ბერლინში, ლიბიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Deutsche Welle-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი 16 სახელმწიფოს და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, პირველ რიგში ლიბიაში შეიარაღების შეტანაზე ემბარგოს უჭერს მხარს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ შეზღუდვის შესრულების მონიტორინგს ითვალისწინებს.
როგორც შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, შეთანხმება გაეროს უშიშროების საბჭოში გაიგზავნება, რომელმაც მას კენჭი უნდა უყაროს.
გუტიერეშმა კი სხვა სახელმწიფოებს ლიბიის შიდა საქმეებში ჩარევისგან და დაპირისპირებული მხარეების სამხედრო მხარდაჭერისგან თავშეკავისკენ მოუწოდა.
გაეროს ეგიდით გამართულ სამიტს ლიბიის დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები - ეროვნული შეთანხმების მთავრობის ლიდერი ფაიეზ ალ-სარაი და ლიბიის ეროვნული არმიის (LNA) ხელმძღვანელი ხალიფა ჰაფტარი დაესწრნენ. მათ გარდა ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრები და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში.
მონაწილეების უმეტესობამ შეხვედრა დადებითად შეაფასა, თუმცა მერკელის ინფორმაციით, ალ-სარაიმ და ხაფთარმა ერთმანეთთან პირდაპირი საუბრისგან თავი შეიკავეს.
ლიბიის ეროვნულმა არმიამ, რომელსაც ფელდმარშალი ხალიფა ჰაფტარი ხელმძღვანელობს, ქვეყნის ჩრდოლოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სირტზე კონტროლი 6 იანვარს დაამყარა.
2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც ხალიფა ჰაფტარის და მისი ჯარის მომხრეა.