ხომ არ არის კახა კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება ხელოვნურად შემოგდებული თემა? თუ ნამდვილად ემზადება კახა კალაძე ოპოზიციაში გადასაბარგებლად?!
მოვლენები, რომლებიც ბოლო პერიოდში ვითარდება, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ მავანნი ცდილობენ, კალაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის ეჭვმა დაისადგუროს. კალაძე-ივანიშვილს შორის უფსკრულს აღრმავებს „ენ-დი-აი“-ს კვლევაც, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკოსებიდან დადებითი დამოკიდებულება საზოგადოებას კალაძის მიმართ აქვს; ამას ემატება მოარული ჭორიც, რომ თბილისის მერის გარემოცვის დაჭერები დაიწყება და კალაძე თადარიგს აქედანვე იჭერს. კერძოდ, კალაძემ თურმე ოპოზიციას შეუთვალა, რომ საჭირო დროს დაუპირისპირდება ივანიშვილს და მის ჩამოგდებაში დაეხმარება.
მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, ივანიშვილმა „ოცნება“ დაკარგოს და კალაძე სადავეების აღებას შეეცადოს. ჭიჭინაძის აზრით, ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს, რამდენად ხიფათის შემცველია დღეს მისთვის გენმდივანი კახა კალაძე. მით უმეტეს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატთა დიდ ნაწილს მორალი არ გააჩნია, ისინი ყოველთვის გრძნობენ, ვის ამოეფარონ, შესაბამისად, სხვა ბანაკშიც უმარტივესად გადაბარგდებიან.
რას აპირებს კახა კალაძე და შეუქმნის თუ არა პრობლემებს ბიძინა ივანიშვილს?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კალაძესთან დაკავშირებით ანეკდოტური სიტუაციაა და ელისაშვილის ბინძურ ჭორს არავითარი საფუძველი არ აქვს. დეზინფორმაციის ავტორებმა გარკვეული ხმაური გამოიწვიეს ამით, მაგრამ კალაძისა და ივანიშვილის ურთიერთობაში ბზარს ასე იოლად ვერ შეიტანენ.
„რაღაც თქვა ელისაშვილმა, ჟურნალისტებმა მაშინვე მოსთხოვეს კომენტარი ამაზე კალაძეს, არადა, სრულიად სხვა სიტუაციაში იმყოფებოდა მაშინ კალაძე, საბავშვო ბაღს ხსნიდა. იმდენად წვრილმანი ბოროტებაა ეს, რომ სერიოზულ პრობლემას არ გამოიწვევს, უბრალოდ, გამაოგნებელია უტიფრობა, ჭორების გავრცელება, მით უმეტეს, როცა წყაროსაც არ ასახელებს ელისაშვილი. როგორ წარმოგიდგენიათ, კალაძე ადგეს, მოწინააღმდეგეს დაურეკოს და შესთავაზოს, მე თქვენსკენ ვარო? ასეთი რამ არ ხდება. ისიც ჭორია, რომ ივანიშვილი „ოცნებას“ დაკარგავს და სადავეებს ხელში კალაძე აიღებს. მავანთ ძალიან უნდათ, ასე მოხდეს, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, მსგავსი არაფერი იგეგმება. თანაც, ამ წინასაარჩევნოდ ასეთი განხეთქილება არადამაჯერებელია. დღესდღეობით ბიძინაც და კალაძეც ერთ გემში არიან, პოლიტიკა მუდმივი რისკია, ორივე მათგანი ყველაზე მეტს რისკავს. „ოცნების“ გუნდიდან თუკი ვინმეს რამე აქვს გასარისკი, ყველაზე მეტად კალაძესა და ივანიშვილს, რადგან მათი წვლილი „ქართული ოცნების“ შექმნაში გადამწყვეტია. გასაგებია, ბიძინა ივანიშვილის წვლილი უფრო მეტია, მაგრამ არც კალაძის წვლილია ნაკლები - პირადი მაგალითი, მატერიალური წვლილი, დროის ხარჯვა, ნერვები, ძალისხმევა ამ ორი ადამიანის ზურგზეა გადასული“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და ვერ წარმოუდგენია, ივანიშვილმა და კალაძემ საქმე შუაში შეწყვიტონ და გაუგებარი ნაბიჯები გადადგან, რაც რამდენჯერმე გაზრდის თითოეული მათგანის რისკს.
დავით ზარდიაშვილის აზრით, კალაძე და ივანიშვილი ერთმანეთს რომ დაუპირისპირდნენ, ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ საქმე დაღუპულია. ასევე, დაღუპული იქნება ცალკე კალაძისა და ცალკე ივანიშვილის საქმეებიც. ასეთი რამ ერთ დღეში არ ხდება, საამისო წინაპირობები უნდა არსებობდეს. განხეთქილების მოსურნეებს სურთ, მთავრობას შეუქმნას პრობლემები, მთავრობამ დაკარგოს ივანიშვილის ნდობა, ან, პირიქით, ივანიშვილმა დაკარგოს მთავრობის ნდობა. თუმცა მათი მიზანი უსუსურია. ზუსტად ეს არის დღევანდელი ქართული ვითარების სახასიათო ნიშანი, როცა არაფრის გამო იქმნება ხმაური.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ, სანამ ივანიშვილს ენდომება, რომ იგი იყოს „ოცნებაში“, ის იქნება კიდეც „ოცნებაში“ და ვერანაირი კალაძე მას ვერ ჩაანაცვლებს. ერთდერთი ვარიანტი, კალაძემ ჩაანაცვლოს ივანიშვილი, არის ის, თუ ივანიშვილს თავად სურს ამის გაკეთება.
„გარკვეული პარალელიც გავავალე შევარდნაძე-სააკაშვილსა და ივანიშვილ-კალაძეს შორის, მაგრამ შევარდნაძე-სააკაშვილის შემთხვევაში, კიდევ სხვა ვითარება იყო. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, ოდესმე ვიღაცამ ჩაანაცვლოს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია შექმნას გარკვეული პოლიტიკური თამაშები, დაახლოებით ისეთი, რაც განხორციელდა სააკაშვილ-შევარდნაძის პირობებში. ჯერჯერობით ამ თამაშების პირი არ ჩანს, ხვალ რა იქნება, ვერ გეტყვით. თუ ივანიშვილის რეიტინგი იმდენად დაეცა და არჩევნების შემდეგ კრიზისული ვითარება შეიქმნა, მაშინ მას შეიძლება დასჭირდეს ძალიან ძლიერი „ოპოზიციური“ პარტია, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარმოშობს, ისევე, როგორც „მოქალაქეთა კავშირმა“ წარმოშვა „ნაცმოძრაობა“. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება „ქართულ ოცნებას“ დასჭირდეს კალაძე.
ზოგადად, კახა კალაძის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ის გამორჩეული ფიგურაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პარტიულ ფუნქციას ასრულებს და არის გენერალური მდივანი, ძირითადად მაინც გადართულია თბილისზე“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისივე განმარტებით, გასაგებია, რომ გადათხრილი თბილისი ცუდად მუშაობს ადამიანებზე და ეს პრობლემა აწუხებს ხალხს, მაგრამ შინაგანად ყველამ იცის, რომ სხვაგვარად ვერ მოეწყობა ინფრასტრუქტურა და ქუჩის გადათხრის გარეშე კომუნიკაციები ვერ შეიცვლება. პოლიტოლოგის მოსაზრებით, კალაძემ შექმნა ისეთი გარემო, რომ დედაქალაქში რაღაც კეთდება. კილომეტრაჟითა და კვადრატული მეტრებით რომ გადავთვალოთ, შესაძლოა, წინა მერს ნაკლები არ ჰქონდეს გაკეთებული, მაგრამ ნარმანიამ ისეთი გარემო ვერ შექმნა, რომ თბილისში რაღაც კეთდება. კალაძემ კი ეს შექმნა და ნაძვის ხე შესაძლოა, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ქალაქი ცუდად არ იყო გაფორმებული.