„თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება პრემიერ-მინისტრად, ეს იქნება მისი მხრიდან ძალიან ძლიერი პოლიტიკური სვლა, რაც საზოგადოებრივ ოპტიმიზმს გაზრდის“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
გახარიას ნათქვამს რომ დავესესხოთ, „ქართული ოცნების“ ბოლო სერიაში რა პროცესებს ელით? „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ხშირ-ხშირად იცვლებოდნენ პრემიერები, მაგრამ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, გახარია შეიძლება ყველაზე მოკლევადიანი პრემიერი აღმოჩნდეს. ღარიბაშვილი ახალი წლისთვის ისე წავიდა თანამდებობიდან, რომ ცოტა ხნით ადრე არც იცოდა ამის შესახებ, კვირიკაშვილმა ხანმოკლე წინააღმდეგობა მაინც გასწია, ბახტაძემ ფეისბუკით შეგვატყობინა გადადგომის თაობაზე, გახარიამ კი შესაძლოა, თავადაც არ იცოდეს, რა ელის მას?
- არა მგონია, გახარიამ თავადაც არ იცოდეს, რა ელის მას და ასე ხდებოდეს „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებების მიღება, რომ სიურპრიზად დაახვედრონ ვინმეს მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, თუკი საუბარია გადადგომაზე, ეს ყველაფერი შესაძლოა, განიხილებოდეს კიდეც არა ფართო წრეებში, არამედ „ქართული ოცნების“ გუნდში. თუკი გახარიას გადადგომის საკითხი საერთოდ დადგება, ეს ძირითადად, ალბათ, მაინც იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნის შედეგი. შესაძლო მეორე ვარიანტი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაითვალისწინოს მის მიმართ საერთაშორისო წრეებში ჩამოყალიბებული აზრი, რომ ის არაფორმალურად მართავს ქვეყანას, არ უჭირავს არც ერთი ფორმალური თანამდებობა და ერთგვარად გააქარწყლოს ეს მთავარი პრეტენზია მის მიმართ, თავად დაიკავოს ოფიციალური პოსტი და ამით წერტილი დაუსვას ყველა სპეკულაციას, რაც მის გარშემოა ექსპერტულ თუ პოლიტიკურ წრეებში.
მოგეხსენებათ, ე.წ. არაფორმალური მმართველობა დასავლეთში ნეგატიურ კონტექსტში აღიქმება. ჯერჯერობით მთლიანი ნიშნები იმისა, რომ გახარია გადადგება, არ ჩანს, თუმცა ჩვენს მყიფე პოლიტიკურ სინამდვილეში არაფერია გამორიცხული. ამაზე მეტყველებს წინა ორი პრემიერის გადადგომის ისტორიებიც, ვგულისხმობ ღარიბაშვილსა და ბახტაძეს, თუნდაც იმავე კვირიკაშვილს, ეს ადამიანი ამბობდა, გეგმები მაქვსო და არ აპირებდა გადადგომას, მაგრამ მოუწია გადადგომა.
„ქართული ოცნების“ ისტორიას თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ პრემიერები, მინისტრები გადადგებიან ხოლმე, შემდეგ ისევ უბრუნდებიან საკუთარ პოსტს. ოპოზიცია ამას იმით ხსნის, რომ კადრების შიმშილი აქვს „ქართულ ოცნებას“. თქვენ რით ახსნით ამ ფაქტს, ვერ ელევა ივანიშვილი ერთხელ უკვე საქმეში ნაცად კადრებს?
- აქ ორივე ფაქტორის კომბინაციაა. რა თქმა უნდა, მთავრობაში სჭირდებათ ისეთი ადამიანი, ვისაც ბოლომდე ენდობიან. კვირიკაშვილს ბოლომდე ენდობოდა ივანიშვილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის არც თუ ისე სანდო ფიგურა ყოფილა მისთვის. აქედან გამომდინარე, სანდოობისა და გუნდურობის პრინციპი მოქმედებს. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, სათადარიგოთა სკამი, თუ შეიძლება ეს ტერმინი გამოვიყენოთ, არც თუ ისე გრძელი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ ეს ხალხი ჩაანაცვლოს სხვა კადრებით. რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების მანძილზე, ძირითადად მაინც ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ საკადრო კარუსელზე. ასეთ ტურბულენტულ ვითარებაში, როდესაც ასეთი ტიპის ოპოზიცია გვყავს და რთული ვითარებაა ქვეყანაში, სამეზობლოში, რა თქმა უნდა, გჭირდება მთავრობაში გყავდეს ყოველმხრივ შემოწმებული სანდო ადამიანი. ასე რომ, მესმის ბიძინა ივანიშვილის მიდგომის, ზოგადად, „ქართული ოცნების“ მიდგომის, რომ მთავრობაში ჰყავდეთ ერთგული, გუნდური თამაშით მოთამაშე ადამიანები.
ცალკეული ექსპერტები არ გამორიცხავენ, შესაძლოა, გახარიამ სცადა დამოუკიდებლად რაღაცის გაკეთება და ეს არ აპატიეს მას. წინა პრემიერების ჩამოშორების მიზეზებს თუ გავიხსენებთ, არის ამაში სიმართლის მარცვალი?
- არ დავიწყებ სპეკულაციას იმაზე, რაზედაც ინფორმაცია არ გამაჩნია. თუნდაც ირიბი ნიშნები ხომ უნდა არსებობდეს იმისა, რომ გახარიამ დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო?! კვირიკაშვილთან მიმართებით არსებობდა ამის ირიბი ნიშნები, გახარიასთან მიმართებით კი, დავუშვათ, თეორიულად სიმართლესთან ახლოსაა, რომ მან დამოუკიდებელი თამაში დაიწყო, მაგრამ ვინ არიან მისი პოლიტიკური მოკავშირეები? ან რა ტიპის თამაში წამოიწყო გახარიამ? რომელ პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ გუნდთან დააპირა ახალი ალიანსის შექმნა? ასეთი რამ ჯერჯერობით არ იკვეთება. თუ კულუარებში ხდება რაღაც, არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე გამიჭირდება გახარიას დაკავშირება ჩვენთან არსებულ რომელიმე გავლენიან გუნდთან.
დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ივანიშვილმა შესაძლოა, „ქართული ოცნება“ დაკარგოს და სადავეების აღებას კალაძე შეეცადოს. ლევან კობერიძეც ამ კონტექსტში აცხადებს, რომ, ალბათ, ბოლო სერიაში მთავრობის ეს წევრები მარტო დარჩებიან სადღაც უკაცრიელ კუნძულზე, სადაც აღარავინ იქნება მათი პატრონი.
- ძალიან სამწუხაროა, როცა პარლამენტარებისგან ასეთ განცხადებებს ვისმენთ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, როგორი შემადგენლობაა ამჟამინდელ პარლამენტში. ყველას შესახებ, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით ამას, მაგრამ თუნდაც ჭიჭინაძე და კობერიძე ვიღაცისადმი სიძულვილის გამო ასეთ არასერიოზულ განცხადებამდე არ უნდა დავიდნენ.
ფიქრობთ, ხელოვნურად არის შემოგდებული კალაძესთან დაპირისპირების თემა?
- არ გამოვრიცხავ, რადგან ოპოზიცია ყოველთვის ეცდება იმას, მმართველ გუნდში გააჩინოს ბზარი, მმართველ გუნდს სანერვიულო მისცეს, საზოგადოებას მისცეს საჭორაო, რომ გააჩინოს უნდობლობა და ნეგატიური დამოკიდებულება მმართველი გუნდის მიმართ - შეხედეთ, თავად მმართველ გუნდშია ბზარი და რა გინდათ მათთან, ხმა მიეცით უფრო კონსოლიდირებულ გუნდს. ეს ჩვეულებრივი პოლიტტექნოლოგიური ხრიკია.
თქვენ აცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნება საერთშორისო შეფასებების თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი, რომ მის მიმართ კითხვები არ გაჩნდება, მაგრამ ქვეყნის შიგნით უკვე მეორედ მისი დაბრუნება რას შეცვლის?
- ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. მე დარწმუნებული ვარ, თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება პრემიერ-მინისტრად, ეს იქნება მისი მხრიდან ძალიან ძლიერი პოლიტიკური სვლა და, შეიძლება დარწმუნებით ვთქვა, საზოგადოების უმრავლესობა ამას მიესალმება. საზოგადოება ყველაფერს მაინც უკავშირებს ბიძინა ივანიშვილის ფიგურას და, თუკი ის გახდება ოფიციალური თანამდებობის პირი და მთავრობის მეთაური, ეს საზოგადოებრივ ოპტიმიზმს გაზრდის იმ მიმართულებით, რომ შეიძლება რაღაც კიდეც გამოსწორდეს. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას.