"აჭარის პროკურატურაში ვანო მერაბიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სარჩელი ბიზნესმენმა სერგო ბერიძემ შეიტანა - ყოფილი პატიმარი პროკურატურისგან მისი საქმის გამოძიებასა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ "ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსის" მფლობელი სერგო ბერიძე 2007 წელს თანხის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. მან პატიმრობის სრული ვადა მოიხადა და საპატიმროში ოთხწელიწადნახევარი გაატარა. დღეს ის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. "ალია" კომენტარისთვის თავად სერგო ბერიძეს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა სარჩელი შევიდა პროკურატურაში ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ?!
"მთავრობის ხელმძღვანელ ვანო მერაბიშვილს არ ვუჩივი - მე ვუჩივი შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყო მერაბიშვილი, მაგ არაკაცს, მაგას! მას ჩამოყალიბებული ჰქონდა ბანდა, სადაც იყვნენ ლუხუმ კაპანაძე, გელა გიგოლაშვილი და ბაკურ მახარაძე, ბანდიტი, რომელიც ციხეში იჯდა 7 წელი - ესენი მემუქრებოდნენ მოკვლით და განადგურებით ჩემი ბიზნესის წართმევის მიზნით. ვანოს დედამ ჟანა მერაბიშვილმა დამიბარა და შევხვდი ახალციხეში, მას უნდა მოეგვარებინა გელა გიგოლაშვილთან ჩემი საქმე. გელა გიგოლაშვილი მერაბიშვილის ქვისლია, ლუხუმ კაპანაძე კი არის ვანო მერაბიშვილის მეზობელი ახალციხეში - ეგ ვინ არის იცით? ნინო ზურიაშვილმა ფილმი რომ გადაიღო სახელით "მინისტრის მეგობარი" აი, ეგ! ეს ხალხი მემუქრებოდა, თუ არ დავთმობდი ახალსოფელში ჩემს ბიზნესს, მომკლავდნენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგო ბერიძე.
"ვანო მერაბიშვილის მეგობარმა ლუხუმ კაპანაძემ მითხრა, დიდი ბიზნესის გაკეთებას ვაპირებ, სადაც დირექტორად დაგნიშნავო. მან გარკვეული თანხა გადმომირიცხა, შემდეგ კი სხვა თანხის გადმოცემის დროს ფულის გამოძალვის ბრალით კუდ-ის თანამშრომლებს დააპატიმრებინა ჩემი თავი... მე მქონდა ტერიტორია ახალსოფელში, სადაც ბევრი ხალხი მუშაობდა, მქონდა სამკერვალო ფაბრიკა, ქათმების ფერმა, 300 სული ღორი, სუპერმარკეტი, ოფისი, სასტუმრო და ავტოსადგომი თურქული მანქანებისთვის. წამართვეს ეს და ჩადეს "ქართუ ბანკში" 12 მილიონად, ორ თვეში გაიქცნენ და ეს ხალხი დატოვეს უმუშევარი. ესენი არიან ყაჩაღები. მაშინ სასამართლოზე ვამბობდი, მომისმინეთ-მეთქი, ციხიდან წერილი მივწერე პრეზიდენტს, მივწერე ადეიშვილს, ყველას ვწერდი წერილს, მაგრამ არსაიდან პასუხი არ მიმიღია", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ახლა რატომ გადაწყვიტეთ ხმის ამოღება?" - პასუხობს:
"იმიტომ, რომ დრო მოვიდა! ვითხოვ სასამართლოში დადგნენ ჩემ გვერდით და აგონ პასუხი. ახალი ხელისუფლებისა და ახალი სასამართლოს იმედი მაქვს. მახსოვს, პროცესზე დავით ჭარბაძე იყო და მემუქრებოდა - ეს კაცი ახლა პროკურორია ბათუმში, ჭარბაძე ამბობდა, რასაც ვანო დამირეკავს, იმას გავაკეთებო... ფული წამართვეს და გაიქცნენ ეს არაკაცები".