აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ირანის სარაკეტო იერიშის დროს 11 ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური მეთაურობის წარმომადგენლის, ბილ ურბანის განცხადებით, რამდენიმე ჯარისკაცმა ტვინის შერყევა მიიღო. დაშავებული სამხედროები გერმანიასა და ქუვეითში დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად გაგზავნეს, საიდანაც ისინი კვლავ ერაყში დაბრუნდებიან.
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამწვავება ბაღდადში ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა. ამის შემდეგ ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ამავე დღეს თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო.