„ამ გამოსვლის შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აშშ-ს საელჩო საქართველოში გაცილებით უფრო აქტიური იქნება, ვიდრე ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე იყო, როდესაც ელჩის გარეშე ვიყავით დარჩენილები. ის (კელი დეგნანი) შესაძლოა „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ყველაზე აქტიური აშშ-ს ელჩი იყოს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის კელი დეგნანის დანიშვნას.
ამერიკის ახალმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფიცი რამდენიმე დღის წინ დადო. აქვე შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამ დრომდე ელიზაბეთ რუდი გახლდათ. ჯერჯერობით უცნობია, კელი დეგნანი როდის ჩამოვა საქართველოში.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველი იყო. მანამდე კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, ნატოში აშშ-ს წარმომადგელობაში იყო პოლიტიკური მრჩეველი და თურქეთში აშშ-ს საელჩოში პოლიტიკური მრჩეველის მოადგილე.
ხათუნა ლაგაზიძე: უკვე გვაქვს ნოყიერი ბაზა, ვიმსჯელოთ ახალი ელჩის პოზიციებზე, გზავნილებზე და ახლო მომავლის ამოცანებზე, ვგულისხმობ მისი ფიცის ტექსტს, რომელიც ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა;
მისი „მესიჯებიდან" ყველაზე აქტუალური საარჩევნო თემაა. ის ამბობს, რომ ერთი სული აქვს როდის ჩამოვა საქართველოში, რომ მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დაიწყოს თანამშრომლობა და ურთიერთობა 2020 წლის არჩევნებისთვის, სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.
როდესაც ის ამ საკითხს უსვამს ხაზს, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემოს მოლოდინი არ აქვს, რადგან ამბობს, რომ უნდა დაიწყოს თანამშრომლობა სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად. სხვაგვარად, როგორ წარმოგვიდგენია, ევროპის რომელიმე ქვეყნაში ელჩი ჩადიოდეს ასეთი „მესიჯით," რომ სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა დღის წესრიგში იდგეს.
ეს საკითხი აქტუალური გახდა და მოხვდა მის სიტყვით გამოსვლაში, რადგან ყველაზე მწვავე საკითხია ქართულ რეალობაში და არ აქვს მოლოდინი, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემო უზურუნველყოფილი იქნება. ეს ნიშნავს იმასაც, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის 2020 წლის არჩევნებისთვის სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, - ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარი შესაძლებლობების გარემოს შექმნა.
„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, კელი დეგნანი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში რამდენად აქტიურად ჩაერევა?
ხ.ლ: არცერთი ქვეყანა და არც აშშ არ მისცემს თავს იმის უფლება, რომ რომელიმე ქვეყნის შიდა საქმეებში ღიად ჩაერიოს, მაგრამ კონსულტაციის და რჩევის კუთხით, ასეთი ჩარევის მოლოდინი მაქვს. მან თავის ფიცის დადების სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი ამოცანაა სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.
„რ": თქვენი აზრით, რა ნიშნით შეირჩა დეგნანი ამ თანამდებობაზე?
ხ.ლ: მისთვის ელჩის სტატუსიც პირველი დიპლომატიური რანგია, თუმცა, აქვს გამოცდილება თურქეთში, იტალიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში საქმიანობის. აქამდე, ვინც იყვნენ ელჩები, მათ ბიოგრაფიაზე საუბარი უფრო მარტივი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ მათგანს პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. ამ შემთხვევაში, რა პრინციპით შეირჩა, პასუხი თავად სახელმწიფო დეპარტამენტს ექნება.
მისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ, ეს კითხვა ტრიალებდა, როგორც ჟურნალისტურ, ისე ექსპერტულ საზოგადოებაში და მისმა ფიცის სიტყვამ, დადებითი თვალსაზრისით, ჩემთვის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ყველა კითხვა, რომელიც ჰაერში იყო გამოკიდებული, მოხსნა.
ძალიან კვალიფიციური, გულშემატკივრული პოზიცია ჰქონდა. მისი კვალიფიკაცია ჩანდა, რომ ის ჩამოსვლამდე სრულად ინფორმაციას ფლობს საქართველოში არსებულ პრობლემებზე და ასევე საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ მიმართულებებზე და ამერიკის ინტერესებზე საქართველოში.
ამ გამოსვლის შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აშშ-ს საელჩო საქართველოში გაცილებით უფრო აქტიური იქნება, ვიდრე ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე იყო, როდესაც ელჩის გარეშე ვიყავით დარჩენილები. ის (კელი დეგნანი) შესაძლოა „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ყველაზე აქტიური აშშ-ს ელჩი იყოს.
იქ იყო სხვა საინტერესო აქცენტებიც; მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, ბიზნესის განვითარებისკენ სწრაფვა. იმასაც კი ამბობს, რომ ქართველებს და ამერიკელებს ბევრი საერთო აქვთ. ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო კვლავ გამოწვევების წინაშე იმყოფება და მისი დამოუკიდებლობა რუსეთის მხრიდან საფრთხის ქვეშაა.
ზუსტად ხედავს რისთვის ჩამოდის, რა გამოწვევები დახვდება ქვეყანაში და რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლება დარჩეს დემოკრატიული თამაშის რეჟიმში და ქვეყანამ გააგრძელოს დემოკრატიული განვითარებით სვლა.