარადგინა, სადაც ერთ-ერთი საქმე პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძეს ეხებოდა - მასზე საია-ს წარმომადგენელი საუბრობდა, როცა საყვარელიძემ მას მიმართა: "მელორ ვაჩნაძის საქმე არ არის თაღლითობა?" - სწორედ ამ კითხვას მოჰყვა ჯიშკარიანის პროტესტიც: "ვაჩნაძეზე საუბარს, სჯობს კბილებში წყალი გამოივლოთ" - მიმართა მას ჯიშკარიანმა, დეპუტატმა კი ზრდილობიანი საუბრისკენ მოუწოდა - "წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩვენებ წყალს კბილებშიო" - ამის შემდეგ მელორ ვაჩნაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა ციხიდან დარეკეს და ამ ინციდენტზე კომენტარის გაკეთება ითხოვეს.", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით პოლიტპატიმრები პარლამენტარ დავით საყვარელიძეს დანაშაულში ამხელენ!

"საყვარელიძეს მე პარლამენტის დეპუტატს ვერ დავარქმევ - ეს არის კრიმინალი, რომელსაც არ ნამუსი აქვს და რაც სინდისი. დღეს პირველად აღიარეს რეპრესირებული პატიმრების სია და ამ სიას საყვარელიძემ "შინაურული და მეგობრული" დაარქვა. ეს ის კაცია, რომელმაც კარიერა მერიაში დაიწყო, მერე იყო მცხეთა-მთიანეთის პროკურორი და გუდაურში მიწების წართმევასა და გასხვისებას ხელმძრვანელობდა. თუკი იქ რაიმე გაიყიდა, მის სახელს უკავშირდებოდა. მერე მოღვაწეობდა გორში. დღესაც ახსოვთ, როგორ უდებდნენ მისი ბრძანებით ადამიანებს "ლიმონკებს", ნარკოტიკებს, რომ დაეჭირათ და საქმეები შეეკერათ. ამას მოჰყვა მისი დაწინაურება, თბილისის პროკურორი გახდა. ამ წარსულის ადამიანი წამოდგა და ჩემი მისამართით თქვა, რომ თურმე მე ვარ თაღლითი?!", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მელორ ვაჩნაძე.

"ეს იყო შეკვეთილი განცხადება. საყვარელიძე არის მიხეილ სააკაშვილის "ლუბიმჩიკი" და მე, როგორც სააკაშვილის "მეგაფონიანი ხულიგანი" ხომ უნდა გავექილიკებინე. ეს ადამიანი, ასევე მისი ყოფილი უფროსი ზოდელავა, რომელიც თურმე გაქცეულია, თავად არიან თაღლითები. ასევე ნიკა გვარამიაც, რომელიც ახლა "რუსთავი 2"-ს შეფად დანიშნეს და ჰგონია, რომ აღარ დაისჯება. ჩხატარაშვილიც ვერ გაექცევა სასჯელს, რადგან ის საქმეებს უკერავდა პოლიტპატიმრებს - წლების განმავლობაში ეს ადამიანები დაკვეთებს ასრულებდნენ და ახლა სხვაზე ლაპარაკის უფლება ნამდვილად არ უნდა მიეცეთ", - მიიჩნევს მელორ ვაჩნაძე.

"ბიჭებს აურიეს ცხოვრება და ამიტომაც ვპირდები მათ, რომ საყვარელიძეს, მის მეგობრებს, პარლამენტისა და მედიის შეფის მანდატები ვერ გადაარჩენთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. მათ კისერზე უამრავი საქმეა და ყველა მათგანზე მოეკითხებათ. როგორც კი ციხიდან გამოვალ, რაც მალე მოხდება, საყვარელიძეზე საჩივარს შევიტან და ამ სიტყვებისთვის პასუხს მოვთხოვ, ასევე დავუმტკიცებ, რომ თავად არის ჯალათი და მახინჯი სისტემის პირმშო", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "როცა "ალიაში" შენთან ინტერვიუ დაიბეჭდა, ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ამ წერილს, მათ შორის შენი საქმის ყოფილი გამომძიებელი და წერილში მოყვანილი ნიუანსები გააპროტესტა, როგორც ჩანს, შენი ციხიდან გამოსვლა ბევრს არ აწყობს..." პასუხობს:

"წლების მანძილზე ჩვენი ციხეში აქტიურობა ვერ ჩაახშვეს და ეს მათ ძალიან აღიზიანებთ. ამ კამპანიას ჩვენს წინააღმდეგ კი სათავეში ბოკერია, თუთბერიძე და მისნაირი ადამიანები ედგნენ, რომლებიც პოლიტპატიმრებს ახალაიებს უწოდებენ. ისევ ეს ხალხი ამბობს, რომ თურმე მელორ ვაჩნაძე და ჩემი მეგობრები პოლიტპატიმრები არ ვართ. საყვარელიძეს ბევრი ქრთამი აქვს აღებული როცა მერიაში მუშაობდა. მარტო მეგაფონით არ გვირბენია, მათზე მასალებსაც ვაგროვებდით. როგორც კი გამოვალთ, ამ მასალებს გამოძიებას დავუდებთ. გვარამიას კისერზეც ბევრი ბინძური საქმეა და როცა მას გამოვააშკარავებთ, ვერ შეფუთავს "რუსთავი 2"-ზე თავდასხმად. გამოსვლისთანავე მოვითხოვ მოსამართლე კოჭლამაზაშვილისა და ცრუმოსწმეების დასჯას შეკვეთის შესრულებისთვის. არც იმ სახალხო დამცველებს დავინდობთ, რომლებიც ხელს უშლიდნენ ამ 4 წლის განმავლობაში პოლიტპატიმრების აქტიურობას და ჩვენი განცხადებები რატომღაც ციხის ხელმძღვანელის მაგიდაზე ხვდებოდა!"