„გულახდილად თქვით, არ იყო ისე, რომ ბატონი ივანიშვილი ამბობდა, მოდით შეცვალეთ, მაგრამ სინამდვილეში, კულისებს მიღმა აწყობდა მისი ჩავარდნის სცენარს? - მითხრათ, არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?“, - ამ სიტყვებით მიმართეს ევროპარლამენტარმა, ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე შერიგებისა საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, კახა კუჭავას.
ევროპელი დეპუტატების ამ კრიტილი განცხადებიდან რამდენიმე საათში, ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, ადამ კინზინგერის ინფორმაციით, გახარიასათვის გაგზავნილ წერილში კონგრესმენები გამოთქვამენ შეშფოთებას პოლიტიკური ნიშნით მიზანში ამოღებისა და დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ.
ეს უკვე რიგით მეორე კრიტიკული წერილია, რომელიც გიორგი გახარიამ სტრატეგიული პარტნიოერისგან აშშ-სგან მიიღო. წერილი ნანახი არ აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს, თუმცა დავით ზალკალიანი ფიქრობს, რომ მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები ვაშინგტონში იქნება კარგი შესაძლებლობა, რათა კონგრესმენებს მიეცეთ ზუსტი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ქვეყნის პირველი დიპლომატი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ თუკი წერილში ეკონომიკურ ვარდნაზეა საუბარი, ეს ზუსტი ინფორმაცია არ არის, რადგან, თუნდაც, ბოლო თვეების, წინა წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საქართველოში ექვს პროცენტამდე იყო, ამიტომ ზალკალიანი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, ინფორმაცია იყოს ზუსტი.
„ვფიქრობ, წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია, პირადი კონტაქტები. ძალიან მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ინფორმაცია აქვთ მათ სხვა წყაროდან, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებელია პირადი კომუნიკაცია და პირადი კონტაქტები. საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ნებისმიერი სახის გამოხმაურება. ძალიან ყურადღებით ვეკიდებით მათ რეკომენდაციებს, მათ რჩევებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველა კითხვაზე, რომელიც მათ აქვთ, შეიძლება, ეს იყოს სუბიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობილი, მაგრამ აუცილებელია, ყველა კითხვაზე იყოს გაცემული პასუხი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მმართველი გუნდი პრობლემას არ აღიარსებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ხელშია მთელი დიპლომატიური რესურსი, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული შეფასებების რეალურ მიზეზად ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კონგრესმენის თითოეულ ასეთ განცხადებაზე პასუხი არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია, ის ორპარტიული აქტი, რომელიც საქართველოს მხარდასაჭერად შემუშავდა.
„თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური განცხადებები და არა ერთი რომელიმე კონგრესმენის განცხადება, არის პასუხი მათივე ამ წერილზე, მათივე ამ შეკითხვებზე. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც გააკეთა შეფასება, სადაც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა.
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში ვთანამშრომლობთ, ეს მხარდაჭერა იქნება შეუცვლელი. აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდამჭერი აქტის ინიცირება ვერ მოხდებოდა და ვერ იქნებოდა რეალიზებული, თუ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ექმნებოდა. ამიტომ ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციაა პასუხი მათივე ამა თუ იმ რიტორიკულ შეკითხვებზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თვლის, რომ აუცილებელია პარტნიორი ქვეყნის კონგრესთან, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს, უფრო ჩაღრმავებული და დეტალური საუბარი შედგეს, ვიდრე განცხადებების გაცვლა-გამოცვლა არის. მისივე თქმით, აუცილებელია, საარჩევნო საკითხების მცოდნე მაღალი დონის დელეგაციის ჩასვლა აშშ-ში, რათა პირადად მათგან მიიღონ კონგრესმენებმა ინფორმაცია.
„ხელისუფლებას საკმაოდ სერიოზული არგუმენტები გააჩნია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რატომ შეიცვალა ეს წინადადება და თავისი წინადადების საკმაოდ სერიოზული დასაბუთებაც გააჩნია ხელისუფლებას. წერილის შინაარსი ცნობილია, დასამალი არაა, იგივე შინაარსია, რაც პირველ წერილში იყო.
თემა ვიცით, საკითხის არსი ვიცით, პოზიცია საკმაოდ მყარია და ის ფორმულა, რასაც სთავაზობს ხელისუფლება ოპონენტებს, არის ისეთი, რომელიც, პრაქტიკულად, არ დაუშვებს კრიზისს, რომელიც, სამწუხაროდ, რამდენიმე დემოკრატიას დაემუქრა. სასურველია, რომ შევთანხმდეთ და ჩვენი პოლიტიკური ამბიციების გამო, ქვეყნის სტაბილურობა არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს კონცენტრიდნენ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე, რადგან პარტიის წევრებიის განმარტებით, დასავლური არჩევანისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ რეაქცია აჩვენებს, დღევანდელმა ხელისუფლებამ სრულად ამოწურა პოზიტიური განვითარების რესურსი და მთავარი დაბრკოლება ხდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის გზაზე.
„ყველა ადამიანი, ვინც აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას, არის საქართველოს მეგობარი და არიან ის პოლიტიკოსები, ვისაც უნდა საქართველო იხილოს წარმატებულ, ევროპული მომავლის მქონე დემოკრატიად. დღევანდელი ხელისუფლება ებრძვის ამ ადამიანებს, ცდილობს მათ დისკრედიტაციას და მათზე პოლიტიკურ შეტევას. ეს არ არის დემოკრატიული ხელისუფლების პასუხი მეგობრების კრიტიკაზე. ეს არის ის, როგორც იქცევიან ვადაგასული, გაბანკროტებული რეჟიმები, როდესაც ისინი იღებენ კრიტიკას დასავლური სამყაროდან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებს კონგრესის და ამერიკის პოლიტიკური წრეების მნიშვნელობას, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე. მისი თქმით, ეს წერილი, თავისი შინაარსით, კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე წინა შემთხვევაში იყო. როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი მმართველი გუნდის მტკიცება, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი შიდა პარტიული დემოკრატიის გამო ჩავარდა.
„ქვეყანას დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა. პასუხის პასუხი კიდევ უფრო მძიმეა. ამჯერად წერილის ავტორი აღარ არის მხოლოდ ორი კონგრესმენი. წერილის ავტორებს შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ლიდერია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ცვლილებები, რომელიც უნდა მიღებულიყო, განსაზღვრავდა ქვეყნის განვითარების ბედს მომავალი წლების განმავლობაში და მისი ჩაგდებით, საერთაშორისო პარტნიორებში ჩვენ მიმართ ნდობა განადგურდა. ეს ნდობა კიდევ უფრო შეარყია იმ განცხადებებმა, რაც შემდგომ გაკეთდა, რომ პარტიული შიდა დემოკრატიის გამო ჩავარდა კანონპროექტი. ეს არავისთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი. ეს პროცესები დაიწყო და გაგრძელდება“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
უმრავლესობის ყოფილი წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, სამწუხაროდ, ხელისუფლება არაადეკვატურად რეაგირებს დასავლელი პარტნიორების კომენტარებზე.
„ხელისუფლებამ, პირველ რიგში, უნდა გაიაზროს, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლების პოლიტიკას, არ არიან ჩვენი მტრები, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ისინი საქართველოს გვერდში უდგანან დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ადეკვატურად მიიღოს, რომც არ მოსწონდეთ კრიტიკული და მწვავე განცხადებები და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ყველა მითითება არის სავალდებულო შესასრულებელი ქვეყნისთვის. ჩვენი მეგობრები, ამ მოსაზრებებს სწორედ იმ მიზნით და მოტივაციით გამოთქვამენ, რომ ქვეყანა დემოკრატიის გზაზე იდგეს და არ გადაუხვიოს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს განცხადებები“, -განაცხადა ლევან კობერიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ აშშ-ში და ევროკავშირში ივანიშვილის ხელისუფლებას არანაირი ნდობის კრედიტი აღარ აქვს, რაც დასტურდება კონგრესმენების წერილებიდან და ევროპარლამენტში დებატებიდან. სალომე სამადაშვილის განცხადებით, კონგრესმენების მიერ გაჟღერებული გზავნილები დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ ისინი საქართველოში პოლიტიკურ ცვლილებებს ელიან.
„აშშ-ისთვის და კონგრესში საქართველოს მეგობრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გავიდეს ევროატლანტიკურ ორბიტაზე და ჰქონდეს ეკონომიკური წარმატება. როდესაც კონგრესმენები გვეუბნებიან, რომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე, ეს გზავნილი დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს. შესაბამისად, დღეს ჩვენი ამოცანა არის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოვიცილოთ ეს დაბრკოლება, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წარმატების გზაზე და არჩევნების გზით შევცვალოთ ქვეყანაში ხელისუფლება“, - აღნიშნა ჟურნალისიტებთან საუბრისას სალომე სამადაშვილმა.
სხვათაშორის კატეგორიული ჩაციკვლით, ვინმეს გაუაზრებლად შეყვარებით და თავგამოდებული კატეგორიულობით ანტიბიოტიკს მაგონებს...