თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში, წუხელ, მოძრაობა “7 ნოემბრის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, ჯაბა ჯიშკარიანმა კიდევ ერთი ღამე გაატარა, რასაც მისივე განმარტებით, წინ უძღვოდა სუპარმარკეტის მინების დალეწვა და სამართლდამცავების მხრიდან ადამიანების ცემა.
მერამდენედ დაგაკავეს?
ჯაბა ჯიშკარიანი: ეს იყო რიგით მე–15 დაკავება; აქედან 7–ჯერ მქონდა ერთთვიანი პატიმრობა მოსჯილი; ანუ წინასწარი დაკავების იზოლატორში ჯამში 7 თვე ვიყავი. პლუს ამას, ერთი დაკავება იყო ხუთდღიანი და სამი დაკავება ერთდღიანი.
ამჯერად რამდენი ლარით დაგაჯარიმეს და ეს მერამდენე ჯარიმაა?
– ამჯერად 400 ლარით დამაჯარიმეს. ესაა რიგით მეოთხე დაჯარიმება. წინა შემთხვევებში ერთხელ შვიდლარნახევრით დამაჯარიმეს, მეორედ 15 ლარით და მესამედ 500–ით.
გადახდილი გაქვთ წინა ჯარიმები?
– არა მაქვს გადახდილი და პრინციპულად, არც ერთს არ გადავიხდი.
და გასაჩივრებული თუ გაქვთ, ჯარიმების დაკისრება?
– ყველა სტრასბურგშია წასული, ბოლო დაჯარიმების გარდა და ესეც აუცილებლად წავა სტარბურგში.
როგორ მოხდა თქვენი დაკავება?
– წუხელ გოგა ხაინდრავას სახლიდან მოვდიოდი. გამომცემლობა “სამშობლოსთან“ პოლიციელები ადამიანს სცემდნენ, რომელსაც გადავეფარე. პარალელურად, ვდილობდი სამართალდაცავებისთვის ამეხსნა, რომ უკანონო ქმედებას სჩადიოდნენ.
ამ დროს, ერთ–ერთმა პოლიციელმა, ჩემთან მიმართებაში ბრძანება გასცა, მოკალითო და დაახლოებით ასამდე პოლიციელი, აგრესიული ჟესტიკულაციით და სახით ჩემსკენ გამოემართა, რათა ფიზიკური ძალადობა განეხორციელებინათ.
ამ დროს, ვეცადე, მოპირდაპირე მხარეს არსებული მაღაზიისთვის თავი შემეფარებინა. პოლიციელებმა მთელი მაღაზია დალეწეს. ეს არის ვაშლოვანის სამ ნომერში არსებული სუპერმარკეტი, გამომცემლობის წინ. ეს ის ქუჩაა, პეროვსკაიაზე, რომ შედის.
დამაკავეს და ძველი თბილისის რაიონულ განყოფილებაში წამიყვანეს. ბრალი 166–ე, 173–ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) წამიყენეს და თბილისის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატროში გადამიყვანეს.
პროცესი 27 ივლისს, 11 საათზე დანიშნეს. ადვოკატები – ლალი აფციაური და გელა ნიკოლაიშვილი წუხელ იყვნენ ჩემთან შემოსულები. მათ ჩემს თანამებროძლებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შეატყობინეს, რომ პროცესი დილის 11 საათზე იყო ჩანიშნული, მაგრამ სხდომა ნაჩქარევი ტემპით გადაიტანეს და სასამართლო 9 საათზე ჩაატარეს. გელა ნიკოლაიშვილი იქ იყო, პროცესზე არ შემოუშვეს და როგორც გითხარით, 400–ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დამაკისრეს.
როგორ აფასებთ წუხანდელ ფაქტს?
– ჩვენ აქტიური საპროტესტო კამპანია დავიწყეთ, მიწების უკანონოდ გასხვისებასთან დაავშირებით. თბილისში სოსო ჯაჭვლიანთან ერთად ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გვქონდა დაგეგმილი, ხოლო შემდეგ პატარძეულში უნდა ჩავსულიყავით, სადაც დიდი მანიფესტაცია იყო დანიშნული. ვფიქრობ, შეგნებულად შეაფერხეს ამ აქციაში ჩემი მონაწილეობა და პატარძეულში ჩასვლა.
რაც შეეხება ჩემს ქმედებას, მე ვაწვები პირვანდელ ჩვენებას – აუცილებლად დავიცავთ ყველა დაჩაგრული ადამიანის უფლებას და შევეწინააღმდეგებით მიწების უკანონოდ გასხვისებას.