კანონმდებლობით, უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარის, ისევე როგორც გენერალური პროკურორის თანამდებობა არჩევითია. თუმცა, უკვე ცნობილია ვისზე შეაჩერებს არჩევანს საქართველოს პარლამენტი. არსებული ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე გახდება.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა არ გამორიცხავს, რომ პირველი მოსამართლის სკამი თადუმაძემ დაიკავოს, თუმცა, თოდუას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
რაც შეეება კითხვას, ვის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს, მზია თოდუა აცხადებს, რომ ამას ვერ იტყვის, თუმცა ფავორიტები ჰყავს. მისივე თქმით, უზენაეს სასამართლოში გამწესებულ მოსამართლეებს შორის რამდენიმე „ტოპ მოსამართლეა“. თუ ვინ არიან ეს მოსამართლეები და არის თუ არა ეს მაგალითად შალვა თადუმაძე, თოდუა ასე პასუხობს:
„ალბათ, თადუმაძეც არის. იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ ურთიერთობა გვქონდა, ბატონ შალვას ვახასიათებ საუკეთეო პროფესიონალად და ყველაზე მთავარი, რაც თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს, ეს არის, რომ მას შეუძლია, ურთიერთობა დაამყაროს, არის ძალიან გაწონასწორებული და თავისი საქმის კარგი მცოდნე“, - განაცხადა მზია თოდუამ.
რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორს, რომელიც ასევე არჩევითი თანამდებობაა, არსებული ინფორმაციით, უწყებაში ბრუნდება ყოფილი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, რომელიც „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა, მას მმართველი გუნდი მხარს უჭერს.
საპროკურორო საბჭომ კანდიდატებად წარმოდგენილი პირების დოკუმენტაცია შეისწავლა. ახლა უკვე საბჭო კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან ინდივიდუალურ გასაუბრებას ჩაატარებს. ამის შემდგომ, საპროკურორო საბჭო, შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა პირს ფარული წესით უყრის კენჭს და შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საპროკურორო საბჭოს ვერავინ უკარნახებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა შეიძლება თუ არა შეფასდეს გავლენის მოხდენად პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადება, - „თუ ირაკლი შოთაძეს წარადგენს საპროკურორო საბჭო, პარლამენტი მას მხარს დაუჭერს“, - ანრი ოხანაშვილი პასუხობს, რომ ვერავის განცხადებას ვერ ექნება ვერანაირი გავლენა საპროკურორო საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე.
„ამიტომ, თქვენ თუ მე არ შემეკითხებით, რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით, არავის მხარდამჭერ განცხადებას არ გავაკეთებ და არ შევაფასებ. თუ მკითხავთ, პატივისცემის ნიშნად შემიძლია თითოეულ მათგანზე გესაუბროთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ირაკლი შოთაძეს არაფერს ერჩის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თუმცა აცხადებს, რომ მის ადგილას ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა. როგორც თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, შოთაძის ამ ფორმით მობრუნება უცნაურია.
„ყველას რჩება შთაბეჭდილება, რომ შოთაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. რა თქმა უნდა, უმრავლესობა გაიყვანს თავის კანდიდატს. პირადად ირაკლი შოთაძეს ნამდვილად არაფერს ვერჩი, უბრალოდ მის ადგილას რომ ვიყო, ძალიან მძიმე იქნებოდა და ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ერთხელ კრიზისის ფონზე თანამდებობა დატოვა ადამიანმა და შემდგომ მისი ამ ფორმით უკან მობრუნება უცნაური მოვლენაა“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
სახალხო დამცველის შეფასებით, ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციაში, როგორიც არის გენერალური პროკურატურა, ხელმძღვანელის შერჩევა კვლავ გაუმჭვირვალე პროცესით ხდება, რაც ნინო ლომჯარიას განცხადებით, ურყოფითად აისახება პროკურატურის იმიჯზე, ვინაიდან, პროკურატურა ისედაც განიცდიდა საზოგადოების მხრიდან ნდობის მწვავე დეფიციტს.
„არ ვიცი, ვინ შეიძლება გახდეს გენერალური პროკურორი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. პროკურატურა განიცდის საზოგადოების მხრიდან ნდობის მწვავე დეფიციტს, რაც ყველა კვლევიდან და საზოგადოების განწყობიდან ჩანს. ამიტომ, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ამჯერადაც ვერ ვნახეთ გამჭვირვალე და დაინტერესებული მხარეების მხრიდან ჩართული პროცესი. ვინც არ უნდა გახდეს ახალი გენერალური პროკურორი, ეს პროცესი დააზიანებს მის მიმართ ნდობას,“ - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგეს ის ფაქტი, რომ უკვე ცნობილია ვის შეარჩევს პარლამენტი, არამედ პრობლემა იმაშია, ვისაც შერჩევს ამ კონკრეტულ თანამდებობაზე.
„რაც შეეხება ამ ვითარებას, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში გვაქვს, საკმაოდ მძიმეა. ასევე გასაგებია რა შენიშვნები არსებობდა ბატონ თადუმაძესთან მისი გენერალური პროკურორად მსახურობის პერიოდში. ჩვენ არ გავქს მოლოდინი, რომ ის დამოუკიდებელი მოსამართლე იქნება და მით უმეტეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
რაც შეეხება ბატონ შოთაძეს, აქაც ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული დამოკიდებულება. მოგეხსნებათ, რომ შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე გადადგა თანამდებობიდან და თუ გადადგა, ეს ნიშნავს, რომ მან აიღო პასუხისმგებლობა. ახლა უკან დაბრუნებით, ამ პასუხისმგებლობის უარყოფასთან გვაქვს საქმე, რაც მიუღებელია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახუშტი მენაბდემ.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, კანონმდებლობით ორივე არჩევითი თანამდებობაა, მაგრამ რეალურად დანიშვნითი თანამდებობაა. მისი თქმით, კანონმდებლობა იმდაგვარად არის შედგენილი, რომ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მაინც ხელისუფლება იღებს. საბოლოო ჯამში მმართველი გუნდი შეარჩევს მისთვის სასურველ კანდიდატს.
„სიახლე არაფერია. როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა კარგავს საყრდენს მოსახლეობაში, მას როგორც წესი, ანაცვლებს ძალოვანი სტრუქტურები და მართლმსაჯულება. ამით ცდილობს შეცვალოს, ან გააძლიეროს, ან რეპრესიულ მანქანად გადააქციოს მთელი ეს სისტემა. ასე რომ, შოთაძეც და თადუმაძეც არა მარტო დააბრუნეს, არამედ ისინი „ქართული ოცნების“ მიერ გამოცდილი კადრები არიან. ისინი ერთგულების და მორჩილების ნიშნით იყვნენ თავიდანვე შერჩეული.
როდესაც შოთაძე გაუშვეს გენპროკურორობიდან, მან გადახრები სხვა პოლიტიკიური მიმართულებით არ დაიწყო, ისევ დარჩა გუნდში. შესაბამისად, ეს ერთგულება დაუფასდა. ამ რთულ ვითარებაში ჯობია ისევ ერთგული კადრი მოაბრუნო უკან, ვიდრე ახალი გამოუცდელი კადრი ეძებო. ამიტომ შეარჩიეს შოთაძე. უზენაეს სასამართლოში ბევრია ისეთი მოსამართლე, რომელიც გადამოწმებულია „ქართული ოცნების“ მიერ, მაგრამ არჩევანი მაინც თადუმაძეზე შეჩერდება. ორივე ცვლილება ფაქტიურად გადაწყვეტილია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.