იუსტიციის სახლისა და მუსიკალური თეატრის ავტორი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასი შეშფოთებულია საკუთარი ობიექტის დემონტაჟთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით. იგი მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნული პროექტების მხარდასაჭერად მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორების მობილიზაცია მოახდინოს და თავადაც ჩამოვიდეს საქართველოში.
ცნობილია, რომ იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა გიგი უგულავამ იტალიელი არქიტექტორი დაამშვიდა და უთხრა, რომ მუქარის მიუხედავად, იგი იმედოვნებს, მსგავსი ვანდალიზმი საქართველოში არ განხორციელდება.
მანამდე კი „სამოქალაქო ინიციატივა – პრო პატრიამ „ სრულიად საქართველოს პატრიარქისადმი მიმართვა გაავრცელა. ისინი მის უწმიდესობას მიმართავდნენ, რომ მისი განცხადება რიყეზე, მტკვრის სანაპიროზე ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის აშენების შესახებ უცნაურად ემთხვეოდა ბიძინა ივანიშვილის სურვილს მშვიდობის ხიდისა და მშენებარე მუსიკალური თეატრის დანგრევის შესახებ. ამიტომ, სამოქალაქო ინიციატივის სურვილი იყო, დაეჯერებინა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ დამთხვევა და უწმინდესის მიერ გაკეთებული განცხადება არ გულისხმობდა რიყეზე არსებული, მშენებარე თუ უკვე აშენებული ობიექტების დანგრევას.
„სამოქალაქო ინიციატივა – პრო პატრიას“ შეფასება იმას ემყარებოდა, რომ დაუშვებელია ერთი ადამიანის ახირების, ან თუნდაც ტაძრის აგების გამო განადგურდეს უკვე არსებული შენობები.
მართალია, საქართველოს პრეზიდენტმა რიყეზე აშენებულ მუსიკისა და დრამის თეატრს (ასევე, საგამოფენო დარბაზს) ეპოქალური შენობა უწოდა, მაგრამ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს საერთოდ ვერ გაუგია, რას გამოხატავს რიყეზე მდგარი ეს ნაგებობა. იგი ტრადიციული კონსტრუქციების რიგიდან სრულიად ამოვარდნილია და მილის ფორმა აქვს. თბილისელები კი მას უბრალო „ტრუბად“, ან სულაც, დიდ ზარბაზნად უხმობენ.
ამას ემატება ისიც, რომ საკვირაო ქადაგებაზე პატრიარქმა ბრძანა „მტკვრის სანაპირო, სადაც ახლა უცნაური ქანდაკებები თუ შენობები შენდება, წმინდა მოწამეების სისხლით არის მორწყული და ჩვენ აქ უნდა გვქონდეს 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძარი.”
For.ge დანტერესდა, რამდენად საჭიროა ძველი თბილისისთვის აღნიშნული კონსტრუქცია და ნიშნავს თუ არა იგი ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში ქირურგიულ ჩარევას.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი აცხადებს, რომ გულის ამრევია ეს ყველაფერი, ხოლო იტალიელ არქიტექტორს - ფუქსასს არავითარი უფლება არ აქვს, აგვიკრძალოს ნაგებობის დემონტაჟი. მეტიც, არავის აქვს ამის უფლება, რადგან მუსიკალური თეატრი აშენებულია თბილისის მიწაზე. იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პროექტის გადაკეთებას მოვინდომებდით, ფუქსასს მაშინ ჰქონდა უფლება, რაიმე პრეტენზია გამოეხატა.
„თუ შენობა არავის სჭირდება, მისი დემონტაჟის აკრძალვის უფლება არავის აქვს. როგორც ვიცი, ამიტომაც ჩავიდა ქალაქის მერი იტალიაში, მაგრამ გამორიცხულია, ამ მიზნით საქართველოში მაინც ვერ ჩამოვა ფუქსასი“, - აცხადებს გიგა ბათიაშვილი.
არქიტექტორს მიაჩნია, რომ, განსაკუთრებით, მუსიკალური ცენტრი თბილისის ისტორიული ნაწილის შეურაცმხყოფელი ობიექტია. აქ ამ კონსტრუქციის მოწონება-არმოწონებაზეც არც არის საუბარი, არამედ აღნიშნულმა ნაგებობამ გადაფარა მთელი გარემო, მასშტაბი, დაწყებული დარეჯან დედოფლის სასახლიდან, ანუ საჩინოდან, დამთავრებული ანჩისხატით. ყველაფერი შეცვალა და სათამაშოსავით დააპატარავა.
„რაზეა ლაპარაკი? არ არის საუბარი, კარგი ნაგობობაა თუ ცუდი, არამედ მთავარია, რომ ყოვლად დაუშვებელია ამ მასშტაბის, ამ ზომის შენობის ჩასმა ასეთ ადგილას“, - აღნიშნავს გიგა ბათიაშვილი, რომელსაც, მასიმილიანო ფუქსასის მეორე პროექტთან - იუსტიციის სახლთან მიმართებით ნაკლები პრეტენზია აქვს, რადგან ის ნაგებობა მაინც ზემოხსენებული გარემოს გარეთ არის.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია მიიჩნევს, რომ ის მიკროსივრცე, მიკროარეალი, რასაც ჰქვია მეტეხი, ძველი თბილისი და ხიდი, უაღრესად გადატვირთულია. სწორედ ეს არის პრობლემა. ამდენად, მუსიკალური თეატრი მთლიანად გაუაზრებელია გეგმის თვალსაზრისით, მასების განაწილების თვალსაზრისით, თორემ, შეიძლება, თვითონ ნაგებობა სხვა ადგილას უკეთესი გამოსულიყო.
„აქ გაჭედილია ყველაფერი და ძველისა და ახლის კაკაფონია გამოდის. ამის მიუხედავად, დემონტაჟის წინააღმდეგი ვარ. მილიონი სხვა საქმე აქვს ქვეყანას და დემონტაჟების დრო არ არის. თავისთავად, მუსიკალური ცენტრის ნაგებობა საინტერესოა, თუმცა მთავარია, იმ კონტექსტში როგორია და არის თუ არა გადატვირთული. იუსტიციის სახლი, მშრალი ხიდი და, პლუს ამას, მუსიკალური თეატრი მთლიანობაში გადატვირთულ შთაბეჭდილებას იძლევა“.
ამასთან, გოგი ხოშტარია გამორიცხავს, რომ ქართულ საზოგადოებას ვინმემ რამე აუკრძალოს და მათთვის მიუღებელი ნაგებობის შენარჩუნება მოსთხოვოს. ამას ვერც ცნობილ არქიტექტორთა მობილიზაცია შეძლებს, რადგან ჩვენი ნებაა, რას მოვიმოქმედებთ.
„რიყეზე უკვე სივრცეა მოკლული, იუსტიციის სახლი კი იმაზე დიდია, ვიდრე იმ ადგილას შეიძლებოდა, ყოფილიყო. თავისთავად, ერთიანობაში რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რაღა მაინცდამაინც მეტეხთან მოუნდათ ამ ნაგებობის დადგმა? პირადად მე ასეთი განცდა მეუფლება, მაგრამ, ამის მიუხედავად, დემონტაჟის წინააღმდეგი ვარ“.
ასოციაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე დაუშვებლად მიიჩნევს, რომ სპეციალისტთა დასკვნის გარეშე რიყეზე, ძველი თბილისის შუაგულში რაიმე ნაგებობა წამოიჭიმოს. მისი თქმით, გინდაც იტალიიდან ჩამოვიდეს ცნობილი არქიტექტორი და გინდაც იგი ნობელის პრემიის ლაურეატი იყოს, მთავარია, ნაგებობა ჯდებოდეს ძველი ქალაქის არქიტექტურასა და ბუნებაში.
„მაგათ თავიანთი პროექტები სულ ლითონსა და მინაში აქვთ გადაწყვეტილი. ლითონი და მინა კი ძველი ნივთიერება არ არის. ახალი ხელისუფლების ხელში, ალბათ, მაინც ამუშავდება სპეციალისტთა კომისია, რომელთა დასკვნის გარეშეც თავის დროზე ძველ თბილისში არაფერი შენდებოდა. თუკი რიყეზე მდგარი ნაგებობა ლითონის მილს მოგვაგონებს და არატრადიციული მასალებითაა აშენებული, ცხადია, იგი ვერ ჩაჯდება ძველი თბილისის სიძველეთა ანსამბლში“, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე.
მისი თქმით, უცხოელები გაკვირვებულნი არიან, „რას უშვებით ამ ქალაქს, თქვენივე ქალაქის ქილერები ხართო?“ იმ ძველი ქალაქიდან არაფერი დაგრჩებათ, რადგან თქვენივე ხელით ანადგურებთ ქალაქს და თბილისი უკვე ბეტონის ქალაქად გადააქციეთო.
„ვის რად უნდა ბეტონი, ახლა ბეტონით გააკვირვებენ ევროპას და მსოფლიოს?“ - კითხულობს ანზორ საკანდელიძე.
ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს ლაშა ბაქრაძეს იუსტიციის სახლი ძალიან მოსწონს და იგი თბილისისა და მთლიანად საქართველოს თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ მშვენიერ მაგალითად მიაჩნია. ამასთან, იგი, როგორც თანამედროვე არქიტექტურის დიდი მოყვარული, ფიქრობს, რომ მუსიკალური თეატრიც უნდა დარჩეს რიყეზე. ზოგადად, რაც აშენებულია, ყველაფერი უნდა შენარჩუნდეს, ხოლო, რაც შენდება, არ უნდა შეჩერდეს და ბოლომდე უნდა აშენდეს.
ლაშა ბაქრაძის აზრით, საზოგადოების თვალი თანამედროვესა და ძველის შერწმას ნელ-ნელა მიეჩვევა. ეს კი ყველაზე გავრცელებული რამ არის დღევანდელ ცივილიზირებულ სამყაროში.
„შეიძლება, ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ თანამედროვე შენობები არსებობდეს ქალაქში და მათ შორის, ძველ ქალაქში. რიყის კონტექსტში მუსიკალური თეატრი სრულიად მისაღებია, რადგან იქ არავითარი განსაკუთრებული შენობა არ დგას. როდესაც ლაპარაკობენ, რიყეს ძველი სახე დაუბრუნდესო, ყოველთვის მაოცებს, რომელ ძველ სახეზე საუბრობენ. იმაზე, რომელიც 70-იან წლებამდე იყო და, რომელიც, უბრალოდ, აღარ არსებობს და ტყუილის სახით თავიდან ავაშენოთ?! თუ, ის არის რიყის ძველი სახე, როდესაც მახინჯი რესტორნები იდგა რიყეზე?!“ - ინტერესდება ლაშა ბაქრაძე და ძველი თბილისის იერ-სახის დაბრუნების მოსურნეებს სთხოვს, დააკონკრეტონ, ისტორიული თბილისის რომელ სახეს გულისხმობენ.
მისივე აზრით, მასიმილიანო ფუქსასის მიერ მსოფლიოს წამყვან არქიტექტორთა მობილიზაციაც გამართლებულია, რადგან ადამიანს საკუთარ პროექტებზე გული შესტკივა.
ამასთან, ლაშა ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ გავა წლები და, შესაძლოა, ამ შენობასაც ძალიან ადვილად მიეჩვიონ თბილისელები. საერთოდ, საზოგადოება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან კონსერვატიულია და ყოველგვარ ახალს მტკივნეულად აღიქვამს.