„ქართულ ოცნებას“ რა ეგონა? მას შემდეგ, რაც მთელი 2019 წელი პოლიტიკურ შეცდომებში გაატარა, ეს მათ რეიტინგზე არ იმოქმედებდა? თუმცა „ქართული ოცნების“ რეიტინგის დაცემა სულაც არ ნიშნავს, რომ წამყვანი ოპოზიციური პარტიების რეიტინგი იზრდება“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე და განმარტავს, რის ხარჯზე გაიხანგრძლივებს პოლიტიკურ ცხოვრებას მმართველი გუნდი 2020 წელს.
ოპოზიციის მკვეთრ შეფასებებს თუ ვირწმუნებთ, ბიძინა ივანიშვილს მძიმე პოლიტიკური დღეები ელის და 2020 წელი „ქართული ოცნებისთვის“ აპოკალიფსის წელი იქნება. უფრო მეტიც, ეს მთავრობა ამ შემადგენლობით არჩევნებს ვერ ჩაატარებს და მთავრობის ბევრი წევრი გამოიცვლება.
- 2020 წელი მძიმე იქნება არა მარტო ჩვენი მთავრობისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსთვის. ყველანაირი სიმპტომი ამაზე მეტყველებს, მათ შორის, ცხელი წერტილები ჩვენს უახლოეს გარემოცვაში და მსოფლიოში ძალთა ახალი განლაგება, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი თუ აფრიკის ჩრდილოეთი. ჩვენ მაინც ორიენტირებულნი ვართ საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, ამიტომ გასაგებია ყველა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, 2020 წელი „ოცნებისთვის“ ურთულესი იქნება. ამ ყველაფერს თითქოს აქვს საფუძველი, თუმცა მე მაინც არ ვფიქრობ, რომ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ კარგავს რეიტინგს და საკმაოდ მძიმე ვითარებაშია, ეს იქნება მისი დასასრულის წელი. არ არის ასე, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, მიმდინარეობს რადიკალიზაცია, ძალთა გადაჯგუფებები, პოლარიზება, მაგრამ საკმაოდ მძიმე ვითარებაა არა მარტო „ქართულ ოცნებაში“, არამედ ოპოზიციაშიც, როგორც სტრუქტურული, ისე ელექტორალური თვალსაზრისით.
ის, რომ „ოცნებამ“ დაკარგა რეიტინგი, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს რეიტინგი ოპოზიციის სასარგებლოდ გადავიდა. როდესაც ოპოზიციონრები ლაპარაკობენ ჯამურ უმრავლესობაზე, ჯამური უმრავლესობა ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ჯამური უმრავლესობა, რამდენადაც მახსოვს, მათ 2016-შიც ჰქონდათ. თუ არ ვცდები, მაშინ 48% აიღო „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა იმ სისტემის ხარჯზე, რა სისტემითაც ის დღეს აპირებს არჩევნების ჩატარებას. დღეს „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება, მას მინიმუმ სჭირდება 76 მანდატი, ხოლო, თუ 80 მანდატს აიღებს, ძალიან მშვიდად და წყნარად იქნება „ოცნების“ საქმე. გარდა ამისა, არსებობს კონსტიტუცია, რომელსაც ხელისუფლება, როცა საჭიროა, მაშინ იყენებს თავის სასარგებლოდ. ბუნებრივია, ახლაც გამოიყენებს ამას და არჩევნებში პირველ ადგილზე გასვლა „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, შეუძლია. მას აქვს შანსი, დააკომპლექტოს მთავრობა.
მაგრამ არც ოპოზიციაა გულხელდაკრეფილი. ოპოზიცია პოლიტიკურ მეორედ მოსვლას ჰპირდება მმართველ გუნდს.
- მე არ ვიცი, რა იქნება ხვალ, რა პროცესები წარიმართება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია, მაგრამ დღესდღეობით ასეთი ვითარებაა. ლომის წილი არის იმაზე, თუ რას გადაწყვეტს და როგორ მოიქცევა ოპოზიცია, ასე რომ, ოპოზიციისთვისაც რთული წელია, ამიტომ ოპოზიციის მხრიდან ასე ხაზგასმით თქმა, რომ ჩვენ ახლა არჩევნებს მოვიგებთ, მთლად ასეც არ არის. 2020 წლის არჩევნებს უნდა შევხედოთ უახლოესი პერიოდიდან გამომდინარე, ანუ ისე, როგორც ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური ჯამურად. ამაში ვგულისხმობ, რომ პროპორციულ ნაწილში არჩევნების ხმები გადანაწილდება ისე, როგორც გადანაწილდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ანუ იქნება მრავალი მონაწილე სუბიექტი, ხოლო მაჟორიტარულ ნაწილში არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. თუ რაიმე პარალელის გავლება და პროგნოზირება გვინდა, უნდა ავიღოთ საპრეზიდენტო არჩევნების როგორც პირველი, ისე მეორე ტური, რადგან მაჟორიტარულში თუ იქნება მეორე ტური, ძირითადად იქნებიან „ქართული ოცნების“ კანდიდატი და ოპოზიციის კანდიდატი.
ოპოზიციის კანდიდატები აპირებენ, რომ 2020-სთვის ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ეს ოპოზიციისთვის სასარგებლო იქნება?
- გასაგებია, რომ დღეს ლაპარაკია იმაზე, ჩვენ მოვილაპარაკებთ და შევთანხმდებითო, მაგრამ ამ შეთანხმებასაც თავისი სუსტი მხარე აქვს, რადგან „ქართული ოცნება“ ილაპარაკებს იმაზე, რომ ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები და ისინი „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებად მოგვევლინებიან მაშინაც, თუკი პარლამენტში გავლენ. ამიტომ რთული ვითარებაა ოპოზიციურ ფლანგზეც.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ პანიკა შეიქმნა „ქართულ ოცნებაში“ „ენ-დი-აი“-ს კვლევისა და რეიტინგის კატასტროფული ვარდნის გამო. მამუკა მდინარაძეც ამერიკის „ენ-დი-აი“-ს დირექტორ ლორა თორნტონს შემთხვევით არ შეხვედრია.
- მე ვთვლი, რომ „ენ-დი-აი“-ს კვლევა საკმაოდ ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, ტენდენციები ზუსტია. „ქართულ ოცნებას“ რა ეგონა? მას შემდეგ, რაც მთელი 2019 წელი პოლიტიკურ სისულელეებში გაატარა, ეს მის რეიტინგზე არ იმოქმედებდა? წეღანაც ვთქვი, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ეცემა, მაგრამ წამყვანი ოპოზიციური პარტიების რეიტინგიც არ იზრდება. გამონაკლისი შეიძლება იყოს „ევროპული საქართველო“. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ლელო“ არ მონაწილეობდა ამ გამოკითხვებში. თუ რეიტინგის ვარდნაზეა საუბარი, ვარდნა მოხდა, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის. ოპოზიციას თეორიულად შეუძლია მოიგოს ეს არჩევნები, დიდი ალბათობაა ამის, მაგრამ იმდენი რამ უნდა გააკეთოს ამისთვის ოპოზიციამ, რომ ძნელი წარმოსადგენია. როდესაც ერთი კანდიდატის გარშემო შეთანხმებაზეა ლაპარაკი, დღეს ოპოზიციაში „ნაცმოძრაობას“ ყველაზე უკეთ აქვს აწყობილი სტრუქტურა და ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ანუ „ნაცმოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა. ყველა არჩევნები და გამოკითხვები ამ რეალობას ადასტურებს, მაგრამ ნახეთ, რა პრობლემის წინაშე დგას იგივე „ნაცმოძრაობა“? „ნაცმოძრაობამ“ უნდა იმუშაოს მაჟორიტარობის იმ კანდიდატზე, რომელიც მისი არაა. იქ, სადაც ღიად იქნება დაპირისპირებული „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, 80%-ს მოიგებს „ქართული ოცნება“, ეს კარგად ესმით ოპოზიციაში და ამიტომ ლაპარაკობენ შეთანხმებით კანდიდატზე, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები საერთო კანდიდატებზე რომც შეთანხმდნენ, საარჩევნო მუშაობის დროს, ვინც რეალურად უნდა უზრუნველყოს ელექტორატის მოზიდვა და ხმების დაცვა უბანზე, ისინი იმუშავებენ კი საერთო კანდიდატისთვის? ისინი ხომ ძირითადად არიან „ნაციონალები“, ადამიანურად რთულია, კაცი აიძულო, თავგამოდებით იმუშაოს და მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატს, რომელიც მისი პარტიის წევრი არაა. ეს პრობლემა უთუოდ დადგება ოპოზიციის წინაშე და კიდევ უფრო გამწვავდება.
რაც თავი მახსოვს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სულ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო და ერთმანეთისთვის დაეთმო, მაგრამ ამან არასდროს იმუშავა.
ოპოზიციის გაერთიანება ერთმანეთზე ეჭვიანობის გამო, თუ სხვა ფაქტორების გამო ვერ ხერხდებოდა?
- საამისოდ უამრავი ფაქტორი არსებობდა. არ მუშაობს სურვილი, რომ მეორე ტურში ყველამ ერთ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. ზედა რგოლებში რომც მოხდეს შეთანხმება, ეს შეთანხმება ძირითადად მაინც არ მუშაობს იმ ადამიანებში, ვინც კარდაკარ უნდა იაროს, აგიტაცია აწარმოოს, უბანზე ხმები დაიცვას. თუმცა ზედა რგოლშიც ვერასდროს ხდებოდა შეთანხმება და, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, ყოველთვის „ბლეფი“ იყო ეს შეთანხმებები. ეს არის ანატომია არჩევნების 90 წლიდან მოყოლებული დღემდე.
გამოდის, „ოცნებას“ მაინც კარგად ჰქონია საქმე 2020-ში?
- ამიტომაც ვამბობ, რომ ასე გადაწყვეტილი პროცესები ოპოზიციის სასარგებლოდ დღეს არ არის. ზუსტად შემიძლია გითხრათ, ხვალ ან ზეგ არჩევნები რომ იყოს, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი შანსი აქვს, მოიგოს ეს არჩევნები. თანაც, პირველ ადგილზე გასული აყალიბებს მთავრობას. თუ 3-4 პარტია არჩევნებში გავა, რაც პროპორციული არჩევნების შემდეგ გამოჩნდება, მაშინ „ქართულ ოცნებას“ მანევრირების ძალიან დიდი შანსი აქვს. ამიტომ არაპროდუქტიული იყო ლაპარაკი ოპოზიციაში და ახლა ცოტა მინელდა საუბარი იმაზე, თუ ვის დაუჭერენ მხარს - „ქართულ ოცნებას“, თუ კოალიციას. კოალიცია იმისაა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებში გავა, იბრძოლებს იმისთვის, რომ ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი მინისტრის პორტფელი. ვინც მეტ პორტფელს შესთავაზებს, რა თქმა უნდა, მას დაუჭერს მხარს კოალიცია, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ახლა ვიკითხოთ, „ნაცმოძრაობას“ თუ აქვს რაიმე უპირატესობა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით? არანაირი, არც მორალური, არც ზნეობრივი, პირიქით, „ქართული ოცნება“ დაეშვა „ნაცმოძრაობამდე“, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ არ ამაღლებულა იმ სტატუსიდან, რა სტატუსითაც ის გაუშვეს 2012 წელს.