შეერთებული შტატები საქართველოს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებების შეწყვეტას სთხოვს

შეერთებული შტატები საქართველოს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებების შეწყვეტას სთხოვს

იმით შეწუხებულებმა, რომ საქართველოს მწვავე პოლიტიკური გარდამავალი პერიოდი შეიძლება პოლიტიკური რეპრესიების ტალღაში გადაიზარდოს, ამერიკელმა ჩინოვნიკებმა მოუწოდეს ახალ პრემიერმინისტრს, შეწყვიტოს იმ ჩინოვნიკების დაპატიმრება, რომლებიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მუშაობდნენ, განაცხადეს რა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულმა დევნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებს.

მაგრამ, თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ შაბათ-კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 ჩინოვნიკი სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში დარჩება. ჩინოვნიკებს ბრალი ედებათ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის, რომლის პარტიამაც დაამარცხა სააკაშვილის პარტია გასული თვის საპარლამენტო არჩევნებში, ისინი უკანონო მიყურადებას აწარმოებდნენ საუბრების ჩაწერის მიზნით.

დღეს კონკურენტი პარტიის კანონმდებლებმა უნდა გაიზიარონ ძალაუფლება პარლამენტში, მაგრამ ახალმა პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის პრიორიტეტად გაიხდიდა იმ ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებას, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში მუშაობდნენ. სააკაშვილს ვადა მომავალ წელს ეწურება.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ფილიპ გორდონი ბ-ნ ივანიშვილს პარასკევს შეხვდა და განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაცემა საქართველოში აღქმული იყო, როგორც „გარკვეული თვალსაზრისით მოდელი რეგიონისთვის“. მაგრამ ბ-ნმა გორდონმა გააფრთხილა მთავრობა, რომ იმ ჩინოვნიკების დევნა, რომლებიც სააკაშვილთან მუშაობდნენ, შესაძლოა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად იყოს აღქმული.

„არავის არ უნდა დაინახოს, ან შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მტრების მიმართ ანგარიშსწორებაა და არა კანონის უზენაესობა“, განაცხადა ბ-ნმა გორდონმა. „ეს ბალანსია, რომლის წინაშეც არის ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად სამართლიანად მიისწრაფვის პასუხისმგებლობა დააკისროს ადამიანებს მათი ქმედებების გამო ქართული კანონმდებლობის თანახმად – მაგრამ, იმავდროულად, თავი უნდა აარიდოს ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, ასევე ქვეყნის შიგნით, რომ ის აპირებს თავისი ძალაუფლების გამოყენებას ანგარიშსწორებისთვის სხვა პოლიტიკური ლიდერების მიმართ“.

„ვფიქრობ, ნატოს წევრები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან როგორ განვითარება ეს მოვლენები“, თქვა მან და დასძინა, რომ ისინი განსაზღვრავენ „იქნება თუ არა წინსვლა პროცესში ნატოსთან დაკავშირებით“. ორივე, ბ-ნი სააკაშვილიც და ბ-ნი ივანიშვილიც, აცხადებენ, რომ ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოს ალიანსში წევრობისკენ გაუძღვებიან.

ბ-ნი ივანიშვილის წამყვანმა მრჩეველმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ როგორც ჩანს შეერთებულ შტატებს სურს სააკაშვილის და მისი მოკავშირეების დაცვა სამართლებრივი დევნისგან.

„ისინი შესაძლოა ცდილობენ სააკაშვილის პარტიის და მეტიც, საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას, რადგან ცხრა წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ მთავრობას, რომელთა საქმიანობაც გამოძიების საგნად იქცა“, თქვა მან.

სიტუაცია გამწვავდა პატიმრობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სასამართლო მოსმენაზე, სადაც თბილისის მერმა, ბ-ნი სააკაშვილის ახლო მოკავშირემ, განაცხადა, რომ სამართლებრივი დევნა საქართველოსთვის შეიძლება პოლიტიკური რეგრესით დასრულდეს.

„ყველა ბრალდება შეთითხნილია და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება“, თქვა მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას სასამართლო მოსმენის შემდეგ.

მაგრამ სასამართლომ განაცხადა, რომ დაკავებულები უნდა დარჩნენ პატიმრობაში, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ მათ შეიძლება დააშინონ მოწმეები ან გაანადგურონ მტკიცებულებები.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაახლოებით 15 მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკია დაკავებული.
foreignpress.ge