„ციხეებში ისევ დაბრუნდნენ მაყურებლები, ფიქსირდება ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტები“, – ნინო ლომჯარიას მიერ წარმოდგენილ დასკვნას, იუსტიციის მინისტრი არ ეთანხმება და სახალხო დამცველს მიმართავს, რომ ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოუგზავნის, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია, რადგან თეა წულუკიანის განცხადებით, ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში.
თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ვიდეოჩანაწერი წარადგინა, სადაც, მისი თქმით, ასახულია სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში.
„მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასიური შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც თქვენ ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასიური. თუმცა მე მაქვს პრეტენზია, ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი, თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი, მასიური არ არის, მაგრამ არის პრობლემა. ასეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც სხვათა შორის დახეული ჯინსი აცვია და როცა თქვენ მსაყვედურობთ, შენს თანამშრომელს ფორმა არ ეცვა გეგუთში და ვერ განასხვავებ პატიმრისგანო, ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ერთადერთი იმით შეიძლება მიხვდე, რომ ჩვენ პატიმრებს ქუდის ტარების უფლებას, მათ შორის, „კაპიუშონის“, არ ვაძლევთ და ბასკური ბერეტით შეიძლება მიხვდე, მაგრამ ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს საკანში, არ ვიცი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საპასუხოდ სახალხო დამცველმა მინისტრს მიმართა, რომ სად შევა, ვის შეხვდება – ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება და მინისტრზე უკეთ იცის.
„მივესალმები იმას, რომ ასეთი მაღალი ინტერესი გაქვთ ჩემი საქმიანობის მიმართ, თუმცა, ქალბატონო თეა, გეტყვით, რომ ციხეებთან უშუალო ურთიერთობის მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება აქვს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სახალხო დამცველს დაახლოებით 20-წლიანი და ჩვენ უფრო კარგად ვიცით, თქვენზე უკეთ ვიცით, როდის უნდა შევიდეს უშუალოდ სახალხო დამცველი და რა შემთხვევაში არ უნდა შევიდეს.
ამას აქვს თავისი მიზნები, ახსნა, თუ სურვილი გექნებათ შეგვიძლია არასაჯარო ფორმატში მოგახსენოთ, რას ეფუძნება ჩვენი მეთოდოლოგია. ნებისმიერ შემთვხევაში, ეს მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, ან მისი გასარჩევი, სახალხო დამცველი რას, როდის აკეთებს, მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კომპეტენტური დასკვნები“, – მიმართა ნინო ლომჯარიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვიდეო წარადგინა, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მიერ საკანში მონიტორინგის პროცესი არის აღბეჭდილი. იუსტიციის მინისტრმა ამ ფორმით სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილს უპასუხა, სადაც ე.წ. მაყურებელზეა საუბარი.
„რაც შეეხება იმ საკითხს, რომ შემოდის ახალი პატიმარი და მას უმასპინძლდება ვიღაც პატიმარი ყავით, თუ ჩაით, თქვენი ეჭვით, ეს უნდა იყოს მაყურებელი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მითხარით ამ ე.წ. მეჩაიე, თუ მეყავე მაყურებლის გვარი და სახელი, რომ ის დაისაჯოს, მაგრამ თქვენ, ალბათ, ამას არ იტყვით. „აიდი ბარათებისა“ არ იყოს, იუსტიციამ დაბეჭდაო და შემდეგ, რომ დაიბარეს ამ განცხადების ავტორები, ეს თქვენ არ ბრძანდებოდით, მერე თქვეს – „არ ვიცით, ასე გვითხრეს და...“ არ ვიცით, ასე გვითხრეს და კიარა, უნდა თქვათ სახელები და გვარები“, – განაცხადა წულუკიანმა.
ვიდეოზე, რომელიც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა, უკანონო ვერაფერი დაინახა სახალხო დამცველმა. პირიქით, ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ სერიოზული კითხვები არის ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით.
„ვერ დავინახე განსკუთრებული პრობლემა. არსებობს სიტუაციები, როდესაც პატიმართან ურთიერთობისთვის შესაძლებელია, საჭირო იყოს მასთან რაღაც ადამიანურ ურთიერთობასა და ნდობაში შესვლა. ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენი წარმომადგენლები ამ მიდგომებს ირჩევენ. მე ამ ვიდეოზე უკანონო ვერაფერი ვერ დავინახე, პირიქით, მიმაჩნია რომ სერიოზული კითხვები არის საერთოდ, აღნიშნული ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით.
რატომ არის შენახული და დაარქივებული ამდენი თვის განმავლობაში, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში აღნიშნული ვიდეო? სახალხო დამცველი ამ საკითხის, მისი კანონიერების შესწავლას აუცილებლად დაიწყებს და ასევე შევისწავლით, რამდენად ხდებოდა უკანონოდ მიყურადება ან თვალთვალი სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიმართ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე თეა წულუკიანის მიერ საპატიმროებში გადაღებული ვიდეოების გავრცელების გამო შეშფოთება გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. როგორც 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრის ქმედება, ერთი მხრივ, უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, მეორე მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
„თქვენ უშვებთ, რომ რაიმე უკანონო ფორმით ყოფილიყო მოპოვებული და ამის საჯაროდ, საზოგადოებისთვის დემონსტრირება მომხდარიყო? ვიდრე სიტყვას იტყვიან, ცოტა მეტად დაფიქრდნენ იმაზე, რას ამბობენ. ის დრო დამთავრდა, როდესაც, რეალურად, რეალურ სივრცეში და დროში ხდებოდა ადამიანების თვალთვალი, დაშანტაჟება და იძულება პირადი კადრებით. მესმის, ზოგიერთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებდნენ, ეს ნოსტალგია აქვთ, მაგრამ ეს დრო წარსულს ჩაბარდა და აღარასდროს დაბრუნდება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
პენიტენციური სისტემა სამართავად ურთულესია, მაგრამ როგორც ვიცე–სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, სახალხო დამცველის ანგარიშის კითხვისას რჩება წარმოდგენა, რომ არანაირი სირთულე არ არსებობს.
„აუცილებელია წახალისება იმის, რასაც მინისტრის ხელმძღვანელობით თანამედროვე პენიტენციური სისტემა სთავაზობს პატიმრებს. თუნდაც იმის თქმა, რომ სისტემის მიმართ არის შენიშვნა, სწორია, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ადამიანების მიმართ მესიჯები უნდა გვქონდეს გაცილებით უფრო ჩამოყალიბებული, კეთილგანწყობილი, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც სასჯელს იხდის.
ისინი სულ სხვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. შედარებებს აღარ დავიწყებ, რა იყო და რა გვაქვს. გვაქვს ის, რასაც ცივილური სამყაროს პენიტენციური სისტემა ჰქვია. ვიცით, რა მდგომარეობაა ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც, ზოგან ლიბერალიზმის ისეთი დონეა, რომელიც გაკვირვებას იწვევს, ხშირ შემთხვევაში ლეგენდად გვეჩვენება. ზოგან არის ისეთი გაურკვევლობები, რომელიც თუნდაც რაღაცა დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმებშიც კი არის წამოწეული.
ქართული რეალობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არის გამართული მმართველობა და თუკი რაიმე არსებობს საყურადღებო, მით უმეტეს შენიშვნის გასათვალისწინებელი, მგონია, რომ ეს როგორც პენიტენციურმა სისტემამ, ასევე სახალხო დამცველის სამსახურმაც უნდა გაითვალისწინოს. ამ ორი პოზიციის შეჯერება მოგვცემს იმას, რასაც ჰქვია უკეთესი შედეგი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, თუმცა ამის მიუხედავას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ამ მოხსენების შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი გადადგებოდა. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ეს არის განაჩენი, ერთადერთი წარმატებული სფერო, რომელიც მათ ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში, ციხეებში მდგომარეობის მეტ-ნაკლებად გაუმჯობესება, ესეც ფაქტობრივად, ჩამოეშალათ.
„სახალხო დამცველის მოხსენება არის უკიდურესად საგანგაშო და ამ მოხსენების მერე ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი გადადგებოდა. როცა კრიმინალი არსებობს ქვეყანაში, ის აუცილებლად გაჩნდება დახურულ სისტემაში. ციხეში „მაყურებელი“ ეს არის ფაქტობრივად, ციხეში ფინანსური კრიმინალური სისტემის აღდგენა, რომელიც ძალადობს ერთი მხრივ, პატიმარზე და მეორე მხრივ, მათ ოჯახებზე.
ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ კრიმინალის გამოყენება საარჩევნო და სხვა მიზნებისთვის გახდა ციხეში კრიმინალური სუბკულტურის აღდგენის მიზეზი. ამიტომ ხელისუფლებისთვის ეს არის განაჩენი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, იმის მაგივრად, რომ მინისტრი იმ პრობლემებით შეწუხებულიყო, რაც სახალხო დამცველის მოხსენებაში იყო და დისკუსია გაემართათ ამ ყველაფერზე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მთავრობას და ივანიშვილის რეპუტაციას.
„უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ და რაც ადრე გვინახავს. ისიც კი არ იცის, არ გაუგია და არ დაინტერესებულა, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია არსად მსოფლიოში, ნორმალურ ქვეყნებში, არ არის ივანიშვილის, ზოგადად ხელისუფლების და უფრო ფართოდ, პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა. ეს საყვედურად წაუყენა, რატომ არ იცავთ ჩვენს რეპუტაციასო. ან ვინ უთხრა, რომ გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე უნდა ისაუბროს იუსტიციის მინისტრმა?
სხვათა შორის, თუ თვლიდა, რომ პრობლემა იყო ჩაცმულობაში, ამის რაციონალური რეგულაციაც მისი საქმეა. გამოეცა ბრძანებულება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
იუსტიციის მინისტრს აკრიტიკებენ ანალიტიკოსები. როგორც ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რაც წულუკიანი მინისტრი გახდა, მისთვის დამახასიათებელია იყოს უფრო შემტევი, ვიდრე დაცვის ან თავის მართლების რეჟიმში. მისი თქმით, შედარებაც არ შეიძლება იმ სისტემასთან, რაც იყო სააკაშვილის დროს. პენიტენციურ სისტემაში რაღაც დონის წესრიგი კახიშვილის დროს იყო, საჭირო იყო მისი შენარჩუნება და გამყარება.
„ასეთი სტრუქტურების მექანიკური შეერთება როცა ხდება, იქ ირევა ყველაფერი. მე ვფიქრობ, გაერთიანების გამო რაღაც ყურადღება მოაკლდა ამ სისტემას. პენიტენციურ სისტემაში ძალიან ბევრი ინტერესები იკვეთება, როგორც პიროვნული, ისე უწყებრივი. უკეთესი ნაბიჯები კი კახიშვილის დროს გადაიდგა და ეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ ადრე იყო ცუდი, არასწორია. ცუდი იყო, ნამდვილად, მაგრამ იმასთან შედარება კი არ გვინდა, გვინდა რომ ძალიან წინ წავიდეთ, მოიხსნას საქართველოში პენიტენციურ სისტემაში უარყოფითი შეფასებები, იქნება ეს ქურდული მენტალიტეტი, ე.წ. ობშჩიაკები, წამება თუ ა.შ. წინ უნდა წავიდეთ“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ექსპერტის გია ხუხაშვილის განცხადებით, კონტრშეტევა თეა წულუკიანის თვისებაა, თუმცა კომიტეტის სხდომაზე მისი კონტრშეტევა აბსოლუტურად ტრაგიკომიკური იყო.
„მინისტრი რომ არ ყოფილიყო კომიკური იქნებოდა, მაგრამ ტრაგიკომიკურია იმიტომ, რომ ეს ადამიანი გადაწყვეტილებებს იღებს. დავიწყოთ იქიდან, რომ დრესკოდი მოსთხოვა სახალხო დამცველის წარმომადგენელს და რატომღაც ოპერის მაგალითი მოიყვანა, ოპერაში გამიგია დრესკოდი, მაგრამ ციხეში ნამდვილად არ გამიგია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.