გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების დაწყება ჭიანურდება

გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების დაწყება ჭიანურდება

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების დაწყება ჭიანურდება. სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა რუსუდან შარაძეს დანაპირები ვერ შეუსრულა - გიორგი ბარათელს ვერ შეახვედრა, რის შესახებ რუსუდან შარაძის განცხადებას ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ.

18 ნოემბერს ზუსტად ერთი თვე შესრულდა, რაც გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა ორთაჭალის N1 საპყრობილეში ყოფნისას განგვიცხადა, რომ საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს, რადგან მას გურამ შარაძე არ მოუკლავს. 22 ოქტომბრიდან ბარათელის დაცვის საქმეში ადვოკატი მამუკა ნოზაძე ჩაერთო. 23 ოქტომბერს მთავარი პროკურორის სახელზე ბარათელის განცხადება შევიდა, რომლითაც იგი დაკითხვას და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ბარათელის ადვოკატმა ანალოგიური მოთხოვნით განცხადება 26 და 29 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის სახელზეც შეიტანა. არჩილ კბილაშვილს მამუკა ნოზაძემ ბოლოჯერ 15 ნოემბერს მიმართა, მაგრამ არც მას და არც მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღემდე არავინ შეხმიანებია.

მამუკა ნოზაძის განმარტებით, მისთვის გასაგებია სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში შესული განცხადებების სიმრავლე, მაგრამ მისი თქმით, რამდენიმე გახმაურებული საქმის მთავარ გმირთან ერთად ბარათელი ის გამონაკლისია, რომელიც უმძიმესი ბრალდებით სასჯელს ხუთ წელზე მეტია უკანონოდ იხდის, რის გამოც მთავარი პროკურატურა ვალდებულია ხელახლა დაუყოვნებლივ დაკითხოს.

გურამ შარაძის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ 11 ნოემბერს ჟენევაში დაბრუნების შემდეგ სოციალურ ქსელში ამგვარი შინაარსის განცხადება გაავრცელა - „უამრავი ადამიანი მეკითხება, რა ვითარებაა მამაჩემის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით. დღეს დავბრუნდი ჟენევაში ისე, რომ გიორგი ბარათელს ვერ შევხვდი. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს არაა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. მთავარია, რომ ის ცოცხალია, ადასტურებს, რომ გურამ შარაძე არ მოუკლავს და ითხოვს ხელახალ დაკითხვასა და გამოძიებას.

გიორგი ბარათელის მიმართვა მისმა ადვოკატმა, მამუკა ნოზაძემ შეიტანა მთავარ პროკურატურაში, რის საფუძველზეც ის დაიკითხება, მერე კი დაიწყება გამოძიება, რასაც ალბათ, მოყვება სასამართლო და ნამდვილი მკვლელები გასამართლდებიან. ამ ყველაფერს კი თავისი პროცედურა აქვს, მითუმეტეს სააკაშვილის დრაკონული კანონებით, ეს ერთ დღეში არ მოხდება. ამ კანონების შეცვლასაც თავისი მინიმალური დრო მაინც სჭირდება.

ძალიან კარგად მესმის საზოგადოების ინტერესი და უზომოდ მადლობელი ვარ, გურამ შარაძის მკვლელების გამოაშკარავება და უდანაშაულო გიორგი ბარათელის (რომელიც ჩემს ოჯახს შეწირული მსხვერპლია) გათავისუფლება მეც არანაკლებ მეჩქარება. თუმცა, ვფიქრობ, რომ სულსწრაფობა უადგილო იქნებოდა. ამ არც ისე იოლ სიტუაციაში, არ ვთვლი საჭიროდ გადამეტებულ აქტიურობას, მითუმეტეს, მჯერა, რომ მალე საქართველოში სამართალი სრულად აღდგება.

მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩემი აქტიურობა გამოწვეული იყო იმით, რომ ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობდა და სიმართლისთვის უნდა მიმეგნო. ახლა ეს უკვე შესაბამისმა უწყებებმა უნდა გააკეთონ. ველოდები მოვლენების განვითარებას და როგორც კი საჭირო ვიქნები გამოძიებისთვის, მაშინვე ჩავერთვები საქმეში. უღრმესი მადლობა ყველას !!!“

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს გიორგი ბარათელთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ ორთაჭალის N1 საპყრობილესთან მყოფ ჟურნალისტებს დაწვრილებით გაგვაცნო ბარათელის სიმართლე, ანუ მისი ნაამბობი 2007 წლის 20 მაისთან დაკავშირებით, როცა ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს, დაჭრეს, ცემეს.

როგორ სთხოვდნენ გურამ შარაძის მკვლელობის აღიარებას ბარათელს მაშინ, როცა გურამ შარაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ამას ხელახლა აღარ მოვყვებით. სურვილის შემთხვევაში დეტალების გაცნობა ინტერნეტით შეგიძლიათ, თუ კი საძიებო სისტემაში ჩაწერთ ჩვენს მიერ 22 ოქტომბერს მომზადებული და for.ge-ზე გამოქვეყნებული მასალის სათაურს - „გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს“.