თბილისის მერი რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე მივიდა და განაცხადა, რომ თბილისელების სოციალური დახმარების საკითხი უნდა დაეყენებინა დღის წესრიგში, თუმცა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა უგულავა მთავრობის სხდომიდან გააძევა იმ მოტივით, რომ ეს საკითხი მთავრობის სხდომის დღის წესრიგში არ იყო. მთავრობის სხდომიდან გამოსული აღშფოთებული უგულავა მთავრობას მოსახლეობის პრობლემებისადმი გულრგილობაში ადანაშაულებდა, თუმცა როგორც ჩანს თავად დედაქალაქის მერი თბილისელების სოციალური დახმარებების საკითხით ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაინტერესდა, რადგან როგორც ნანა ლეჟავას გადაცემა „კვირის რეპორტაჟიდან“ ირკვევა, გიგი უგულავა თავის მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად საბიუჯეტო სახსრებით, ანუ სწორედ იმ ფულით, რომელიც, წესით, თბილისელებს უნდა მოხმარებოდათ, ლას-ვეგასში გასართობადაც კი დადიოდა.
„კვირის რეპორტაჟიდან“ ირკვევა, რომ თბილისის მერიის 2012 წლის 17 აპრილის N254 განკარგულების თანახმად, ქალაქ თბილისის მერი 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით უნდა უნდა გამგზავრებულიყო აშშ-ს ქალაქ ლას-ვეგასში, გამოფენა „Waste Expo“-ზე დასასწრებად, რისთვისაც თბილისის მერს ავანსად 10 661.39 ლარი გადაეცა. გამოფენა ნარჩენების გადამუშავებისა და ტრანსპორტირების უახლეს ტექნოლოგიებს ეხებოდა. „კვირის რეპორტაჟის“ ინფორმაციით, უგულავასთან ერთად ლას-ვეგასში მისი მეუღლე, ლელა კილაძე, ცოლის და, მაკა კილაძე და მაკა კილაძის მეუღლე გიორგი ღონიაშვილი, ასევე გოკა გაბაშვილი და მისი მეუღლე, ირინა კლდიაშვილი და უგულავას ცოლის მეგობარი მარი გოშხეთელიანი ერთი ავიარეისით გაემგზავრნენ. გადაცემის ინფორმაციით, 2012 წლის 3-დან 8 იანვრის ჩათვლით ლას-ვეგასში უგულავას და მისი აპარატის თანაშემწის კიდევ ერთი მივლინება დაფინანსდა (15 000 ლარით) და აქ მივლინების მიზანი კიდევ უფრო ბუნდოვანი იყო, ვიდრე ნარჩენების გადამზიდავი მანქანების დათვალიერება.
ეს ის ფაქტებია, რომელთა შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, მაგრამ კიდევ რამდენი ასეთი „მივლინებაა“ დაფინანსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამას, ალბათ, გამოძიება დაადგენს, რადგან ქვეყანაში მუსირებს აზრი, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა, გიგი უგულავა დააკავონ. თავად თბილისის მერი ამ ყველაფერს პოლიტიკური მოტივებით ხსნის. კომენტარი მან შოთა ხიზანიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ, სასამართლო პროცესიდან გამოსვლისას გააკეთა.
„ყველამ ცალსახად დაინახა, რა უსუსური იყო ბრალდება. თვითონ საქმე არის პირადად ივანიშვილის მიერ ინიცირებული, ის ცდილობს ნამუსი მოიწმინდოს და საკუთარ კოლეგებს დაუმტკიცოს, რომ ის მათ არ უსმენდა. მე მის კოლეგებს მოვუწოდებ, დაგუგლონ „რასისკი კრედიტი“ და ნახავენ, რომ ეს მისი მართვის მეთოდია, ერთმანეთის მოსმენა და ჩაშვება. საქმის არსებითი განხილვა 2-3 თვეში დაიწყება და ნათელი უნდა მოეფინოს ყველაფერს, ამის წინააღმდეგი არავინ არაა. არანაირი საფუძველი არ არსებობდა ხიზანიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების, ყველამ კარგად იცის, მათ შორის ჟურნლისტებმაც, რომ არანაირ ოპერატიულ საქმიანობას ის სამინისტროში არ აწარმოებდა. ეს დაკავება პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, უკავშირდება ვანო მერაბიშვილს (მისი ადმინისტრაციის უფროსი იყო 7 წლის განმავლობაში) და მიკავშირდება ასევე მე, რადგან ბოლო ერთი თვის მანძილზე შოთა ხიზანიშვილი ჩემი მოადგილეა. ასე წარმატებით გააგრძელონ მუშაობა“, - განაცხადა უგულავამ.
თბილისის მერიამ კი „კვირის რეპორტაჟში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სტუდია „ჯიენესი“ თბილისის მერიის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს, გიგი უგულავა 2011-2012 წლებში ამერიკაში ოფიციალური ვიზიტებით იმყოფებოდა და მისი ვიზიტებისთვის თანხები თბილისის ბიუჯეტიდან კანონის დაცვით იყო გამოყოფილი.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი შიხიაშვილი, რომელმაც 27 სექტემბერს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ციხის კადრების გავრცელების შემდეგ დატოვა, აცხადებს, რომ გიგი უგულავას ასეთ გადაცდომებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება, ხოლო მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრისაგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ.
ირაკლი შიხიაშვილი: „პირველ რიგში, გეტყვით, რომ შოთა ხიზანიშვილს არ ვიცნობ, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არავის აკავებენ იმისათვის, რომ შემდეგ ვიღაცაზე „გავიდნენ“. თუ ვინმემ თავის სამსახურებრივ უფლება-მოსილებას გადაამეტა და საზოგადოების წინაშე რაიმე ბრალი მიუძღვის, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება პროკურატურის მიერ იმ ადამიანის გამოძახება და მასთან მოწმის სახით გასაუბრება. არასწორია იმის თქმა, რომ ვინმეს დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს.
მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ამბობდა, რომ მოსახლეობას ძალიან ბევრ სიკეთეს უკეთებს, თუმცა ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ საზოგადოების სასიკეთოდ იმოქმედოს და ბიუჯეტი სწორად და მიზნობრივად ხარჯოს. აქედან გამომდინარე, მუდმივად იმის ძახილი, რომ ჩვენ რაღაცას გიკეთებთ, ჯერ ერთი ყვედრებას ჰგავდა. მეორეც, ამასაც თავი რომ დავანებოთ, „ნაცმოძრაობა“ ფასადურ სიკეთეებს ახორციელებდა, მაგრამ როდესაც სიღრმეებში ჩავიხედეთ, თავად საკრებულოს წევრებიც კი გაოგნებულები დავრჩით, რადგან ეს ინფორმაცია ჩვენამდე არათუ მოდიოდა, საერთოდ წარმოდგენაც კი არ გვქონდა, ასეთი რამ თუ ხდებოდა.
თუ შეიძლება დააკონკრეტეთ, რაზე საუბრობთ?
- ჩვენამდე არ მოდიოდა ინფორმაცია მერის ვიზიტებთან, ამ ვიზიტების მიზნობრიობასთან და ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, თუ რაში იხარჯებოდა ბიუჯეტის ფული. თბილისის მერი თავის ადმინისტრაციასთან ერთად ამგვარ გადაწყვეტილებებს ღებულობდა ისე, რომ საკრებულო საერთოდ საქმის კურსში არ იყო. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მერს ქალაქის ხელისუფლება უზურპირებული აქვს. შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს და თუ ადამიანი დაინტერესებულია, რომ მართლაც სწორად და კარგად წარმართოს თავისი საქმიანობა, თვითონ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ მის ხელში განუსაზღვრელი ძალაუფლება არ მოხვდეს. განუსაზღვრელი ძალაუფლება ყველას რყვნის. ქალაქის მერი მოტივად იმას რომ მოიტანს, თითქოს ლას-ვეგასში დასუფთავების მანქანების ჩამოყვანის მიზნით მიემგზავრება, პირადად მე, თვალში ნაცრის შეყრად მიმაჩნია. როდესაც შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან, თვითონ გაარკვევენ ხარჯვით ნაწილში რამდენად კანონიერი და მიზნობრივი იყო ეს ყველაფერი.
რაც შეეხება შოთა ხიზანიშვილის დაკავებას, რამდენადაც ვიცი, იგი იმ საქმიანობის გამო არის დაკავებული, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს ახორციელებდა. მას გულითაც რომ სდომებოდა მერიაში რაიმე ცუდის ჩადენა, ვერც მოასწრებდა, რადგან იმდენად ცოტა ხანი იმუშავა მერის მოადგილედ, რომ მგონი, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ შოთა ხიზანიშვილის დაკავებით გიგი უგულავაზე გასვლა და ამაზე ასეთი ფორმულირებით საუბარი, სერიოზულად არ მიმაჩნია. თუ უგულავამ რაიმე ისეთი ჩაიდინა და მისი ბრალეულობა გამოიკვეთება, ბუნებრივია, კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორი უნდა იყოს. შესაბამისად, არც უგულავას ექნება განსაკუთრებული იმუნიტეტი, როგორც ნებისმიერ სხვას არ უნდა ჰქონდეს.
მეტსაც გეტყვით, როდესაც „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოდიოდა, თავის წინამორბედს, ანუ შევარდნაძის ხელისუფლებას სწორედ იმის გამო აკრიტიკებდა, რომ ისინი ბიუჯეტის სახსრებს არამინზობრივად ხარჯავდნენ, აჩვენებდნენ მათ სახლებს, მანქანებს, აგარაკებს, საუბრობდნენ მათ ვიზიტებზე და ა.შ. როგორც იკვეთება, შემდეგ ისე მოხდა, რომ თვითონ უარესს სჩადიოდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მიმაჩნია სწორად ფორმულირება, თითქოს ეს დაკავებები რევანშის მიზნით მიმდინარეობს. უბრალოდ „ნაცმოძრაობას“ სურს, საზოგადოებას ყველაფერი ასე დაანახოს. ცოტა ხნის წინ, დავით დარჩიაშვილმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა და საზოგადოების სახელით საუბრობდა. „ნაცმოძრაობას“ გონება დღესაც დაბინდული აქვს და ვერ მიხვდა, რომ საზოგადოების სახელით საუბრის უფლება მას საზოგადოებამ უკვე კაი ხანია ჩამოართვა.
თქვენ ამბობთ, რომ საკრებულოს წევრები, უგულავას ვიზიტების მიზნობრიობასთან და ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყავით. ეს ყველას ეხებოდა?
- მე არ ვიცი, ეს ყველაფერი იცოდა თუ არა საკრებულოს თავმჯდომარემ, მისმა მოადგილე მამუკა ახვლედიანმა, საბიუჯეტო ან სარევიზიო კომისიის რომელიმე წევრმა, ან საკრებულოს რომელიმე ასეთი თანამდებობის პირმა, მაგრამ მე და საკრებულოს წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ამის შესახებ ინფორმირებულები არ ვიყავით. როდესაც ამ თემაზე ერთმანეთთან ვისაუბრეთ, ყველა მხრებს იჩეჩავდა და გაოგნებული იყურებოდა. იცით რა არის, მილიონიან ქალაქში ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ - რისთვის მიფრინავს ადამიანი ლას-ვეგასში? რა თქმა უნდა, ყველა გიპასუხებთ, გასართობადო, ხოლო როდესაც ამბობენ, უგულავა ნაგვის მანქანების დასათვალიერებლად და შესაძენად იყო წასულიო, ამის გაგონებაზე ნებისმიერმა მოქალაქემ შეიძლება უბრალოდ ღიმილი ვერ შეიკავოს.
როდესაც ქალაქის მერი თავის მეუღლესა და მეგობრებთან ერთად საბიუჯეტი სახსრებით ამგვარ ვოიაჟებს აწყობს, არის თუ არა ეს დანაშაული? თუნდაც სისხლის სამართლის დანაშაულზე არ ვისაუბროთ, და მორალურ პასუხისმგებლობაზე გავამახვილოთ ყურადღება, თქვენ, როგორც საკრებულოს წევრი, რა აზრის ხართ ამაზე?
- მორალური დანაშაული არის, მაგრამ სამართლებრივ ჭრილში მე განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან ამაზე ალბათ პროკურატურა ისაუბრებს, თუ მერის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს იპოვის. საერთოდ კი „ნაცმოძრაობის“ მესვეურებს იმდენად ჰქონდათ ცაზე ხელი მიბჯენილი და იმდენად მოწყდნენ საზოგადოებას, რომ თავიანთ თავს ალბათ ვეღარ აკონტროლებდნენ. მათ რეალურად არ აწუხებთან საზოგადოების პრობლემები და დღეს, როდესაც ისინი ქართულმა საზოგადოებამ მიწაზე დაანარცხა, დგანან და პატარა ბავშვს დანაშაულზე რომ წაასწრებენ, ისე იქცევიან. ჩემი რჩევა იქნება, რაც უფრო მალე გახდებიან გულწრფელნი, უკეთესია. გულწრფელობა სინანულით იწყება და სანამ საზოგადოება ამ გულწრფელ სინანულს არ დაინახავს, მანამ არაფერს აპატიებს მათ. ხალხმა ხმა მისცა სამართლიანობას და ვხედავ, რომ ამ თავის მონაპოვარს ის აუცილებლად კბილებით დაიცავს. ამის შემდეგ საზოგადოება არც ერთ ხელისუფლებას აღარ მისცემს უფლებას, რომ ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს. ხალხი აბუჩად აგდებული აღარ იქნება და იქნება მომთხოვნი. ეს ახალმა ხელისუფლებამაც იცის და ყველამ უნდა იცოდეს, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნა სურს. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა კი დამთავრდა, რადგან ისინი იმდენად დისკრედიტირებულები არიან, რომ მათ ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი აღარ აქვთ. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, გამოვიდნენ და ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ და თუ ქართველმა ხალხმა მათ გულწრფელი სინანული შეატყო, შესაძლოა, აპატიოს კიდეც. ამას უგულავა, რაც უფრო მალე გაიგებს, მისთვისვე უკეთესია, ხოლო თუ ჩემი მხრიდან ამას ქილიკად ჩათვლის, მაშინ ვიტყვი, რომ ეს კაცი თავისი თავის მტერია.