შვეიცარიის ხელისუფლება აცხადებს, რომ დავოსში ორი რუსი ჯაშუში დააკავა, რომლებიც საინვესტიციო ფონდ Hermitage Capital-ის დამფუძნებელ ვილიამ ბრაუდერზე თავდასხმას გეგმავდნენ, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Tages Anzeiger სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, რუსები „რუსული სახლის“ სანტექნიკოსებად ირიცხებოდნენ და არ უნდა ჰქონოდათ დიპლომატიური აკრედიტაცია. ისინი თითქოს 2019 წლის ზაფხულიდან მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებდნენ.
„შვეიცარიის სამართალდამცველებმა რუსეთის მიერ ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაცია აღკვეთეს,“ წერს ბრაუდერი Twitter-ზე.
გამოცემის ცნობით, ბრაუდერი იყო ანტირუსული სანქციების ინიციატორი. მისი აზრით, მოსკოვი მასზე დიდიხანია „ნადირობს“. რუსული მხარე ცდილობდა მისთვის დავოსის ფორუმზე აკრედიტაციის გაუქმებას, თუმცა ორგანიზატორებმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილეს.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2020 წლის 21-დან 24 იანვრამდე იმართება.