ჯანყი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ჯანყი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსების გაყალბებაში ადანაშაულებენ და თავიანთი უფლებების აღდგენას სასამართლოს გზით აპირებენ. ამის შესახებ მათ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში განაცხადეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ყოფილი მოადგილე, ავთანდილ სილაგაძე აცხადებს, რომ 2006 წლიდან უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევი არაერთი კონკურსი ჩატარდა და დღემდე არ დასრულებულა დავები, რომლებიც ამ კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სილაგაძის განცხადებით, 2006 წელს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა და ეს გახდა იმის საფუძველი, რომ შემდგომ წლებში უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვის საშუალება აღარ მიეცა. მისივე თქმით, არაერთი გამოჩენილი მოღვაწე, მეცნიერი უნივერსიტეტის კედლებს მიღმა დარჩა და ისინი დღემდე ვერ აკეთებენ საკუთარი თავის რეალიზაციას, რითაც უნივერსიტეტის სტუდენტობა ზარალდება.

„80-ზე მეტ საშტატო ერთეულზე (მათ შორის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე) იყო კონკურსი გამოცხადებული. ამ მიმართულებით აკადემიის წევრთაგან ერთადერთი ვიღებდი მონაწილეობას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაზე უკეთესი ვიყავი, მაგრამ იმ აზრისაგანაც შორს ვარ, რომ ყველაზე უარესი ვიყავი და შეიძლებოდა უნივერსიტეტს ჩემთვის პედაგოგიური მოღვაწეობა აეკრძალა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი წააგავს წინასწარ განსაზღვრულ მიზანს, რომ უნივერსიტეტში კონკრეტული პიროვნებები არ მოხვედრილიყვნენ“, - აცხადებს ავთანდილ სილაგაძე.

მისი თქმით, იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა, რადგან უკვე სამი თვეა უნივერსიტეტისგან ითხოვს, მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ანუ ის შენიშვნები, რაც საკონკურსო კომისიამ მასთან მიმართებაში გამოთქვა, მისთვის გადაეცათ. გარკვეული გაჭიანურების შემდეგ მას უნივერსიტეტმა მისცა ეს დოკუმენტაცია, მაგრამ მათ შორის არ იყო სწორედ ის დოკუმენტი, რომელთან დაკავშირებითაც სილაგაძეს გარკვეული ეჭვები გააჩნია. საუბარია, კონკურსის მეორე ტურის, ანუ გასაუბრების ამსახველ ოქმზე, რომელიც მას დღემდე არ მიუღია. ავთანდილ სილაგაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ კომისიის წევრები ამ დოკუმენტაციაზე ხელს ისე აწერენ, რომ თავად კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობენ. ამის დამადასტურებლად მას მოჰყავს  კონკურსის პირველი ტურის (ანკეტური მონაცემების შეფასება) შეფასების დოკუმენტი, რომლის მხოლოდ ბოლო გვერდს აწერენ ხელს კომისიის წევრები, მაგრამ ამ გვერდს არც რიცხვი აქვს, არც წინა გვერდის გაგრძელებაა და არც გვერდების ნუმერაცია ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ სილაგაძე ვარაუდობს, რომ ასეთი ბოლო გვერდები წინასწარ იყო კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი, შემდეგ გამრავლებული და კონკურსანტების დოკუმენტაციაზე უკვე შემდეგ მიბმული, რის გამოც მას ეჭვი აქვს, რომ წინასწარ იყო იმ ადამიანების სია შედგენილი, ვინც კონკურსში უნდა გასულიყო.

უნივერსიტეტის რექტორის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ამგვარი ოქმის, რომელსაც არც თარიღი აქვს და არც სხვა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, დამზადება ნებისმიერ დროს შეიძლება. სილაგაძე არ გამორიცხავს, რომ სხვა კონკურსანტების შემთხვევაშიც არის მსგავსი ოქმები დამზადებული და მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება იარსებებს, შესაძლოა ეს დოკუმენტაცია უკვე შესაბამისი ორგანოების განხილვის საგანი გახდეს. მისი თქმით, ეს დოკუმენტაცია უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსაც წარედგინა, მაგრამ მას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ავთანდილ სილაგაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პროფესორებს დოკუმენტაციას იმ მოტივით არ აძლევს, რომ თითქოს ამით საქმის წარმოება გაჭიანურდება. ამ ეტაპზე ავთანდილ სილაგაძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და ითხოვს, რომ სასამართლომ უნივერსიტეტს დაავალოს, სილაგაძეს საკონკურსო დოკუმენტაცია გადასცენ.

„კონკურსების გარდა, უნივერსიტეტში უამრავი საკითხია. უნივერსიტეტის ბიუჯეტი 58 მილიონს აღემატება. როდესაც აქ ასე უხარისხოდ მუშაობენ, ბუნებრივია მიჩნდება კითხვები, როგორ იქნება უნივერსიტეტში ფინანსური და სხვა მრავალი საკითხი მოგვარებული? ამიტომ აქ უფრო ფართოდ და გლობალურად დგება კომპეტენციის საკითხი“, - ამბობს ავთანდილ სილაგაძე.

უნივერსიტეტის კიდევ ერთი ყოფილი პროფესორი, სანდრო თვალჭრელიძე აცხადებს, რომ ავთანდილ სილაგაძე მის მიერ მოთხოვნილ ოქმს ვერასოდეს მიიღებს, რადგან ასეთი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს. აქვე იგი მის მიმართ ჩატარებულ კონკურსზეც საუბრობს.

„კომისიის წევრების არაკომპეტენტურობისა და არაობიექტურობის მაჩვენებელი იყო ის, რომ ისინი თვლიდნენ, შედარება უნდა მომხდარიყო ციტირების ინდექსით, მათ შორის ტომპსონ-როიტერის ინდექსით. ეგონათ, რომ მე ამაზე წვდომა არ მექნებოდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. მე წვდომა მქონდა არა მხოლოდ ჩემზე და ჩემს კონკურენტზე, არამედ კომისიის წევრებზეც. კომისიის თავმჯდომარემ, ზუტს და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა რამაზ ბოჭორიშვილმა კონკურსი ჩემზე ორი დღით ადრე გაიარა. ჩემზე მან დაწერა, რომ ციტირების ინდექსი არასაკმარისი მქონდა. თავად მისი გვარი კი ტომპსონ-როიტერის ციტირების ჟურნალში საერთოდ არ მოიპოვება. ამასთანავე, მონაცემთა ბაზაში ჩემი ციტირების ინდექსი არის 419, ჩემი კონკურენტის - 8, ხოლო კომისიის წევრების ციტირების ინდექსი რომ შევკრიბოთ, მე მათთან შედარებით ექვსჯერ მეტი მაქვს“, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

ამიტომ ის მიიჩნევს, რომ თუ სასამართლო ობიექტური იქნება, ასეთ საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანა არ გაუჭირდება და ამასთანავე, ეს საქმეები ლაკმუსის ქაღალდი იქნება იმის გასარკვევად, ნამდვილად ობიექტურია თუ არა სასამართლო. სანდრო თვალჭრელიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები ყოველთვის აკადემიური ხარისხის მქონე პირები იყვნენ, გარდა გასული საუკუნის 30-ინი წლებისა, როდესაც ყველგან ე.წ. „წითელი კომისრების“ დანიშვნა ხდებოდა. სანდრო თვალჭრელიძის თქმით, იმ პერიოდის შემდეგ მხოლოდ ახლა მოხდა ისე, რომ უნივერსიტეტის რექტორად აკადამიური ხარისხის არმქონე პირი, ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა. თვალჭრელიძის თქმით, საკონკურსო კომისიაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც რექტორის დავალებებს უპირობოდ ასრულებდნენ. კვიტაშვილს კი ჰქონდა ისეთი ადამიანების სია, რომლებიც ადვილად მართვადები არ იყვნენ და ამიტომ არ შეიძლებოდა, ისინი კუნკურსში გასულიყვნენ.    

უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი, გია ბარამიძე აღნიშნავს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორუფცია ჰყვავის და ეს არის აკადემიური კორუფცია. ამის მაგალითად მას მოჰყავს საკონკურსო კომისიების მუშაობა.

„კომისიის თავმჯდომარემ სასამართლოზე დაკითხვისას რიხით განაცხადა, რომ მან არ დაიცვა არც ერთი შიდა რეგულაცია, რომელიც თავის მხრივ ადმინისტრაციული საქმის წარმოების და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპებს ემყარება. ანუ ამ კომისიამ ფეხქვეშ გათელა კანონმდებლობა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მთელი ეს კასკადი გვევლინება, როგორც ძალიან გამოკვეთილი ტენდენცია სისხლის სამართლის დანაშაულისკენ. ეს ეხება თუნდაც კონკურსის მეორე ეტაპის ოქმის დამალვას, სადაც დაწვრილებით უნდა იყოს აღწერილი, თუ რა კითხვები დაესვა კონკურსანტს და ა.შ. არის გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა ადგილი აქვს დოკუმენტის გაყალბებას, რაც უკვე ადმინისტრაციული ორგანოს განსჯადი კი არ არის, არამედ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველია“, - ამბობს გია ბარამიძე.

აქვე იგი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე პროფესორები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და თუ ეს გადაწყვეტილება ობიექტური არ იქნება, მაშინ ისინი უკვე პროკურატურას მიმართავენ, ამასთანავე, სასამართლოში საქმის წარმოების დოკუმენტაციას განასაჯაროვებენ და ამით მთელი საზოგადოების (მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების) ყურადღებას მიიპყრობენ. გია ბარამიძის განცხადებით, კონკურსების შედეგების გაყალბებაში დიდი როლი დეკანატებმაც შეასრულეს.