უკანონოდ დაკანონებული ნაციონალების ყულაბა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „გადაცდომები“

უკანონოდ დაკანონებული ნაციონალების ყულაბა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „გადაცდომები“

ვისი დაკვეთით მოქმედებდა ჩიქოვანი და ვის ჯიბეში მიდიოდა მილიონები

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში საკომუნიკაციო ბიზნესი (ინტერნეტი, ფიჭური და ფიქსირებული კავშირგაბმულობა) კონტროლის მძლავრ იარაღად ჩამოყალიბდა და საქართველო, ფაქტობრივად, ტოტალური მოსმენების ქვეყნად იქცა. თუმცა, გარდა მასობრივი კონტროლისა, ცალკეული მაღალჩინოსნები მახინჯი რეგულაციებით და უკანონო გადაწყვეტილებებით საკმაოდ დიდი შემოსავლებს ნახულობდნენ. ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც კონკრეტულ კომპანიას უპირატეს მდგომარეობაში არასამართლიანად აყენებდა – ეს ის მექანიზმებია, რომლითაც წინა ხელისუფლება თითოეული მოქალაქის ჯიბიდან ჯამში მილიონობით ლარს იპარავდა და სფეროს განვითარებას შეგნებულად უშლიდა ხელს.

ჩიქოვანის ურთიერთჩართვა და რუსეთში წასული ქართველების ფული

გადაწყვეტილებების იმ კატეგორიიდან, რომლებიც სხვა კომპანიების ხარჯზე ერთი კონკრეტული კომპანიის „ბილაინის“ სასარგებლოდ იყო მიღებული, აღსანიშნავია ურთიერთჩართვის  გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა კომუნკაციების ბაზრის დარეგულირებას უჩვეულო მეთოდებით.

ვინ დგას „ბილაინის“ უკან? ამ საკითხზე ბევჯერ დაისვა კითხვა, თუმცა დღემდე პასუხი ოფიციალურად არ გაცემულა. ფაქტია, რომ რუსული კავშირგაბმულობის ლიდერი, რომელსაც რუსეთის უმაღლესი ეშელონების ჩინოვნიკები აკონტროლებენ (სხვანაირად რუსეთში ამხელა ბიზნესს ვერ აწარმოებ), საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პირადი ინიციტივით და ინტერესით შემოვიდა. საჯარო რეესტრში შპს „მობიტელის“ („ბილაინის“ ბრენდის მფლობელი საქართველოში) დამფუძნებლად 3 ოფშორული კომპანიაა რეგისტრირებული, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის უახლოესი თანამებრძოლისა და ყოფილი მეგობრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „ბილაინი“ პრეზიდენტ სააკაშვილის ბიზნესია და მას ძმებ შარანგიებთან და ყარამანაშვილებთან ერთად „ბილაინის“ საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის.

ბილაინის ბაზარზე შემოსვლის პირველ პერიოდში მის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ზუსტად იგივე იყო, როგორც სხვა მობილური ოპერატორების მიმართ. სიტუაცია შეიცვალა, როდესაც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა. 2010 წლის 21 მაისს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც  „მაგთისა“ და „ჯეოსელისთვის“ ბილაინის ქსელში ჩართვის ტარიფი უნდა ყოფილიყო 14.8 თეთრი, ხოლო „ბილაინს“ კი იგივე ოპერაციაში 8 თეთრი უნდა გადაეხადა, ანუ 6.8 თეთრით მეტი ყოველ წუთზე! დადგენილება ამოქმედდა 2010 წლის 1 აგვისტოს.

ირაკლი ჩიქოვანის და კომისიის ამ გადაწყვეტილებით, ბაზრის ერთი ოპერატორი ხელის ერთი მოსმით ჩამოყალიბდა სხვა დანარჩენებისგან სუბსიდირების ობიექტად და საქართველო გახდა ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ოპერატორებს შორის ურთიეთჩართვის ტარიფის განსხვავებამ 45%-ზე მეტი შეადგინა. არადა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ბაზარზე არსებული ყველა სუბიექტისთვის ურთიერთჩართვის ტარიფი ერთიდაიგივეა, ან განსხვავება უმნიშვნელოა.

არის თუ არა ეს „ბილაინის“ ინტერესების ლობირება? გვაქვს თუ არა საქმე კონკრეტული კომპანიის უპირატეს მდგომარეობაში არასამართლიან ჩაყენებასთან საქმე? ხდება თუ არა „ბილაინის“ ფაქტობრივი სუბსიდირება? ამ კითხვებზე კომუნიკაციების სფეროს ექსპერტი და კომისიის ეკონომიკური სამსახურის ყოფილი უფროსი გელა ბუთბაია შემდეგ კომენტარს აკეთებს:

„ურთიერთჩართვის ტარიფით ოპერატორი სარგებელს არ უნდა ნახულობდეს, არ უნდა იყოს ნორმაზე მეტი. საქართველოში არის არათანაბარი დამოკიდებულება კომისიის მხრიდან ოპერატორების მიმართ და ბილაინი არასამართლიანად არის ჩაყენებული უპირატეს მდგომარეობაში.“

კომუნიკაციების კომისიის უკანონო გადაწყვეტილებათა ციკლი ამით არ შეწყვეტილა. ერთი წლის შემდეგ, 2011 წლის მაისში, როდესაც „ბილაინის“ საბაზრო წილმა მისთვის კანონით განსაზღვრული გარკვეული შეღავათების ზღვარს გადააცილა, კომისიამ თითქოს ვერ შეამჩნია, ვერ დათვალა „ბილაინის“ აბონენტები და არ აღიარა იგი ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიად. ამის შედეგად, ირაკლი ჩიქოვანის უწყებამ არ გადახედა სატარიფო პოლიტიკას და ურთიერთჩართვის ტარიფი არ შეცვალა. უფრო მეტიც, კომუნიკაციების კომისიამ ტარიფების გადახედვის შესახებ დადგენილება მხოლოდ 2011 წლის ნოემბერში მიიღო და ახალი ტარიფების ამოქმედება 2012 წლის თებერვლისთვის გადადო. წელიწადნახევრის განმავლობაში „ჯეოსელი“ და „მაგთი“ აგრძელებდნენ „ბილაინის“ სუბსიდირებას და დაფინანსებას. ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ფაქტი კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ბიზნესთან კორუფციული გარიგების შედეგი არ არის?

დღესაც კი, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ირაკლი ჩიქოვანის უკანონო გადაწყვეტილების მიხედვით, ურთიერთჩართვის ტარიფი ისევ არათანაბარი და ასიმეტრიული რჩება. „ჯეოსელი“ და „მაგთი“ რუსულ კომპანია „ბილაინს“ წუთში 11 თეთრს უხდიან, ხოლო „ბილაინი“ მათ მხოლოდ 8 თეთრს.

გივი თარგამაძის პორტირება და ოფშორული აგენტები

კომუნიკაციის კომისიის უკანონო გადაწყვეტილებების გაგრძელება პორტაბელობის სისტემის შემოღებას, ანუ ნომრის შეუცვლელად ოპერატორის შეცვლის სისტემის შემოღებასა და ე.წ. პორტირების გადასახადის შემოტანას მოყვა. აღნიშნული მექანიზმი საქართველოში 2011 წლის აპრილიდან დაინერგა და მის განხორციელებაზე ექსკლუზიური უფლების მოპოვებისთვის კომუნიკაციების კომისიამ ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობის სურვილი ალბათ მრავალ ფირმას ექნებდა, რომ არა ერთი „მცირე“ ნიუანსი. ტენდერის პირობებში მსოფლიოს განვითარებული ბაზრებისგან განსხვავებით, პორტირების გადასახადი ოპერატორებს უწესდებოდათ არა დაპორტირებული ნომრების მიხედვით, არამედ მათზე გაცემული ყველა ნომრის მიხედვით, იმის მიუხედავად, ეს ნომერი აქტიური იყო თუ არა!

ტენდერში მონაწილე ყველა კომპანიამ წინადადებაში პორტირების გადასახადის შემოტანაზე დააფიქსირა, რომ გადასახადი მხოლოდ პორტირებულ ნომრებზე გავრცელდებოდა. ერთადერთი იყო ლიტვური კომპანია, რომელმაც თავის წინადადებაში გადასახადი ყველა გაცემულ (გამოყენებულია ის თუ არა ) ნომერზე დააფიქსირა. ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „მედიაპრო ჯორჯია“ რომელიც წელიწადში იღებს 7 მილიონს. მაშინ როცა, ერთ-ერთი თურქული კომპანია მომსახურებაში ითხოვდა მხოლოდ 660 ათას ევროს. (საქართველოს კომუნიკაციებს ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება #412/10 – 3 სექტემბერი - 2010 წ.).

კომპანია „მედიაპრო ჯორჯიას“ დამფუძნებელია ლიტვაში ბაზირებული ოფშორული კომპანია. სწორედ აღნიშნული კომპანიის უკან მოიაზრებიან კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი და პარლამენტარი და ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი მთავარი სახე გივი თარგამაძე.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „მედიაპრო ჯორჯია“ სახელმწიფოს მხრიდან კანონდარღვევებით ჩაყენებული იქნა პრივილეგირებულ მდგომარეობაში და „მედიაპრო ჯორჯიას“ სასარგებლოდ ყველა საკომუნიკაციო კომპანიასთან იძულების წესით გაფორმდა 10 წლიანი ხელშეკრულება“.

ნოდარ ჭიჭინაძე იხსენებს ამ კომპანიის წარსულ მოღვაწეობასაც: „ეს ლიტვური კომპანია თვეების განმავლობაში ატყუებდა ქართველ მაყურებელს და ატარებდა სატელევიზიო კონკურსებს, რომელშიც მაყურებელს ერთ ზარში 2 ლარს ახდევინებდა. კონკურსის დროს დაისმებოდა უმარტივესი კითხვა, ცხადდებოდა პრიზი და ყოველ შემოსულ ზარზე აბონენეტებს უწევდათ მაქინატორების მიერ დაწესებული ბეგარის გადახდა. იმ პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა ბევრი შემთხვევა, როდესაც აბონენტებს უსამართლოდ ჩამოაჭრეს თანხები. უკმაყოფილო მაყურებლების რიცხვის ზრდის გამო, ტელეკომპანია „იმედმა“ გაწყვიტა კონტრაქტი და უარი თქვა ამ კომპანიასთან თანამშრომლობაზე“.

მიუხედავად ამისა, ტენდერში გამარჯვება საეჭვო რეპუტაციის კომპანიას მიაკუთვნეს. „მედიაპრო ჯორჯია“ ოფიციალურად რეგისტრირებული ყველა აბონენტიდან, ყველა ნომრიდან, რომელიც გაცემულია მობილური ოპერატორებისათვის, მიუხედავად იმისა, ნომერი სარგებლობაშია თუ არა, წელიწადში 38 ევრო ცენტს იღებს დღგ-ს გარეშე. 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში მობილური და ფიქსირებული ქსელის 7 მილიონზე მეტი აბონენტია რეგისტრირებული. ანუ „მედიაპრო ჯორჯია“ წელიწადში დაახლოებით  7 მილიონ ლარს იღებს, მაშინ, როცა მისი ხარჯების მაქსიმალური მოცულობა არ შეიძლება სცდებოდეს რამდენიმე ათას ლარიან ნიშნულს.

ერთი საკითხია, რამდენად სამართლიანად მოიგო ტენდერი  „მედიაპრო ჯორჯიამ“ და რა ხელშეწყობა მიიღო მან სახელმწიფოსგან. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელია იმ კანონდარღვევათა ნუსხა, რომლითაც პორტაბელურობის მექანიზმის შემოღება და განხორციელება ხდება საქართველოში.

ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. დარღვეულია კანონები, ადგილი აქვს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას და ა.შ. კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ პორტაბელურობის მექანიზმის ამოქმედებით, ნაციონალურმა მოძრაობამ მოსმენების ტოტალური მექანიზმი შემოიღო და აქცია ის სადამსჯელო ინსტრუმენტად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების საწინააღმდეგოდ. ამას გარდა, დარღვეულია კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოღვაწე ყველა საკომუნიკაციო კომპანია ინტერგირებული უნდა იყოს. მონაცემთა ბაზა ამჟამად იმყოფება ლიტვაში და ყველა ინფრომაცია იყრის განხორციელებუი ზარების შესახებ სხვა ქვეყანაში იყრის თავს.

ვის ხელში ხვდება ეს ინფორმაცია, ვინ და როგორ იყენებს ამ მონაცემებს და ვის საწინააღმდეგოდ შეიძლება იქნას გამოყენებული იგი, ქართული სამართალდამცავი ორგანოების ძიების საკითხი უნდა გახდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ბაზაში ხვდება ინფორმაცია არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობის, არამედ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების და მთავრობის სატელეფონო საუბრების შესახებ.

კიდევ ერთ კანონდარღვევაზე საუბრობს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე. საუბარია ტენდერის ჩატარებისა და კავშირგაბმულობის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ვადების აცდენაზე. კომუნიკაციების კომისიამ პორტაბელურობის ტენდერი ჩაატარა 2010 წლის სექტემბერში და მხოლოდ 2011 წლის აპრილში მოხდა კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო პორტაბელურობის მექანიზმის ჩამოყალიბება. „მსგავსი ქმედება კი არსებული კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და კომუნიკაციების კომისიას არ ქონდა უფლება გამოეცხადებინა და შემდეგ კი ჩაეტარებინა უკანონო ტენდერი. საქართველოს პროკურატურა და კონტროლის პალატა ამაზე თვალს ხუჭავდნენ, ხოლო მაშინდელი „ნაციონალური“ პარლამენტი „ნაციონალური ყულაბის“ შევსების ყველანაირ უკანონო მეთოდს ამართლებდა“, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.