მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გაზეთ "კვირის ქრონიკას" ინტერიუ მისცა.
- საზოგადოებაში დაიწყო უკვე საუბარი, ხომ არ სჯობია, გაივლოს ზღვარი და შეწყდეს დაჭერები?
-ამ ყველაფერს მივყვებით ძალიან მშვიდად, მიუხედავად იმისა, რომ რთული კითხვა დასვით, მოდით, გავყოთ ეს კითხვები და ისე გიპასუხებთ. მარტივად ვაპირებთ ამის გაკეთებას: წარმოიდგინეთ საკითხების დიდი გროვა, საქმე უნდა დაიწყო იქიდან, რაც პირველ რიგში ფეხებში გედება. ელემენტარულად, გზა გაასუფთაო და რაც, პირველ რიგში, ხელს გიშლის, იმის გაწმენდით დაიწყო საქმე...
- ახალაია ძალიან გედებოდათ ფეხებში?
- მოდით, ამ საკითხს ასე უტრირებას არ მივცემ, საქმეები ხარისხებად ლაგდება არა იმიტომ, რომ მე მაქვს ეს პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ესა თუ ის საქმე ლაგდება იმის მიხედვით, რომელი მოესწრება რომ გამოძიებულ იქნას. "პოპკორნის" აპარატი ხომ გინახავთ? "ბატი-ბუტად" რომელი სიმინდი გადაიქცევა პირველად, ხომ არ იცი?.. 25 გამომძიებელი პროკურატურაში ზის, დღეს და ღამეს აერთიანებს და მუშაობს, მიდის საქმეების ინტენსიურად შესწავლა ყველა მიმართულებით. ეკონომიკური დანაშაული იქნება ეს, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული, წამება, ცემა თუ ასე შემდეგ... რომელიც იტყვის პირველი, რომ თემა მომზადებულია, ის იქნება შემდეგი ჩვენი თემა.
- სულ თქვენი განცხადება მიტრიალებს თავში, კერძოდ: "პოლიტიკაში იმ ასაკში უნდა მივიდეს ადამიანი, რომელსაც სექსუალური ლტოლვის ეტაპი გადალახული აქვს, მოწიფულ ასაკზე გესაუბრებით, როდესაც ადამიანს აქვს ის ასაკი, რომ სრულად გააცნობიეროს ყველა ის რეალობა, რა რეალობაც მის წინაშეა. მე როცა ამ სიტყვებს ვამბობ, 40 წლის ვარ!.." რატომ აკნინებთ 40 წლის ადამიანების საქსუალურ ლტოლვას?
- (იცინის) არა, ასე არ მითქვამს, მე ვთქვი, რომ ადრეული ფიზიოლოგიური ლტოლვის ასაკი უნდა ჰქონდეს გადალახული.
- ჰო, ეს ფრაზა სექსუალური ლტოლვის ეტაპს მოაყოლეთ. თქვენთან მოსვლამდე ხელახლა მოვისმინე, წერტილ-მძიმით ამოვიწერე.
- თქვენი მომავალი სტატიის სათაურს აყალიბებთ "ქრონიკაში"? (იცინის)
- არა, წინ უფრო მძიმე თემები გვაქვს. უბრალოდ, მიკვირს, ახალგაზრდა კაცმა რატომ ჩამოიწერეთ საკუთარი თავი?
- ეს განცხადება რომ გავაკეთე, ვიგულისხმე აი, რა: ყველა ადამიანს მისი განვითარების სტადიაზე სხვადასხვა მოთხოვნილება აქვს: ბავშვს უყვარს დედა, შემდგომ უყვარს სხვა, შემდეგ უყვარს შვილი და ასე შემდეგ... ეს ყველაფერი იცვლება ადამიანის ფიზიოლოგიური ზრდის კვალობაზე... აი, მაგალითად, მე დავდივარ ორი მანქანით, მყავს დაცვა, ერთი გადასახედით, ვიღაცისთვის არის ხიბლი, - აი, ხედავ, მე შემიძლია ხალხი დავიჭირო, ყველაფერი გავაკეთო რაც მინდა, მე ამაზე უბრალოდ, არ ვფიქრობ... ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ ისაა, რომ ძილი მაკლია. ყოველდღე სახლში მივდივარ ღამის 3-4 საათზე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
- ადასტურებთ, რომ თქვენი წინამორბედი - მურთაზ ზოდელავა - გაქცეულია?
- მე ვიცი, რომ საქართველოში არ არის... თუმცა როცა მბობენ, რომ ის გაქცეულია, ეს არის ყოფითი ტერმინი. სამართლებრივად, მის მიმართ არანაირი დევნა არ მიმდინარეობს, ეს იმას ნიშნავს რომ მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი.
- თქვენ, ალბათ, პირველი, რასაც გააკეთებდით, ასევე დაინტერესდებოდით მურთაზ ზოდელავას საქმიანობით. იკვეთება მისი დანაშაულებრივი საქმიანობა?
- ამაზე ახლა ვერ გიპასუხებთ...
- თქვენ ჟურნალისტებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი ხართ. ვუკვირდები, რომ არ იყენებთ პრესსპიკერს და ყველა განცხადებას თავად აკეთებთ საზოგადოებისთვის. ეს ძალიან კარგია, მაგრამ როგორც კი თქვენ შეწყვეტთ ღია კომუნიკაციას, მაშინვე გაჩნდება კითხვები, რომ თქვენ ხიბლში შეხვედით, ჩაიკეტეთ და ესე იგი, არასასურველი საქმეებით დაკავდით...
- ადამიანმა უნდა იცოდე, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე ინიშნები დროებით. სხვათა შორის, ჩვენ გვაქვს ცვლილება და ჩაიწერება, რომ ხუთი წლით დაინიშნება გენერალური პროკურორი, არავითარი ორი ვადა და ასე შემდეგ... როცა მე აღარ ვიქნები გენერალური პროკურორი, უნდა დავუბრუნდე ჩემს საადვოკატო საქმიანობას, უნდა დავბრუნდე იმავე საზოგადოებაში, უკან დასახევი გზა უნდა დავიტოვო. ადამიანი იკეტება მაშინ, როცა იგი ისეთ რაღაცას აკეთებს, რაც არ უნდა, სხვებმა გაიგონ... ვეცდები, ჩემ შემთხვევაში ეს არ მოხდეს. აი, ეს სკამი (მითითებს პროკურორის სავარძელზე,- ნ.ს.) ჩემ მიერ ოკუპირებულია იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, უბრალოდ, მოკლეს!.. გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, 26 მაისის მონაწილეები, 7 ნოემბერი... რამდენი კიდევ უსახელო მკვლელობაა, რომელიც ჯერ კიდევ საზოგადოებამ არ იცის... მე ვალში ვარ იმ ადამიანთა სულების წინაშე. მიმაჩნია, რომ ჩემი აქ ყოფნა არის მათი სიცოცხლის ხარჯზე (მთავარ პროკურორს თვალები აუცრემლდა, რა ადამიანური ყოფილხართ!.. ნ.ს.).
- ბატონო არჩილ, თვალები აგიცრემლდათ, თქვენ ტირილიც შეგიძლიათ?.. რა ადამიანური ყოფილხართ...
- არ დაგიმალავთ, ემოციური ვარ. მოკლედ, რაც ვარ, ეს ვარ და თანამდებობამ როგორ უნდა გამაგიჟოს?.. მეც მაინტერესებს, მომავალში როგორ იქნება. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ემოციურობა აბსოლუტურად არ მიშლის ხელს, მივიღო გადაწყვეტილებები და აქამდე გადაწყვეტილება მიმიღია და რასაც მომავალში მივიღებ, ის ემოციასთან კავშირში არ არის...
- საზოგადოება დღეს საუბრობს, თუ რატომ არ დაიწყო დღეს პროკურორმა იმ გახმაურებული მკვლელობების გამოძიება, რაც თქვენ ჩამოთვალეთ... ხალხს ეჭვი აქვს, პირადი ანგარიშწორებით დაიწყო "ოცნებამ" ადამიანების დაპატიმრებაო, ვინც მათ ავიწროებდა, უსმენდა და ა.შ. თქვენ ჟვანიასთან კარგი ურთიერთობა გქონდათ და მეგობრობდით, არჩევნებამდე იყო ვერსია, რომ არსებობდა ფირები, რომლის გამოქვეყნებასაც ყველა ელოდა. პირადად თქვან თუ ჩაიხედეთ ჟვანიას საქმეში და ვისთან მიდის მკვლელობის კვალი?
- მაინც რთულ კითხვებს სვამთ და ერთ კითხვაში ბევრ საკითხს აერთიანებთ...
- უნდა მაპატიოთ, კითხვების გაერთიანებით დროს ვიპარავ... თქვენ ხომ 45-წუთიანი ლიმიტი დამიწესეთ?
- სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ახალი გამომძიებელი დავნიშნე, რომელიც მიმაგრებულია გახმაურებული მკვლელობის საკითხზე, ასევე დანიშნულია ახალი პროკურორი, სწორედ ისინი სწავლობენ ამ საქმეებს. 12 ნოემბერს დავაკომპლექტეთ ახალი ხელმძღვანელობა, პროკურატურის როგორც ცენტრალურ, ასევე საოლქო დონეზე, სწორედ 12 ნოემბერს დავიწყეთ ამ საქმეების შესწავლა.
- სამართალდამცველ სტრუქტურაში საკადრო კრიზისზე საუბრობენ და ამას მიიჩნევენ ერთ-ერთ მანკიერ მხარედ... აი, მაგალითად გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის ინტერვიუ ვიცე-პოლკოვნიკ დავით მარტიაშვილთან, რომელსაც ბრალი დასდეს სამშობლოს ღალატში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და ამ ბრალდებით უკანონოდ ციხეში იჯდა. ამ პიროვნებას საკმაოდ ტრაგიკული ისტორია აქვს, ამას ახლა ვერ მოგიყვებით, მაგრამ საქმე ის არის, რომ ვიცე-პოლკოვნიკი მარტიაშვილი ხელს ადებს მის გაუბედურებაში გიგი კალანდაძეს- მეტსახელად "სამასტრელას", "მასტერას", ახალაიას, კეზერაშვილს. ამ პიროვნებამ არაერთხელ მოგმართათ წერილით, რათა პროკურატურას მისი საქმე ხელახლა გამოეძია. თქვენმა მოადგილემ - დავით მჭედლიშვილმა, გადაამისამართა გამომძიებელ გიორგი ქევხიშვილთან, რომელმაც შეასრულა წინა ხელისუფლების დაკვეთა და ეს ადამიანი დააპატიმრა. მარტიაშვილი ყვება: გიორგი ქევხიშვილი რომ დავინახე, ეს ავაზაკი, რომლის გამოც დედაჩემი საფლავში წევს, ავკანკალდი, ამ კაცმა დამიჭირა და მან როგორ უნდა გამოიძიოს ახლა ჩემი საქმეო? ამ ქევხიშვილს და მისნაირებს დატოვებთ პროკურატურაში?
- როგორც ვიცი, გიორგი ქევხიშვილი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია ჩვენთან. მას პირადად არ ვიცნობ, ჩვენ შევცვალეთ დეპარტამენტის ხელმძღვანელები, რაც არის ყველაზე ზედა დონე. დეპარტამენტები შედგება სამმართველოებისგან. ეს პოზიცია, რომელიც ქევხიშვილს უკავია, არ არის ზედა დონე. მე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, - დეპარტამენტის პირველ პირებს მივეცი უფლება, სამმართველოების უფროსები, რომლებიც მათ დეპარტამენტებში შედიან, თვითონ წარმოადგინონ კანდიდატურებად. 25 ნოემბრამდე ისინი ამას წარმოადგენენ, ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ქევხიშვილის რამე საწინააღმდეგო მაქვს, უბრალოდ, არის ასეთი მოცემულობა, არ შეიძლება ერთიანად აიღო 333 პროკურორი, რაც მთლიანად საქართველოშია, გაუშვა და მოიყვანო ამდენივე ახალი პროკურორი... აქვე გეტყვით, რომ 3000-ზე მეტი წერილია შემოსული 15 დღეში და რთულია, შესაბამისად, ყველა ამ წერილის გაცნობა. უფრო მარტივ გზას ვეტყვი მარტიაშვილს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც პროკურორის ან გამომძიებლის მიმართ აქვს კომპრომატი. მათ უნდა მისწერონ იუსტიციის სამინისტროს, გენერალური ინსპექციის უფროსს, ამას ვაცხადებ თქვენი გაზეთის საშუალებით. ჩვენ ვებ-გვერდზე დავდეთ ადამიანთა სია, რომლებიც დაინიშნენ დეპარტამენტის ხელმძღვანელებად. სწორედ ამ მიზნით, თუკი საზოგადოებას რომელიმეს მიმართ აქვს პრეტენზია, ეს პრეტენზია უნდა იქნეს განხილული გენინსპექციაში.
- გენშტაბის უფროსის დილის 6 საათზე დაკავებამ თვით ვანო მერაბიშვილიც კი აღაშფოთა და განაცხადა, რომ ეს არის "კაგებეშნიკური" მეთოდები. ძალიან ბევრს საუბრობენ საზოგადოებაში მის არასწორ დაკავებასთან დაკავშირებით, სვამენ კითხვას, - რატომ არ შევიდა პროკურატურა სასამართლოში შუამდგომლობით, რომ შეწყვეტილიყო მისი უფლებამოსილება იმავე დღეს? ჩვენ ვნახეთ, რომ იგი დააკავეთ, მაგრამ პრეზიდენტმა, განთავისუფლების შემდეგ, კვლავ სამსახურში წარადგინა.
- ჩვენ მოვითხოვეთ კალანდაძის პატიმრობა, ბუნებრივია, თუ მას სასამართლო შეუფარდებდა პატიმრობას, იგი ციხეში გენშტაბის უფროსობას ვერ შეასრულებდა, მაგრამ როდესაც მას სასამართლომ შეუფარდა გირაო, მეორე დღესვე მოვითხოვეთ თანამდებობიდან გადაყენება და გადადგა. რაც შეეხება ე.წ. კაგებეშნიკურ მეთოდებს, - თავდაცვის მინისტრი ჩავაყენეთ საქმის კურსში. რომელი ფორმა იქნებოდა მისაღები, ის რაც გავაკეთეთ თუ მასთან შუაღამით ოჯახში რომ მივსულიყავით, სადაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვია? წინა ხელისუფლება ჩვენსავით იქცეოდა? როგორ აპატიმრებდნენ ისინი ხალხს?
- თქვენგან განსხვავებით ისინი დადიოდნენ კამერებით, უვარდებოდნენ შუაღამისას ოჯახებში, ჩუსტებში პოულობდნენ ბომბებს, კარადებში ყუმბარმტყორცნებს, ბალიშის ქვეშ ნარკოტიკებს, ცოლ-ქმარს ყრიდნენ საწოლიდან და გვაჩვენებდნენ საცვლების ამარა, - აი, ეს იყო მათი ე.წ. დემოკრატიული დაჭერა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც მომავალში მათ დაემსგავსოთ. ხალხმა ხმა იმიტომ მოგცათ, რომ აღადგინოთ სამართლიანობა და დანერგოთ საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტები. დაკავებულ პოლიციელ გუნავაზე ატყდა ამბავი, რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკი და იარაღი...
- აი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?
- "ნაციონალურ მოძრაობას" პიარში ვერავინ აჯობებს, რამდენად არის საშიშროება, რომ დაჭერების თემა უმცირესობამ თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს და რევანში მოახერხოს?
- თქვენი კითხვა თავისთავად პოლიტიკურ შეფასებას მოითხოვს. მთავარი პროკურორი ემიჯნება პოლიტიკურ შეფასებებს, ამას კანონი მიკრძალავს...
- კარგით, სამართლებრივ საკითხებზე ვისაუბროთ, - ახალაიებამდე იყვნენ კოდუები... შეგახსენებთ ერთ ფაქტს, როცა ერეკლე კოდუა იყო "სოდის" უფროსი, ნანუკა ჟორჟოლიანს პირად მობილურზე დაურეკა სვანმა ახალგაზრდამ ღამის საათებში, მეორე დღეს ეს სვანი ახალგაზრდა სვანეთში სამარშრუტო ტაქსიდან მოიტაცეს ძალოვნებმა, ნარკოტიკული ნივთიერება გაუკეთეს, სასტიკად სცემეს და მცენარეს დაამსგავსეს "მოდულის" შენობაში. ამ საქმეს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ერეკლე კოდუა, ეს საკითხი მაშინდელი სახალხო დამცველის - სოზარ სუბარის მოხსენებაში მოხვდა. საკმაოდ რეზონანსული თემა იყო, ამაზე ნინო ზურიაშვილმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო, მათ შორის, ჩვენი გაზეთიც ამაზე ბევრს წერდა. მაშ, ასე! - აღიძვრება თუ არა ამ კონკრეტულ ფაქტზე საქმე ერეკლე კოდუას მიმართ? თან, როგორც ვიცით, კოდუა არ იმყოფება საქართველოში...
- არ ვიცი, არის თუ არა ერეკლე კოდუაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული. მე პირადად ეგ საკითხი არ მომიკვლევია და არც დავალება არ მიმიცია. პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ, რომ არავის გაგვხსენებია. ეს საკმაოდ სკანდალური საქმეა, კარგად მახსოვს... მე მიმაჩნია, რომ ეს არის გამოსაძიებელი საქმე. სვანი ახალგაზრდა, რომელიც არის დაზარალებული, მან უნდა მოგვამრთოს, შეიძლება მოგვმართა კიდეც... ვნახავთ. გპირდებით, ადრე თუ გვიან, ყველას გამოვიძიებთ. როცა ვამბობ "ადრე თუ გვიან", ვგულისხმობ შესაძლებლობებს...
- ასევე რეზონანსულია კახი კალაძის ძმის მკვლელობის საკითხი. ლევან ცინცაძეზე, რომელსაც 25 წელი აქვს მისჯილი, მიდიოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, დანაშაული რომ ეღიარებინა, ამას მისი ადვოკატი ჭკადუა აცხადებს. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები იკვეთებიან, როგორიც არის გია ბარამიძე. ადვოკატი აცხადებს, რომ სწორედ გია ბარამიძის დავალებით ჰყავდათ გატაცებული გენერალი გია ვაშაკიძე, რომელსაც აიძულებდა ბარამიძე, თავზე აეღო კალაძის ძმის გატაცება და მკვლელობა. გია ბარამიძის სახელი ბევრგან ფიგურირებს, მისი ბეგრაუნდი კი აფრასიძეების სპეცოპერაცია და მათი ამოხოცვაა. დადგება თუ არა გია ბარამიძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი?
- რა თქმა უნდა, ტოლობის მარცხენა მხარეს თქვენ ისეთი მოცემულება დადეთ, რომ მარჯვენა მხარეს არის პასუხი - დიახ!.. აფრასიძეების საქმის გამოძიება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და ეს საკითხი აუცილებლად იქნება გამოძიებული.
- ბაჩანა ახალაია უფრო მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, კონკრეტულად, როგორიც არის ე.წ. ციხის ბუნტი. სოზარ სუბარის მაშინდელ მოხსენებაში ეწერა, რომ ამ ბუნტს რამდენიმე პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.
- ციხის თემა ამჟამად გამოძიების სტადიაშია, უახლოეს დღეებში ეს თემა გაიხსნება, არის საკითხები, რასაც მეტი სიღრმეები სჭირდება, როგორიც გახლავთ ეკონომიკური დანაშაულობები. გემახსოვრებათ, ალბათ, იქმნებოდა უამრავი ფონდი, იყო უამრავი ფულის ხარჯვა, ტენდერები...
- ეს ნიშნავს, რომ გიგი უგულავას ნამდვილად მიადექით?!
- როგორც საქმე გვიჩვენებს, ისე იქნება!.. ეკონომიკურ დანაშაულებებს დრო სჭირდება, ჩვენ რომ ისე მოვიქცეთ, როგორც ჩვენი წინამორბედი აკეთებდა, როცა იჭერდნენ ადამიანებს და ის ადამიანი წამების შემდეგ ყველაფერს აღიარებდა, მაგის გაკეთება არ გვინდა. მესმის, საზოგადოება ჩვენგან ითხოვს სისწრაფეს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ხარისხიანი და კვალიფიციური გამოძიება.
- როგორც ვიცი, სამართალდამცველებისთვის მოულოდნელი იყო ბაჩანა ახალაიას საქართველოში გამოჩენა და მას მოუმზადებლები დავხვდით. როგორ ფიქრობთ, რისთვის გამოიყენებენ მას? და საერთოდ, არ მესმის, რა პრივილეგიებში ამყოფებენ ამ ქართველ ბრეივიკს. ალბათ, გამოძიება დაამტკიცებს, რომ მას 71 კაცზე მეტი ჰყავს მონელებული. რას ნიშნავს ულიმიტო მიმოსვლის დაწესება ციხეში? ტელევიზორი, მალე ქალებსაც მოითხოვს... რატომ დაგვაზეპირებინეთ, დღეში რამდენჯერ გადის ტუალეტში, რა უხარია და რა სწყინს?!. ამიტომაც, ე.წ. ისტორიკოსმა მასხარაშვილმა ის ცოტნე დადიანად მონათლა, ცოტა ხანში ყველა ვიქნებით მის წინაშე დამნაშავე... ძალიან ლოიალურები ხომ არ ხართ?
- იცით, რა ხდება? თქვენ პარალელს ავლებთ წინა ხელისუფლებასთან, გუშინდელი ცხოვრებიდან გამომდინარე საუბრობთ ასე. კარგად იცით, რასაც აკეთებდნენ ესენი. ერთ რამეს გეტყვით, - ეს "კუდის" 12 თანამშრომელი, რომლებიც დავაკავეთ, დაკითხვის დროს გაოცებულები გვეკითხებოდნენ, - არ უნდა გვცემოთო?!
- ისე, ერთი ვასიკო ჯამალაშვილი არც თქვენ გაწყენდათ... არ გიფიქრიათ, რომ ეს ახალგაზრდა კარგი საქმისთვის გამოიყენოთ, რადგან იშვიათია ის ნიჭი, რომელიც მას აქვს თანამედროვე კიბერტექნოლოგიაში. ასეთი ადამიანები "ცეერუს", "ფეესბეს", "ნასას" აღრიცხვაზე ჰყავთ და მათთან თანამშრომლობენ.
- გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს და ვიქნებით კანონის ფარგლებში ჰუმანურები.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროკურატურა დათა ახალაიას ბრალს დაუსწრებლად წაუყენებს.
- მას ბრალს წავუყენებთ იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რაზეც "კუდის" 12 თანამშრომელი დავაკავეთ. იმ ეპიზოდში, ალბათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იქნება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ბესო სურმავასთვის.
- დათა ახალაიას გვარმა გაიჟღერა გურამ შარაძის მკვლელობასთან მიმართებითაც. დაინტერესდება თუ არა გამოძიება ამ საკითხით?
- სხვათა შორის, გურამ შარაძის ქალიშვილი ამბობს, რომ ის ადამიანი, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობისთვის სასჯელს იხდის, რეალურად მკვლელი არ არის. ამ საქმეს ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ.
- როცა ნატოს გენერალური მდივანი აკეთებს განცხადებას, რომ აღშფოთებულია საქართველოში არჩევნების შემდეგ პოლიტიკური დაპატიმრებით, ალბათ, რასმუსენს არ ჰქონდა ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობა" რას აკეთებდა ხელისუფლებაში მოსვლის დროს, მათ წინა ხელისუფლების 11 მაღალჩინოსანი, მათ შორის, მინისტრები დაკავეს, შს მინისტრი - კობა ნარჩემაშვილი, ასევე დავით მირცხულავა, სულხან მოლაშვილი, მერაბ ადეიშვილი, აკაკი ჩხაიძე და ა.შ.
- სხვათა შორის, მე ბევრი მათგანის ადვოკატი ვიყავი: კობა ნარჩემაშვილის, აკაკი ჩხაიძის, ლევან კენჭაძის, ებრაელების გახმაურებული საქმის...
- შესაბამისად, დადგება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი მათზე იქნება სათანადო მტკიცებულებები და სამხილი? ხომ არ შეგეშინდებათ და ხომ არ დაკომპლექსდებით საერთაშორისო განცხადებებით? სადამდე მივა დაჭერების ხაზი?
- როგორც კი იქნება დანაშაულის ნიშნები ნებისმიერ ყოფილ მაღალ თანამდებობის პირზე, გამოვალ და ამის შესახებ განვაცხადებ. გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ და აბსოლუტურად არანაირი განცხადება არ დამაკომპლექსებს. ის, რომ ნატოს გენერალური მდივნისა და სხვათა გამონათქვამები შეიცავს კრიტიკულ მოსაზრებას, ეს არის შედეგი ნატოზე ცრუ ინფორმირებულობისა და არა იმისა, რომ კრიმინალი არ უნდა დავიჭიროთ.
- ვანო მერაბიშვილმა შოთა ხიზანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხიზანიშვილი იმიტომ დააკავეს, პირდაპირ ჩემზე მოხდეს ზეწოლაო... თუკი შევარდნაძის შინაგან საქმეთა მინისტრი აღმოჩნდა ციხეში, რამდენად შესაძლებელია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ბევრ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, აღმოჩნდეს ციხეში?
- ის არის პოლიტიკოსი და შეუძლია ნებისმიერი განცხადება გააკეთოს, ამ საკითხზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ გარდა ერთისა, რომ თუკი ვინმეს დაუმტკიცდება დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს. ხიზანიშვილი კი დავაკავეთ იმიტომ, რომ ის ხელმძღვანელობდა იმ უკანონო ქმედებებს, რაც არის გამოქვეყნებული. მორჩა!..
- რაც შეეხება გიგი უგულავას ძალიან სკანდალურ განცხადებას: "ბიძინა ივანიშვილის მსტოვრები ისე იჭერენ ადამიანებს, იმის ღირსადაც კი არ გვთვლიან, მათი ბრალეულობა გაგვაცნონ. გაფრთხილებთ, ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ ეს შურისძიება და რევანშიო"... როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობს გიგი უგულავა რევანშში?
- მე რა ვიცი, რას გულისხმობს, ჰკითხეთ პირადად მას... მე ვიცი ის, რომ ვისაც ბრალი წავუყენეთ, ყველა დოკუმენტი განვასაჯაროვეთ...
- თინა ხიდაშელი ჩემთან არაერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ გიგი უგულავა სამართლიან ქვეყანაში პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული. პირადად მას არაერთი მაკომპრომიტირებელი მასალა გამოუქვეყნებია ჩვენს გაზეთში უგულავას კორუფციული გარიგებების, ეკონომიკური დანაშაულებებისა და ბიზნესებში არასწორი მონაწილეობის შესახებ.
- თინა ხიდაშელი არის პოლიტიკოსი და ამას ამბობდა პოლიტიკური დებატების ჭრილში. რისი თქმის უფლებაც აქვს პოლიტიკოსს, იმის თქმის უფლება არ აქვს პროკურორს. ყველა საკითხი იქნება შესწავლილი, ვინც თქვენ დაასახელეთ და ვინც არ დაგისახელებიათ.
- ეს ხაზი მივა მიხეილ სააკაშვილამდე?
- სადაც მივა, იქამდე მივალთ...