ახალი კვირა ახალი საპროტესტო მოძრაობებით დაიწყო. ამჯერად საქმეში ჩაერთო ის რეგიონები, რომლებიც აქამდე მსგავს ვითარებაში ნაკლებად იყო შემჩნეული.
დინჯმა კახელებმა კარგა ხანი იცადეს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მათაც გადაწყვიტეს პროტესტის გამოხატვა. გურჯაანში სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ადგილობრივი სერვის-ცენტრის თანამშრომლების ნაწილმა ორგანიზაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართა. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, თითქმის ყველა თანამშრომლის ხელფასი 220 ლარია.
„დღეს ეს სასაცილო თანხაა. აქამდეც უნდა მოგვეწყო აქცია, მაგრამ მთავარია, რომ ახლა მაინც გავაკეთეთ ამის ორგანიზება“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
კომპანიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძვნელი ჟანა დიდებაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ვიდრე კახეთის ენერგოდისტრიბუცია გაკოტრების რეჟიმში მუშაობს, ხელფასების მომატება ვერ მოხდება. ისინი მზად არიან აქციის მონაწილე თანამშრომლებს შეხვდნენ და გამოსავალი ერთად იპოვონ.
რა გამოსავალი უნდა იპოვნონ ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა ცოტა გაუგებარია. „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ დიდი ხანია უკვე გაკოტრების რეჟიმში იმყოფება, მაგრამ ვერც კოტრდება და ვერც ჯანსაღდება. თუკი ასე გაგრძელდა, კომპანიის ბიზნეს-წვალება კიდევ კარგა ხანი გასტანს, ხოლო მის თანამშრომლებს თუ რამე დააკლდებათ, თორემ მომატებისა რა მოგახსენოთ.
ქიზიყელები კი მიწებზე ჩივიან და როგორც ჩანს, არცთუ უსაფუძვლოდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის მოსახლეობის ნაწილი, დაკანონებული მიწების ჩამორთმევას აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები მათ საკუთრებაში 1999 წელს გადაეცათ.
„ახლა ბოდბისხეველების მიწებს უცხო პირები დაეპატრონენ და კანონიერ მფლობელებს მათი დამუშავების უფლება ჩამოართვეს“, - განაცხადეს ადგილობრივებმა.
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზაქარია პავლიაშვილი აცხადებს, რომ პრობლემის შესახებ საქმის კურსში სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩააყენებს და გადაწყვეტილებას საკითხის გარშემო საერთო ძალებით მიიღებენ.
სხვათა შორის, სიღნაღელები პირველები არ არიან (და არც უკანსკნელები იქნებიან) ვინც საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ადამიანების გამოჩენას აპროტესტებს. ყველაფერი ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების ბრალია, რომელმაც ნაციონალური მთავრობის ხელში მასობრივი ფორმა მიიღო.
კახელებზე მეტად კატეგორიულები აღმოჩნდნენ მეგრელები. ისინი პირდაპირ პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. მათი საპროტესტო სტარტიც უფრო რადიკალური აღმოჩნდა. ზუგდიდში 70-მდე გარემოვაჭრემ გარევაჭრობის უფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია პირდაპირ რაიონის გამგეობასთან გამართა და გზაც გადაკეტა.
აქციის მონაწილეებს მოთხოვნაც პროტესტის შესაბამისი ჰქონდათ. ისინი თანამდებობიდან გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას გადადგომას ითხოვდნენ. მოგვიანებით,
გარემოვაჭრეებს გამგებელი შეხვდა, რომელმაც მათ განუცხადა, რომ გარევაჭრობა კანონით არის აკრძალული და ვერ დაუშვებენ. ალექსანდრე ქობალიას თქმით, გარემოვაჭრეები დაკმაყოფილდნენ ფართებით, თუმცა მათ თავად არ ისურვეს იქ მუშაობა.
როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, პოლიციის თანამშრომლებმა გუშინწინ ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა აუკრძალეს, რის შემდეგაც ისინი გამგეობის ადმინისტრაციის უფროსს თენგიზ შანავას შეხვდნენ. შანავამ კი მათ განუმარტა, რომ გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ ბრძანება ახალი ხელისუფლებისგან მიიღო.
იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრეები ვერ მიიღებენ გარევაჭრობის უფლებას, დაუსრულებელი აქციებით იმუქრებიან.