დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ბერლინში ლიბიის საკითხზე საერთაშორისო სამიტის ფარგლებში შეხვდა.
BBC-ის რუსული გამოცემის ცნობით, დაუნინგ სტრიტის ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ მოლაპარაკებების დროს ბრიტანეთის პრემიერმა "გასაგებად თქვა, რომ სოლსბერში მომხდართან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია არ შეცვლილა - ეს იყო ქიმიური იარაღის უპასუხისმგებლო გამოყენება და ბრიტანეთის მიწაზე უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის უხეში მცდელობა".
"მან აღნიშნა, რომ მსგავსი თავდასხმბი აღარ უნდა განმეორდეს", - წერია ბრიტანეთის პრეიერის ოფისის განცხადებაში.
"პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება იქამდე, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს დესტაბილიზაციურ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის დიდ ბრიტანეთსა და ჩვენს მოკავშირეებს, ძირს უთხრის ჩვენი მოქალაქეებისა და კოლექტიურ უსაფრთხოებას", - წერია განცხადებაში.
რუსეთის ГРУ-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.