ტრამპს იმპიჩმენტის პროცესზე ჰარვი ვაინშტეინისა და ეპშტეინის ადვოკატიც დაიცავს

ტრამპს იმპიჩმენტის პროცესზე ჰარვი ვაინშტეინისა და ეპშტეინის ადვოკატიც დაიცავს

სენატში იმპიჩმენტის საკითხზე მოსმენის დროს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რამდენიმე ადვოკატი დაიცავს.

BBC-ის ცნობით, მათ შორის არიან ბილ კლინტონის იმპიჩმენტის საქმეში მონაწილე ყოფილი სპეცპროკურორები კენ სტარი და რობერტ რეი, ასევე ცნობილი ადვოკატი ალან დერშოვიცი, რომელიც ჰარვი ვაინშტეინს, ჯეფრი ეპშტეინს და ო. ჯეი სიმპსონის ინტერესებს იცავდა.

დაცვის მხარეს სათავეში უდგას თეთრი სახლის იურისტი პეტ სიპოლონე და ტრამპის პირადი ადვოკატი ჯეი სეკულოუ. მედიის ინფორმაციით, ადვოკატების ამ გუნდს ასევე შეურთდება ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორი პემ ბონდი.

ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე პირველი მოსმენა სენატში მომავალ კვირაში დაიწყება. სენატმა უნდა გადაწყვიტოს დარჩება თუ არა დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტზე.

დონალდ ტრამპის ადვოკატებმა იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური პასუხი 19 იანვარს გამოაქვეყნეს და მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიაზე სახიფათო შეტევა უწოდეს.