ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სოზარ სუბარს ბაჩო ახალაიას სახით სერიოზული თავსატეხი აქვს. ამიტომ, ბაჩო ახალაია ან თავის სახლში უნდა წაიყვანოს, ან არადა, ჰააგის ციხეში გაგზავნოს, ვინაიდან ქართულ ციხეებში პატიმრები ახალაიას მოსაშორებლად ბუნტის დაწყებას აპირებდნენ.
ბაჩო ახალაიას გათავისუფლების მიზნით ზუგდიდელები ხელმოწერებს აგროვებენ, უკვე ორი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა. იურიდიული თვალსაზრისით, ამ ხელმოწერებს რაიმე მნიშვნელობა აქვს?
- სამართლებრივად, ეს არაფერს ნიშნავს, აგროვონ და აგროვონ ეს ხელმოწერები, ეს მათი ნებაა.
მაშინ, ამაოდ რატომ ირჯებიან? ვინც მათ აკვალიანებს, ისიც ხომ ეცოდინებოდა, რომ ხელმოწერებს არანაირი ძალა არ აქვს?
- ნუ, ეს ახლა როლანდ ახალაიას ფოკუსებია, რათა ხელმოწერები შეაგროვოს და ვითომდა საზოგადოებრივი აზრი შექმნას. ამ დროს კი ასი ათასობით ხელმოწერები გროვდებოდა სააკაშვილის პერიოდში დაპატიმრებული ადამიანების დასახმარებლად, საზოგადოება სთხოვდა გამოძიებას, იქნებ, ჩვენი აზრი გაითვალისწინოთო. რა თქმა უნდა, ახლაც გამოძიებას შეუძლია ეს ხელმოწერები გაითვალისწინოს, შეუძლია, არც გაითვალისწინოს, რადგან კანონი არ ავალდებულებს.
ეს უცხოეთის დასანახად ხომ არ არის გამიზნული, რომ თქვან, ბაჩო ახალაიასთვის ხელმოწერებიც კი გროვდება.
- ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს. არავის ვასალები არ ვართ, გვყავს მეგობარი სახელმწიფოები - აშშ და სხვები და მათ შეუძლიათ, ითხოვონ ინფორმაცია ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ რომელ უცხოელს მოუბრუნდება პირი და გვეტყვის, რომ კონკრეტულ დანაშაულში მხილებული ადამიანის მიმართ არ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და არ მიეცეს პასუხისგებაში?! გუშინწინ გერმანიის წარმომადგენელმა, სააკაშვილთან ერთად, გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ჩვენს ქვეყანაში მინისტრებს არ იჭერენო. ახლა ამ პატივცემულ გერმანელს მინდა ვკითხო, გერმანიაში არჩევნების შემდეგ მინისტრები საზღვარგარეთ გარბიან ან ცოცხებს უკეთებენ პატიმრებს და ურტყამენ ჯარისკაცებს? ცივილიზებული სამყაროსთვის მართლაც გამაოგნებელია ეს ქმედებები, რასაც ნაცმოძრაობის ახლახანს დაკავებული წევრები აკეთებდნენ. ალბათ, დაკავებები კიდევ გაგრძელდება, რადგან უამრავი განცხადებაა შეტანილი. მარტო ჩემს მიერ 30-მდე განცხადებაა შეტანილი, მათ შორის, მოქმედ პარლამენტარებზე. ამიტომ, ეს ხელმოწერები არც უცხოელებზე იმოქმედებს, არც არავიზე. კანონი ყველასთვის კანონია და სამართალმა უნდა იზეიმოს.
ჩვენ ვიხილეთ თეა თუთბერიძის აქტიურობა, ასევე, აქტიურობდნენ აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური და სხვები. ბაჩო ახალაიას მიმართ გადამეტებული ყურადღება იმით ხომ არ აიხსენება, რომ მას მარტოობის განცდა არ დარჩეს და ყველანი არ ჩაუშვას?
- ნაციონალების აქტიურობას ორი მიზანი აქვს. პირველი ის, რომ პატიმარ ახალაიას დაანახონ, მას გარედან მხარდაჭერა აქვს და არ ალაპარაკდეს. ესეც სააკაშვილისგან იმართება. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ახალაიას ალაპარაკება. ახალაია გიჟი არ არის, გადათვლის, გადმოთვლის წლებს და დაიანგარიშებს. დემოკრატია, საქართველო, ტერიტორიები ახალაიასნაირი მორალის მქონე ადამიანებს ნაკლებად აღელვებს. ესენი არიან ბუდუ და ლუკა ნაკაშიები, უზნეობის გამოხატულებები. ამიტომ, ბაჩო ახალაია გადაითვლის წლებს და მარტივი მათემატიკური გაანგარიშებით იტყვის, ახლა რომ დავაფარო სააკაშვილს და მის ბანდას ხელი, ამდენი ხნით რატომ უნდა წავიდე ციხეში?! ამიტომ, ერთ მშვენიერ დღეს იგი ალაპარაკდება.
რამდენ წელს მოიკლებს ამით?
- შესაძლოა, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.
და გამოუშვან ასეთი დანაშაულების ჩადენის შემდეგ?
- პროცესი ამას ითვალისწინებს, ეს გამოძიების გადასაწყვეტია. თუმცა, იცის სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, მთავარმა შემოქმედებმა, ადეიშვილმა და ყველამ, რომ სამართალს ვერ გაექცევიან. ხალხო, ათი ათასი ლარი დაურიგეს ნაციონალებს ადეიშვილის კაბინეტში და უთხრეს, წადით ახლა, გაიქეცითო. ეს ხალხი კი მიუტრიალდა და ადეიშვილს უთხრა, ათი ათასად სად წავიდეთ, სად დავიმალოთო. ანუ მოწმეების ქვეყნიდან გაყვანა დაწყებულია, რათა ისინი არ ალაპარაკდნენ. ახლა თვითონ მილიონები ჩაიდეს და ამ ხალხს ათი ათასს აძლევენ. ცხადია, ისინიც გამოხტებიან და დაიწყებენ რეალობის მოყოლას. თქვენ ძალიან ბევრ აღიარებით სერიალებს ნახავთ. გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყება და იტყვიან, თუ ვინ ავალებდა დავალებების შესრულებას და როგორ ავალებდა. ტყუილად ცდილობენ ერთი ახალაიას გადარჩენას. თუმცა ახალაია, მერაბიშვილი, ადეიშვილი და კიდევ რამდენიმე ფიგურა მნიშვნელოვანი მოწმეები არიან თავად სააკაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის მხილებისთვის. ვანო მერაბიშვილი აღშფოთებული რომ არის შოთა ხიზანიშვილის დაჭერით, ჩემი მეგობარია და ბრწყინვალე ადამიანიაო, მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ. ზნეობითა და მორალით ვინ არის თვითონ ვანო მერაბიშვილი? მის სიმამრზე შეტანილი მაქვს სარჩელი პატიმრისგან თანხის გამოძალვის ფაქტზე. ოჯახში ვერ მოუგვარებია სიტუაცია და ამბობს, ჩემი მეგობარია ხიზანიშვილიო. ესეც მყავს ახლა პატრიარქი ილია მეორე, რომლის მეგობრობაც საამაყოა. მისი ოჯახის წევრები არ იყვნენ გირგვლიანის საქმეში?
ამ ეტაპზე შეიძლება, მართალი იყოს ვანო მერაბიშვილი, როცა ამბობს, შოთა ხიზანიშვილის დაჭერით ჩემზე უნდათ ზეწოლის მოხდენაო?
- შოთა ხიზანიშვილი კრიმინალია. შეტანილი მაქვს საჩივარი, თუ როგორ მეთაურობდა ზონდერბრიგადებს კოდაში არჩევნების დროს. კოდიდან საარჩევნო ყუთის გატაცება ხიზანიშვილის დავალებით მოხდა. მოგეხსენებათ, თეთრიწყაროში მე ვიყრიდი კენჭს.
ე.წ. მატროსოვის ციხეში ბაჩო ახალაიას შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით რას იტყვით? ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიას მატროსოვის ციხეში მყოფი ყოფილი თანამშრომლები ემუქრებიან.
- მე ვიყავი მატროსოვზე. რამდენიმე პატიმარი ვნახე, რომლებსაც ვიცნობდი და ვიცავდი ამ ადამიანების ინტერესს, ზოგიერთის ინტერესს ამჟამადაც ვიცავ. ისინი ახალაიების დაჭერილნი არიან და ამ ადამიანებმა პირდაპირ თქვეს, ბაჩო ახალაია აქ რომ მოიყვანოთ, შეიძლება, მოვკლათ, ამას არ გამოვრიცხავთო. იგივე მდგომარეობა იყო გლდანის მე-8 საპყრობილეში. ბუნტის დაწყებას აპირებდნენ პატიმრები, ახალაია მოაშორეთ აქედანო. აღვნიშნე კიდეც, სოზარ სუბარს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა, ან ბაჩო ახალაია თავის სახლში უნდა წაიყვანოს (რა თქმა უნდა, ვხუმრობ), ან არადა, ამისთვის არსებობს ჰააგის ციხე და მას გვერდზე მოუსხდებიან ძმანი მისნი - ბეჟუაშვილები და სხვები.
არის ასეთი ვერსიაც, რომ მატროსოვზე გადაყვანას იმიტომ ითხოვს ბაჩო ახალაია, რათა იქ ყოფილ თანამშრომლებს შეხვდეს და მოილაპარაკონ, რომ მათი ჩვენებები ერთმანეთს დაემთხვეს და არ აცდეს. ამ ვერსიის შესახებ კობა დავითაშვილმა განაცხადა.
- კანონიდან გამომდინარე, ჩემთვის მიუღებელია ამდენი ადამიანის შეშვება-გამოშვება ახალაიასთან. არსებობს გამოძიების ინტერესები და პროცესში ეს იმიტომაც ჩაიწერა, რომ არ უნდა იქნეს გარკვეული დეტალები გახმაურებული. ბაჩო ახალაია ახლა ციხეში ღია კარის დღეებს აწყობს. მაშინ, როდესაც არსებობს ევროკონვენციის მე-13 მუხლი, რომ ყველა პატიმარი თანაბარ პირობებში უნდა იყოს. ამით ილახება სხვა პატიმრის უფლებები. არ დაგავიწყდეთ, 180-მდე პოლიტპატიმარია საქართველოში, რომლებიც ჯერ კიდევ გათავისუფლებულნი არ არიან. ამ პოლიტპატიმრების მონახულების საშუალება არათუ არასამთავრობოებს, ოჯახის წევრებსაც კი არ აქვთ. აგერ, მერაბ რატიშვლის მეოთხე წიგნის პრეზენტაციაა და ვერ გამოჰყავთ ეს კაცი ხელბორკილებით, რომ დაესწროს საკუთარი წიგნის პრეზენტაციას. ვერ გავიგე, ახალაია ლამის ცოტნე დადიანად გამოგვიცხადეს. პატიმრების სერიოზული უკმაყოფილებაა ამასთან დაკავშირებით. ამიტომ თუნდაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს უნდა შეწყდეს. კი ბატონო, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, დეპუტატს ნება დართოს, რომ შევიდეს და ინახულოს დაკავებული, მაგრამ ის, რომ გაღებულია ციხის კარები და „მიდი-მოდი“ არის ამტყდარი ბაჩო ახალაიას საკანში, ეს ყოვლად დაუშვებელია.
მაგრამ სპეციალური ნებართვის გარეშე აკაკი მინაშვილის ულიმიტო შესვლა ბაჩო ახალაიასთან 29 ნოემბრამდე გაგრძელდება და მერე აღარ იქნება.
- რა მნიშვნელობა აქვს, გამოძიება მიმდინარეობს, ამ კაცთან უამრავი დეტალებია გასარკვევი - 26 მაისი, 7 ნოემბერი, აგვისტოს ომი, გირგვლიანის საქმე და ა.შ. კითხვები არსებობს, შეტანილია საჩივრები. რად ღირს მარტო ხოხიაშვილის წამების ფაქტი, ბიზნესმენისგან თანხის გატაცების ფაქტი. გარდა იმისა, რომ ახალაიას გამხნევება სურთ, მის საკანში შესვლის მიზანი ისიცაა, რომ ნაცმოძრაობამ რაც შეიძლება, ხმამაღლა უნდა იყვიროს ბაჩო ახალაიაზე, რადგან იციან, მათ კარებსაც მიუკაკუნებს იმ უსამართლობის შედეგი, რაც მათ ჩაიდინეს. ხალხს ამნეზია არ აქვს. მათგან ნაწამები ხალხი საშინელ მდგომარეობაშია. რვა წლის განმავლობაში ჯამებით სვამდნენ ადამიანთა სისხლს. საჩივრის შეტანის მიზნით მთავარი პროკურატურის მისაღებში ამხელა რიგები ისტორიას არ ახსოვს. როგორც ვხვდები, იმ საჩივრების განხილვა, რომლებიც შეტანილია, ჯერ დაწყებული არ არის, რადგან საკადრო პოლიტიკა ურთულესია და მთლიანად არ არის დაკომპლექტებული პროკურატურა. გუშინწინ ჩემთან შუამავლად მოვიდა რამდენიმე ადამიანი და რომელიღაც დაპატიმრებულ ნაციონალზე მთხოვეს, ხომ არ დაიცავ მის ინტერესებსო. თქვენი ინტერნეტგამოცემის მეშვეობით ვაკეთებ განცხადებას, მართალია, ადვოკატი ვარ და ვაცნობიერებ, რასაც ვამბობ, მაგრამ არც კი გაბედოს რომელიმე ნაციონალმა, ჩემთან მოვიდეს და მთხოვოს მათი ინტერესების დაცვა, რადგან მათ ფაშისტურ და ბოლშევიკურ რეჟიმზე უარესი განახორციელეს. მათ ჰყავთ თავიანთი ადვოკატები და ისინი დაიცავენ. სხვათა შორის, იქ ჩანს რამდენიმე ადვოკატი, რომლებიც ყოფილი სოდისა და კუდის თანამშრომლები იყვნენ და მერე გადმოსხეს და აგენტებად ამუშავეს ადვოკატთა ასოციაციაში. ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ვისაც ვგულისხმობ, ისინი მიხვდებიან კიდეც. ამ დღეებში ადვოკატთა ასოციაციის კრება იმართება და მე ოფიციალურად დავაყენებ ამ ადვოკატების გარიცხვას ადვოკატურიდან.
ბაჩო ახალაიას ადვოკატ დავით დეკანოიძეს ხომ არ გულისხმობთ?
- არ ვიტყვი ახლა, მაინც კოლეგები არიან. ამას ადვოკატთა ასოციაციის კრებაზე საჯაროდ ვიტყვი. როგორც კი ეკა ბესელიას კომისია დაადგენს, რომ სახელმწიფოში არსებობდნენ პოლიტპატიმრები, იმავე დღეს საქართველოს პრემიერის, შს მინისტრისა და პროკურორის წინაშე დავაყენებ საკითხს, გამოქვეყნდეს იმ ადამიანების გვარები, ესენი იქნებიან ადვოკატები, ჟურნალისტები თუ ექიმები, განსაკუთრებით, პატივცემული ბახტაძე და ციხის მკვლელი ექიმები, ექსპერტიზაში მომუშავენი, პოლიტიკური ფიგურები, საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც რეჟიმთან თანამშრომლობდნენ, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს თანამშრომლობა ფულისა და ანგარების მიზნით ხდებოდა. ამით ნეოფაშისტური რეჟიმი გახანგრძლივდა. ეს ხალხი ვითომ ოპოზიციონრობდა და ადვოკატობდა, ამიტომ მათი ლუსტრაცია უნდა მოხდეს და ისინი სხვა ადამიანების ბედის გადაწყვეტის საქმეს უნდა ჩამოშორდნენ. ახალ ხელისუფლებას ეს ხელეწიფება, რადგან უშიშროების არქივები შს მინისტრის ხელშია.