ჩინეთის ქალაქ უხანში უცნობი ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გასულ შაბათ-კვირას ჩინეთის ხელისუფლებამ უცნობი ვირუსით დაინფიცირების 139 ახალი შემთხვევა გამოავლინა. უხანის გარდა, დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა პეკინსა და შენჯენში. ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს ორ ადამიანს ტაილანდში და ერთ ადამიანს იაპონიაში.
BBC-ის ინფორმაციით, ჯამში დაინფიცირებულთა მაჩვენებელი მსოფლიოში ამ დროისთვის 200-ს აჭარბებს. ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს.
ორი პაციენტი, რომელსაც უცნობი ვირუსი ჰქონდა, გარდაიცვალა, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა მათი სიკვდილი კონკრეტულად ვირუსს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილების შესაბამისად, იაპონია, ტაილანდი, კორეა, სინგაპური, მალაიზია, ჰონგ-კონგი უხანიდან ჩამომსვლელებს აეროპორტში სკრინინგს უტარებენ, ანალოგიური ზომები მიიღო აშშ-ის ხელისუფლებამ სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტებში.
დაავადებულთა შესაძლო რიცხვის დასადგენად მეცნიერებმა მოდელირების მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ვირუსის თავისებურებებს, უხანის მოსახლეობის რიცხვს და ფრენების სტატისტიკას ეყრდნობა.