ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფ ალ-ქუდსის ახალი მეთაური ისმაილ ყაანი პირობად დებს, რომ მისი წინამორბედის მკვლელობისთვის შურს იძიებს. წერს Aljazeera.
ყასემ სულეიმანის შემცვლელმა ამის შესახებ გუშაგთა კორპუსის მიერ გამართულ წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მათ სულეიმანი ლაჩრულად მოკლეს, მაგრამ თავისუფლების მაძიებლების წყალობით, მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ მისი მტრების წინააღმდეგ შურს ვიძიებთ“, - თქვა ისმაილ ყაანმა.
3 იანვარს, გამთენიისას ბაღდადში ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს.
გენერალი სულეიმანი „ალ-ქუდსის“ ძალების მეთაური იყო. „ალ ქუდსი“ ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფია, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.
ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა.